ალეკო გოგობერიშვილი: "ასტონ ვილა" რომ გამოსულიყო...

AutoSharing Option
37 წლის ალეკო გოგობერიშვილი ფეხბურთს თავდადებით ემსახურება. პირველ წრეში ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ბოლნისის "სიონისთვის" და მთელ რიგ მატჩებში დიდი სარგებლობაც მოუტანა ლადო ბურდულის გუნდს.

გოგობერიშვილის დარი მოთამაშეები დღეს ბევრი არ გვყავს. გადავწყვიტეთ, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ვეტერანს გავსაუბრებოდით. მას არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია. ყველაზე წარმატებული პერიოდი თბილისის "დინამოში" ჰქონდა. ამას გარდა, გოგობერიშვილმა უცხოეთშიც ("ანჟი", "ბაქი", "ყარაბაღი", ბაქოს "ოლიმპიკი") გააგორა ბურთი.

მოკლედ, "ლელოს" ინტერვიუ ალეკო გოგობერიშვილთან...

- ალეკო, დღეს ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელსაც კი უჭირს სათამაშო სტიმულის პოვნა. 37 წლის ასაკში
როგორ ახერხებთ ამას?

- ფეხბურთი ჩემი პროფესიაა, ჩემი საქმეა. მე ის მიყვარს მთელი ჩემი არსებით. ვგრძნობ დიდ სტიმულს, დიდ სიყვარულს და ყველა მატჩისთვის ისე ვემზადები, როგორც ახალგაზრდა, დამწყები ფეხბურთელი.

- სადამდე აპირებთ თამაშს?
- კიდევ რამდენიმე წელიწადს არ ვაპირებ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობამაც შემიწყო ხელი. ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. ვითამაშებ მანამ, სანამ ჯანი მექნება და ფეხბურთისთვის საჭირო ვიქნები.

- როგორ ფიქრობთ, რომელ გუნდში იყო თქვენი კარიერის პიკი?
- ყველა გუნდში გატარებული დრო, სადაც კი მითამაშია, კარგად მახსენდება. მაინც თბილისის "დინამოს" გამოვყოფ - ამ კლუბში ყველაფერი მოვიგე.

- არაერთ შესანიშნავ სპეციალისტთან გიმუშავიათ. მათგან რომელს გამოარჩევდით?
- დავით ყიფიანთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. იმავეს ვიტყვი ივო შუშაკზე. არ იქნება, თემურ მახარაძეც არ ვახსენოთ - 20 წლის, სრულიად გამოუცდელ ბიჭს მენდო, როცა თბილისის "მერანში" მოვხვდი.

- ფაქტია, თქვენი თაობის ბევრმა ფეხბურთელმა აიწყო უცხოური კარიერა. ნუთუ, არ შეგეძლოთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მეტისთვის მიგეღწიათ?
- ფეხბურთელის ცხოვრება ერთი გამართლება, ერთი წამია. ფაქტია, ისეთი არ გამოვიდა ჩემი უცხოური კარიერა, როგორსაც ვისურვებდი. შეიძლება, ზუსტად მაშინ ვერ ვითამაშე კარგად, როცა მენეჯერი ჩამოვიდა და მაკვირდებოდა... ბედს მაინც არ ვემდური, თუმცა იყო არაერთი, თან ძალიან სერიოზული ვარიანტი.

- ახლა ამაზე საუბარი შეიძლება. რომელზე ამბობთ?
- ვლადიმერ გუცაევი იყო მაშინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. ინგლისს გასვლაზე 0:0 ვეთამაშეთ. "ასტონ ვილას" ჩემი აყვანის სურვილი გაუჩნდა. ეს პირველი სანაკრებო მატჩი იყო ჩემთვის. პატარა ბიჭი ვიყავი და ვინ იცის, ეს ტრანსფერი რომ გამოსულიყო, როგორ წავიდოდა ჩემი საქმე...

თუმცა კიდევ გეუბნებით - ღმერთმა დამიფაროს, ბედს დავემდურო! მით უმეტეს, დღესაც ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. გახსენება კი უკვე შეიძლება იმ ძველი ამბების.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ არ გამოვიდა "ასტონ ვილას" ვარიანტი. სხვა დროსაც ყოფილა შემოთავაზებები სერიოზული კლუბებისგან, მაგრამ... ასე აეწყო.

- ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარეთ....
- მეც ბევრი მიფიქრია ამაზე. ასეთი პასუხი მაქვს - მაშინ საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობდნენ. განსაკუთრებით დიდი იყო კონკურენცია ჩემს პოზიციაზე. დამეთანხმებით, ობიექტური გარემოებაა.

- რას ეტყოდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს?
- ვურჩევდი, უზომოდ უყვარდეთ ფეხბურთი.

- თქვენს ამჟამინდელ კლუბზე, ბოლნისის "სიონზეც" ვთქვათ...
- კონტრაქტი დამიმთავრდა, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, აქვე გავაგრძელო კარიერა. პირველ წრეში გუნდმა ვერ აჩვენა შესაბამისი შედეგი და ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია. "სიონს" ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მაღალი მიზნები დაისახოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სადმე წერია რა პოზიციაზე თამაშობს ეს ფეხბურთელი თუ მე გამომრჩა??
ოდალა
03:28 10-01-2015
0
ასტონ ვილა რო გამოსულიყო და დ აბადრიჯანს რო ფრტები ქონოდა D:D:D::D
ეეეჰ რ ავიცვი რავიცი
lamer i
10:40 10-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული