თბილისის "დინამო": მზადება, სპარინგები, ტრანსფერები

AutoSharing Option
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "საშუალედო ეტაპი" წარმატებით დაამთავრა: საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტულიც მოიპოვა, თასზეც აგრძელებს ბრძოლას (მეოთხედფინალში გავიდა) და 2014 წლის უკანასკნელ ოფიციალურ შეხვედრაში "ჩიხურას" ძლევით საქართველოს სუპერთასიც დაისაკუთრა.

მოკლედ, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ თბილისის "დინამოს" თავკაცის, კახა გოგიჩაიშვილის სამწვრთნელო დებიუტი წარმატებულად მივიჩნიოთ. მით უფრო, იმის ფონზე, რომ მან "დინამოს" ძირითადი გუნდი სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩაიბარა.

"საშუალედო ეტაპის" წარმატებით ჩამთავრება სულაც არ ნიშნავს სეზონის ტრიუმფით დასრულებას და "დინამოც" 10 იანვრიდან შეუდგა ვარჯიშს ჩემპიონატის მეორე
წრისათვის. უფრო ზუსტად, გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე 10 იანვარს შეიკრიბა, თორემ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მანამდეც ვარჯიშობდა მწვრთნელების მიერ ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამით.

"დინამო" ორი კვირის განმავლობაში დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება და თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე თბილისში ორ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს: სავარაუდო სპარინგ-პარტნიორები კი პირველი ლიგის გუნდი სტუ და დინამოელთა ძველი და პრინციპული მეტოქე "ვიტ ჯორჯია" იქნებიან.

აი, 26 იანვრიდან კი "დინამო" თურქულ შეკრებას დაიწყებს და ანტალიაში 10 თებერვლამდე დარჩება. თურქული შეკრების დროს არ არის გამორიცხული გუნდში ახალწვეულთა გამოჩენა-დაკვირვებაც, რომელთაგან საუკეთესოებიც მეორე წრიდან "დინამოს" ღირსებას დაიცავენ.

"დინამოში" უკვე ჩარიცხულ თუ სავარაუდო ახალწვეულებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი იმას ვიტყვით, რომ ანტალიაში ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს სოლიდური სპარინგ-პარტნიორები ეყოლება. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიულ "შტურმს", ჩეხეთის "სპარტას", სლოვენიურ "დომჟალესა" და უკრაინულ "ვორსკლასა" თუ "ილიჩევეცს" ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სუსტ მეტოქეებად. მით უმეტეს, რომ იგივე "სპარტა" თუ "დომჟალე" თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატებში ზამთრის პაუზას პირველ ადგილზე შეხვდნენ.

ახლა კი "დინამოს" სატრანსფერო "აქტივობაზეც". ფეხბურთის გულშემატკივართათვის უკვე ცნობილია, რომ პირველი წრის, უფრო ზუსტად, სუპერთასის მატჩის შემდეგ "დინამოდან" წავიდნენ: 30 წლის მეკარე ომარ მიგინეიშვილი, 22 წლის მარჯვენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი, 33 წლის ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი, 21 წლის მარცხენა მცველი დავით საჯაია, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი ძარია, 23 წლის თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და 19 წლის ფორვარდი დავით ჯიქია;

ცალკე უნდა აღვნიშნოთ 34 წლის ჩისკოს წასვლა, რომელიც არა მხოლოდ "დინამოს", არამედ, საერთოდ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს დააკლდება.

ასეთი დანაკლისი, მოგეხსენებათ, სულ მცირე, "ადეკვატური" შევსებით უნდა აღმოიფხვრას და "დინამოც" ერთობ აქტიურად მუშაობს ქართულ (და არამარტო) სატრანსფერო ბაზარზე. ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ უკვე "დინამოს" სრულფასოვან წევრად შეგვიძლია მივიჩნიოთ 29 წლის სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა, რომელიც ბოლო წლებში უკრაინაში, კერძოდ, ზაპოროჟიეს "მეტალურგში" გამოდიოდა.

