რუსთავის "მეტალურგში" კვლავაც გაურკვევლობაა

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა კაჭარავა და ვარლამ კილასონია "ცხინვალი"-"მეტალურგის" საკონტროლო მატჩის დროს

"მეტალურგის" უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაზე ყველამ ყველაფერი იცის. დრო გადის და რუსთაველთა საყვარელი გუნდის მდგომარეობა სასიკეთოდ მაინც არ იცვლება.

ყოველივე ამის მიუხედავად, "მეტალურგმა" პირველი წრეც წარმატებულად ჩაატარა (მოუმზადებელი და უფულო გუნდი ზამთრის პაუზას VI ადგილზე შეხვდა) და მეორე წრისთვის მზადებასაც შეუდგა. თუმცა ძნელია "მზადება" დავარქვათ იმ პროცესს, რაც დღესდღეობით "მეტალურგშია": სრული გაურკვევლობის პირობებში ჯერჯერობით ძალიან ძნელი სათქმელია, რა შემადგენლობით იასპარეზებენ რუსთაველები მეორე წრეში.

ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით, "მეტალურგი" ჯერ კიდევ 26 დეკემბრიდან
ვარჯიშობს და ახლახან პირველი სპარინგიც ჩაატარა: თბილისში "ცხინვალს" ესტუმრა და 0:4 წააგო.

"მეტალურგმა" ამ სპარინგ-მატჩში ასეთი შემადგენლობ(ებ)ით იასპარეზა:

I ტაიმი: რენან ვიეირა - ლ. მჭედლიშვილი, ვ. კილასონია (უმცროსი), ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი - ჯოხაძე, სარიშვილი, სტეფნიაშვილი, ტორონჯაძე, ექვთიმიშვილი - სიხარულიძე.
II ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ: ჩალიგავა, გ. გურეშიძე, თურმანიძე, მიქაუტაძე, ვასაძე, გაბაშვილი, ხაბელაშვილი, ლინკოლნი, მიქელაძე, გუჯაბიძე, პაქსაშვილი, გოცაძე, ლომიძე.

ამათგან ორმა პოტენციურმა ახალწვეულმა, მეკარე რენან ვიეირამ და ფორვარდმა ჟოზე ლინკოლნმა (პირველ წრეში "ჭიათურაში" გამოდიოდა) "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელს თავი ვერაფრით მოაწონეს და გუნდსაც დაემშვიდობნენ.

სხვა პოტენციური ახალწვეულების ბედიც უახლოეს დღეებში გაირკვევა, ისე, როგორც "ცხინვალთან" მატჩში მონაწილე სხვა ფეხბურთელებისა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში "მეტალურგის" შემადგენლობაში გამოჩნდნენ 18 წლის ადგილობრივი ფეხბურთელები (ლაშა პაქსაშვილი, ავთო გუჯაბიძე, ბაჩანა მიქელაძე, გიორგი გოცაძე, მიხეილ ლომიძე), რომლებიც ჯერ კიდევ "გუშინ და გუშინწინ" წარმატებით გამოდიოდნენ "ჭაბუკთა ლიგაზე".

"ცხინვალთან" საკონტროლო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "მეტალურგის" ყველაზე სტაჟიან წევრსა და გამოცდილ მეკარეს, გრიგოლ ბედიაშვილს; ასევე, ორ წამყვან ფეხბურთელს - დაჩი ცნობილაძესა და გიორგი კილასონიას.

შეგახსენებთ, რომ "მეტალურგი" დატოვეს გიორგი ქავთარაძემ (ბათუმის "დინამოში" გადავიდა), გიორგი ალავერდაშვილმა და ირაკლი ხუჭუამ; ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი კახაბერ კაკაშვილის "ჩიხურაში" ჩარიცხვის საკითხიც; როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უახლოეს დღეებში სინჯებზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელს "მეტალურგის" დატოვება მოუწევს; მომდევნო სპარინგ-მატჩს კი რუსთაველები, სავარაუდოდ, 22 იანვარს "დილასთან" ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული