შეხვედრას დაესწრნენ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი რევაზ რობაქიძე, პარლამენტარი შალვა კიკნაველიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, "ზესტაფონის" ყოფილი პრეზიდენტი ილია კოკაია და კლუბის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ზესტაფონში ფეხბურთის გადარჩენა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ამ ქალაქში ფეხბურთი არამც და არამც არ უნდა მოკვდეს. ამის მიუხედავად, ჯერაც უცნობია,
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარისთვის "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით:
- განიხილეს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თავდაპირველად, ზესტაფონში არსებულ საკლუბო ინფრასტრუქტურაზე გეტყვით. ძირითადად, აქ იგულისხმება ბაზა და სტადიონი. ამასთან დაკავშირებით, განხილულ იქნა რამდენიმე ვარიანტი. მათ შორის, როგორც ინფრასტრუქტურის სახელმწიფოსთვის სრულად გადაცემის საკითხი, ისე - ერთობლივი მფლობელობის ვარიანტიც.
ეს საკითხი კიდევ უნდა შეისწავლონ და, ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. კლუბი მზადაა სტადიონისა და ბაზის სახელმწიფოსთვის გადასაცემად. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს ეს პროცესი.
ეს ბაზაც და ეს სტადიონიც ზესტაფონის სიმდიდრეა და ამ ქალაქს უნდა დარჩეს, ოღონდ ჩვენ გვაქვს ერთი პირობა - როგორც სტადიონის, ისე ბაზის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთისთვის და უნდა დამთავრდეს ის, რაც დასამთავრებელია.
მოგეხსენებათ, "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოა ჩატარებული, თუმცა ის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. გარდა ამისა, სტადიონსაც მუდმივი მოვლა-პატრონობა სჭირდება...
ალბათ, "ლელოს" მკითხველს ყველაზე მეტად გუნდთან დაკავშირებული საკითხი აინტერესებს. ილია კოკაიამ შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი კონკურენტი კლუბების დაფინანსება ხდება სახელმწიფოს ბიუჯეტში მის მიერვე გადახდილი თანხიდან, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ასეთ რეალობაში კოკაია აღარ აპირებს "ზესტაფონის" დაფინანსების გაგრძელებას.
"ზესტაფონის" ექსპრეზიდენტმა განაცხადა ისიც, რომ თუ კლუბები სახელმწიფოს მიერ დაფინანსდებიან, ეს უნდა მოხდეს სამართლიანობის პრინციპის დაცვით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა კლუბი ერთნაირად უნდა დაფინანსდეს.
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ყველაზე მეტად გულშემატკივარს ახლა ის აინტერესებს, რა ბედი ელის "ზესტაფონს"?
- ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ თავად შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი.
ამის მიუხედავად, ჯერაც ბუნდოვანია, ითამაშებს თუ არა "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტემპით გადაიდგმება ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან.
შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ "ზესტაფონი" და სახელმწიფო სექტორი ერთმანეთთან მუდმივ კავშირს შეინარჩუნებენ.
* * *
მოკლედ, წავა თუ დარჩება ილია კოკაია ქართულ ფეხბურთში? ეს კითხვა ახლა ძალიან აქტუალურია. მან ადრეც რამდენჯერმე განაცხადა წასვლის თაობაზე, თუმცა მაშინ მის განცხადებებში ემოციური ფონი სჭარბობდა. ახლა საქმე გაცილებით სერიოზულადაა. მას ნამდვილად უნდა წასვლა, თუმცა ბევრი რამ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"