რაც შეეხება პოტენციურ ახალწვეულებს, დღესდღეობით "დინამოს" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობენ ვაჟა ტაბატაძე, ოთარ კიტეიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ბექა მიქელთაძე, ჯაბა უგულავა, ჯონი ჯერემია და ჯაბა ჯიღაური.

ეს შვიდი ფეხბურთელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "დინამოსთან" ერთად ემზადება და ამათგან რომელი გააგრძელებს კარიერას ჩემპიონატის ლიდერ გუნდში, ეს ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა. თუმცა, იმათგან ორი ფეხბურთელის "დინამოში" ჩარიცხვა თითქმის გადაწყვეტილია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტაბატაძე და ჭანტურიშვილი მეორე წრეს ახალ გუნდში დაიწყებენ.

23 წლის ვაჟა ტაბატაძე ამპლუით მარჯვენა მცველია და თავის პოზიციაზე საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა (პირველ წრეში "ტორპედოს" შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა).

ასევე ერთ-ერთი გამორჩეულია თავის ამპლუაში 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი (პირველ წრეში - 14 მატჩი და 1 გოლი), რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში "ზესტაფონის" შეუცვლელ ფეხბურთელად და ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.

ძალიან საინტერესო ფეხბურთელია 18 წლის ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც პირველ წრეში მშობლიური ქალაქის გუნდში ("მეტალურგში") მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა. სხვათა შორის, კიტეიშვილი სხვა გუნდების ინტერესის სფეროშიც არის მოქცეული და ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს უკრაინული "დნიპრო" ცდილობდა ამ ნიჭიერი რუსთაველი ჭაბუკის გადაბირებას.

კიტეიშვილზე ერთი წლით უმცროსია ბექა მიქელთაძე - "ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი გია გეგუჩაძე პირველ წრეში ხშირად ენდობოდა ხოლმე 16 წლის ნიჭიერ ფორვარდს;

აი, რაც შეეხება ჯაბა უგულავას, 22 წლის ფორვარდს ქართველი გულშემატკივარი "სიონიდან" იცნობს და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფეხბურთელს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში;

21 წლის ჯონი ჯერემიაც არ არის უცხო ქართველ ქომაგთათვის - ნიგერიელ გარემარბს სამწლინახევრის წინათ "გაგრაში" მართლაც ჩინებული დებიუტი ჰქონდა, თუმცა მერე ტრავმა მიიღო და ოპტიმალურ ფორმაში მხოლოდ ამ სეზონის პირველ წრეში შევიდა, როცა ისევ "გაგრაში" გამოჩნდა (პირველ ლიგაში).

22 წლის ჯაბა ჯიღაური კი სულაც "დინამოს" აღზრდილია და უმაღლეს ლიგაში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა; ეგ კი არა, 2011/12 წლების სეზონში "დინამოს" ძირითადის ფეხბურთელიც გახლდათ; თუმცა მერე ისე მოხდა, რომ ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, ბოლო წელიწად-ნახევარი კი იჯარით "ჩიხურაში" გაატარა და საჩხერელთა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეც გახდა.

აი, ეს არის ჯერჯერობით "დინამოს" სატრანსფერო სიახლეები. თუმცა ამ სიახლეებს გაგრძელება უთუოდ ექნება...

დაბოლოს, "დინამოს" ახალ კაპიტანთან დაკავშირებით. ვწერდით, რომ ჩისკოსგან სამკლავური შეიძლება ნიკა ჭანტურიამ გადაიბაროს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს. კაპიტნის ვინაობა თურქული შეკრების შემდეგ გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
imedia dinamo pirvelze gava ogond batumis
zaqro
16:10 13-01-2015
0
სულ ერთიდაიგივე ფეხბურთელები რომ აგყავთ, იქნებ არსებობენ ნიჭიერი ფეხბურთელები და არ იცით, გასინჯეთ სხვებიც და სხვებსაც მიეცით შანსი. მარტო ნაცნობობით რომ ხდება შერჩევა. რა უბედურებაა,
kato
16:32 13-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული