მარტვილის "მერანი" გაზაფხულს სტადიონით, სასტუმროთი და ახალი ეკიპირებით ხვდება

AutoSharing Option
ფოტოზე: მარტვილის განახლებული სტადიონი

"მერანი" საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდი ამჟამად მარტვილშია და ცენტრალურ სტადიონზე ახალდაგებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობს.

ცნობილია, რომ კარიერას სამტრედიაში გააგრძელებს დავით ბოლქვაძე. მის გარდა, გუნდი ასევე დატოვეს დათა წულაიამ, თენგო ხარჩილაძემ და ბესიკ ჩიმაკაძემ.

რაც შეეხებათ ახალწვეულებს, გუნდს უკვე შეუერთდნენ ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელები - ირაკლი ციცხვაია, ვაჟა ქიქავა და მიხეილ ქაჯაია ("დინამო 2"), ხარაგაულის "ჩხერიმელადან" დავით პეტავა, ოზურგეთის "მერცხალიდან" ირაკლი მალაზონია და 18 წლის უკრაინელი ევგენი კუშნისი, რომელიც "ტავრიას" მეორე გუნდში თამაშობდა.

აღსანიშნავია ლანჩხუთის "გურიიდან" საბა
ლომიას
ტრანსფერი. ის წლების წინ "მერანში" უკვე თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც. კლუბთან ერთად ვარჯიშობს გიორგი ბეგაშვილიც, რომელიც გასულ წელს იჯარის წესით "სამტრედიაში" ასპარეზობდა.

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე "მერანი" საკუთარ მოედანზე ორ შეხვედრას გამართავს - 23 იანვარს ფოთის "კოლხეთთან", ხოლო 29 იანვარს - ზუგდიდის "ლაზიკასთან".

"მერანი" შეკრების მეორე ეტაპს 31 იანვარს, ანტალიაში დაიწყებს და 13 თებერვლამდე იქ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. მეტოქეთა ვინაობა ახლა ზუსტდება.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მოკლე კომენტარი გააკეთა გუნდის მწვრთნელმა შალვა ღონღაძემ:

"ჩვენთან ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემა იყო, არ ვიცოდით, სად გვევარჯიშა და სად - გვეთამაშა. ახლა ეს პრობლემა მოგვარდა. სტადიონი უკვე მზადაა და უმაღლესი ლიგის მატჩებსაც შინ ჩავატარებთ.

ამას გარდა, თებერვლის დასაწყისისთვის გვექნება კეთილმოწყობილი, კომფორტული სასტუმრო რაიონის ცენტრში. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ფეხბურთელებს "ჯომას" ფირმის ახალი ეკიპირება დაურიგდათ.

რაც შეეხება სავარჯიშო პროცესს, ამ ეტაპზე ფეხბურთელები ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ძირითადი ბირთვი შეკრულია. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ერთი ან ორი ფეხბურთელი დავიმატოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობა ბატონ ფრიდონ ინჯიას, რომლის დამსახურებაცაა ჩვენი მარტვილის "მერანის" არსებობაც და ასეთი წარმატებაც...
ილია ერქვანია
07:39 22-01-2015
0
მერანს,წარმატებებს უსურვებ.
კახა
15:22 19-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული