ზაზა ზამთარაძე: გრიგალაშვილებიც და მორჩა, "სამტრედია" დაკომპლექტებულია!

AutoSharing Option
"სამტრედია" საგაზაფხულო ეტაპისთვის თბილისში ემზადება. ცნობილია, რომ გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. წავიდნენ ლაშა ქებაძე, ბიჭიკო გედენიძე, აკაკი ჯანელიძე, ილია პავლიაშვილი, აკაკი დვალიშვილი და გიორგი მელქაძე.

სამტრედიელებმა კონტრაქტები გაუფორმეს მეკარე რევაზ თევდორაძესა და ნახევარმცველ დავით ბოლქვაძეს, აგრეთვე, "ზესტაფონის" ფეხბურთელებს - ლევან შარიქაძეს და თავდამსხმელ თორნიკე კაპანაძეს. იმერული კლუბი კიდევ ორი ექსზესტაფონელის დამატებითაა დაინტერესებული: ლაპარაკია ცენტრალურ მცველ თედო გრიგალაშვილსა და მოგვარე ფლანგის მცველ თორნიკე გრიგალაშვილზე.

"სამტრედიის" მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე ამბობს, რომ შემადგენლობა, ფაქტობრივად, დაკომპლექტებულია:

"ახლა მხოლოდ "ზესტაფონის" ფეხბურთელების, გრიგალაშვილების საკითხი დაგვრჩა გასარკვევი.

საერთოდ, გაძლიერებაზე უარს არ ვიტყვით - საინტერესო ფეხბურთელი თუ გამოჩნდა, შესაძლოა, დავიმატოთ. მაგრამ ახლა, შეიძლება ითქვას, რომ წამსვლელთა საკითხიც გარკვეულია და მოსულებისაც".

"სამტრედია" შეკრებას ურეკში გეგმავდა და პირველი საკონტროლო შეხვედრის გამართვასაც იქვე აპირებდა - 25 იანვარს ფოთის "კოლხეთს" უნდა შეხვედროდა, მაგრამ სამტრედიელთა გეგმები შეიცვალა და გადაწყდა, რომ გუნდი პირდაპირ თურქეთში გაემგზავრება.

"სამტრედიას" დამრიგებელი მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზეც გველაპარაკა:

"მზადება 8 იანვარს განვაახლეთ და ახლა თბილისში ვვარჯიშობთ.

გუნდი სასტუმრო "ბომონდ გარდენშია" დაბინავებული. დილით ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრში შევდივართ, საღამოობით კი - თბილისის "ლოკომოტივის" საგურამოს ბაზაზე. ფეხბურთელებს დღეში ორჯერადი დატვირთვები აქვთ და პარალელურად, საკონტროლო შეხვედრების ჩატარებასაც ვგეგმავთ.

თბილისში აჩაბეთის "ლიახვთან" გადავწყვიტეთ სპარინგი, 25 იანვარს კი ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" ვეთამაშებით".

ზამთარაძემ თურქული შეკრების დეტალებიც გაგვიმხილა:

"თბილისში გასამართი საკონტროლო შეხვედრების შემდეგ, 26 იანვრიდან ფეხბურთელებს ორი დღე დავასვენებთ, 28 იანვარს, ღამით კი ბელექში გავემგზავრებით, სადაც 10 თებერვლამდე მოვემზადებით და ოთხ საკონტროლო შეხვედრასაც ჩავატარებთ.

მეტოქეთა ნაწილიც ცნობილია. 4 თებერვალს მოლდოვური ფეხბურთის ლიდერს, ტირასპოლის "შერიფს" შევხვდებით, 7-ში - რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ პერმის "ამკარს", 10-ში კი - რიგის "სკონტოს". მიმაჩნია, რომ კარგი სპარინგები გამოვა, რაც ჩვენი სპორტული დირექტორის, დავით მუჯირის კავშირების საშუალებით მოხერხდა.

კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი 1-ელ თებერვალს დავგეგმეთ, მოლაპარაკება რამდენიმე გუნდთან მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ საკითხი არ გადაწყვეტილა და მეტოქეს ვერ დავაკონკრეტებ".

საქართველოში დაბრუნების შემდეგ "სამტრედიას" ფეხბურთელები ორ დღეს დაისვენებენ და მზადებას 13 თებერვალს, შინ განაახლებენ. 18 თებერვალს, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი სეზონს საქართველოს თასის მატჩით განაახლებს - მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ზამთარაძის გაწვრთნილები "ეროსი მანჯგალაძეზე" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამტრედიას გაუმარჯოს
melo
17:53 23-01-2015
0
ზესტაფონზეც დაწერეთ რამე აგარაფერი ხდება ახალი ?
G.Pique
17:31 23-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული