უჩა სოსიაშვილი: ჩემპიონობა? ვერ მოგატყუებთ!..

AutoSharing Option
გორის "დილა", ბევრისთვის მოულოდნელად საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი რომ უჭირავს, ახალი სეზონისთვის სამზადისს 8 იანვარს დაიწყებს.

გორელთა ასეთი კარგი თამაში პირველ წრეში მართლაც სიურპრიზი იყო. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 25 წლის უჩა სოსიაშვილის სახით, ქართულ ფეხბურთს ძალიან საინტერესო, თვითმყოფადი სპეციალისტი ეზრდება.

საყურადღებოა, რომ "დილამ" ეს შედეგი მთელი რიგი ხელისშემშლელი ფაქტორების ფონზე აჩვენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდმა რამდენიმე შეხვედრა დისკვალიფიცირებული ლიდერების (მათ შორის - მწვრთნელისაც) გარეშე გამართა და ამასთან ერთად, ერთგული ქომაგიც მოისაკლისა.

"ლელო" გორელთა
დამრიგებელს გუნდის მომავალზე ესაუბრა. საინტერესოა, როგორი განწყობაა ამჟამად ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში და რა გეგმები აქვს "დილას" ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის.

- უპირველეს ყოვლისა, მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს და "ლელოს" მკითხველს. ხვავსა და ბარაქას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას.

- როდის დაიწყებს "დილა" სამზადისს სეზონის განახლებისათვის?
- 8 იანვარს გორში შევიკრიბებით.

- ცხადია, გაძლიერებას გეგმავთ. რომელი ფეხბურთელები მოვლენ "დილაში"?
- გადაწყვეტილია გიორგი თექთურმანიძის საკითხი. ეს უკვე იცის თქვენმა მკითხველმა. შეგვიძლია გადაწყვეტილად ჩავთვალოთ ცენტრალური მცველისა და ასევე, ცენტრალური ნახევარმცველის საკითხიც, ოღონდ ამ ფეხბურთელებთან ჯერ კონტრაქტები არ გაგვიფორმებია და მათი ვინაობის დასახელებას მოვერიდები. ამასაც მალე გაიგებთ.

- ცენტრალური მცველისა რა გითხრათ, მაგრამ ის კი შევიტყვეთ, რომ თქვენ მიერ შეგულებული ნახევარმცველი ექსსამტრედიელი გიორგი მელქაძეა...
- მართალი ხართ. იმედი მაქვს, ეს ფეხბურთელი ჩვენს შუა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

- როგორც ვიცით, "დილა" თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება...
- 28 იანვრამდე გორში ვივარჯიშებთ. გვექნება ერთკვირიანი შეკრებაც. ამის შემდეგ გავემგზავრებით თურქეთში.

- სპარინგ-პარტნიორები უკვე შეარჩიეთ?
- ეს საკითხი ამ დროისთვის მოლაპარაკების ფაზაშია. არაერთი კარგი გუნდი იქნება თურქეთში - ჩვენი დონისაც და უფრო ძლიერებიც. ვეცდებით, ძლიერი სპარინგები შევიგულოთ.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თურქული შეკრების მსვლელობისას ლეგიონერებიც გასინჯოთ?
- შეკრებაზე არა, მაგრამ საქართველოში იგეგმება ერთი ლეგიონერის ჩამოსვლა.

- თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ მის შესახებ...
- ის "დილაში" გასასინჯად არ მოდის. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კონტრაქტის პირობებზე ადგილზე უნდა მოვილაპარაკოთ. სწორედ ამ მოლაპარაკებისთვის ჩამოდის ბრაზილიელი ფეხბურთელი საქართველოში. ის ამპლუით ფორვარდია, კარგი თავდამსხმელია. თუ მისი დამატება მოხერხდა, ეს "დილას" მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

- გუნდის მიზანზეც უნდა გკითხოთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს საქართველოს ჩემპიონობა უნდა იყოს...
- ვერც თქვენ მოგატყუებთ და ვერც "დილას" იმ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომასაც ჩვენი გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში გრძნობს. საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას შესაბამისი მომზადება, პირობები და გაძლიერება სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ საამისოდ მზად.

- ევროტურნირებზე მოსახვედრად?
- საქართველოს ჩემპიონატი ახლა ძალიან თანაბარია. ჩვენ ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯებით და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ევროტურნირების საგზურის მოპოვებას მოვახერხებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ამ ბიჭს.არ არის უტაქტო,რეალურად ხედავს სიტუაციას და ასრულებად გეგმებს ისახავს.
ისე კი ფაქტიურად პირველ შვიდეულს აქვს საკმაოდ დიდი მოტივაცია (ქულებიდან გამომდინარე) იბრძოლოს ჩემპიონობისათვის ხოლო პირველ ათეულს კი საპრიზოსათვის. ეს უკვე ცოტა არაა, ამდენ კლუბს რომ აქვს შანსი და მოტივაცია საპრიზო ადგილისათვის ირბძოლოს,ეს 12 კლუბიან ჩემპიონატში ვერაფრით ვერ მოხდებოდა.
სიტუაცია ახლა ისეთია რომ ამ გადაადგილებების შემდეგ არც დინამოს შესაძლებლიბები არის გარკვეული, ასე რომ უმთავრესი საჩემპიონო კანდიდატები მაინც დილა და სამტრედია რჩებიან და მათ გევრდითაა დინამოები ბათუმ-თბილისის
ჯანგო
01:15 08-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული