არახალია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" კაპიტანი თენგიზ ჩიკვილაძე დაუბრუნდა. პირველი ეტაპის შემდეგ წასული მოთამაშეებიდან გუნდში დარჩენა კიდევ ერთმა გადაწყვიტა.
"საერთო ჯგუფში უკვე ბექა ტუღუშიც ვარჯიშობს, რომელსაც კონტრაქტი ასევე დასრულებული ჰქონდა. სავარაუდოდ, მასთან და ჩიკვილაძესთან ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გავაფორმებთ", - გვითხრა "ტორპედოს" მენეჯერმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რამაზ ჩხიკვაძემ.
ამას გარდა, შევიტყვეთ, რომ გუნდი ორმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ დატოვა - ნახევარმცველმა თემურ მარკოზაშვილმა და მცველმა ზურაბ გელაშვილმა.
"ტორპედოს" ფანკლუბის წევრებმა ამ ფაქტით უკმაყოფილება ინტერნეტგვერდზე გამოხატეს: "ამ ფეხბურთელებს არაერთი შეთავაზება
ზაფხულშივე გამოჩნდნენ ევროსარბიელზე მოთამაშე კლუბები და ამ ბიჭებს გამზადებული კონტრაქტები დაუდეს, თუმცა ისინი კვლავ "ტორპედოში" დარჩნენ - იქ, სადაც იმ დროს სრული გაურკვევლობა სუფევდა და მწვრთნელებიც ნაკლებად ენდობოდნენ.
თუმცა, რაც კი ითამაშეს, მათზე აუგი არავის ეთქმის. წარსულ დამსახურებებს თავი რომ დავანებოთ, ეს ბიჭები საქართველოს 21 და 19-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას დაიცავენ და დიდი შანსია, მათით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. მათი გაყიდვით ქუთაისის "ტორპედო" არ იხეირებდა?!."
ჩხიკვაძეს კომენტარი ამ საკითხზეც ვთხოვეთ:
"ჩვენ ეს ფეხბურთელები არ გაგვიშვია. მათ კონტრაქტები დაუმთავრდათ და ახალი შევთავაზეთ, მაგრამ ბოლო ვარჯიშზე აღარ გამოჩენილან. შესაძლოა, ჩვენი პირობები არ მოეწონათ ან უკეთესი წინადადება მიიღეს".
"ლელო" ორივე ფეხბურთელს დაუკავშირდა.
ფოტოზე: თემურ მარკოზაშვილი (მარცხნივ)
"კონტრაქტები მართლაც შემოგვთავაზეს, ჩვენ არავის გავუშვივართ, მაგრამ მეც და გელაშვილიც წამოვედით, რადგან ახალ წინადადებას ველოდებით.
არ დავმალავ, ცხინვალის "სპარტაკიც" გვიწვევს და ფოთის "კოლხეთიც". ალბათ, ფოთში წავალ. მერე კი, ზაფხულში, იმედია ევროპაში წასვლასაც შევძლებ", - ამბობს მარკოზაშვილი.
გელაშვილს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ითამაშებს:
ფოტოზე: ზურაბ გელაშვილი 19-წლამდელთა ნაკრებში
"ქუთაისელებთან პირობებზე ვერ შევთანხმდი და ამიტომ სხვაგან თამაში ვამჯობინე. 18 წლის ვარ და ახლა მინდა პრაქტიკა, რომ გავიზარდო და მაღალ დონეზე ვითამაშო.
ცხინვალის "სპარტაკი" და ფოთის "კოლხეთი" მართლაც მიწვევენ, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი, კონტრაქტს რომელ კლუბთან გავაფორმებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"