500 ათასი ქალაქისგან, ამდენიც კოკაიასგან! "ზესტაფონი" ჩემპიონატს არ დააკლდება

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია კოკაია

"ზესტაფონის" საქმე ახლა უკეთესადაა, ვიდრე ამ ცოტა ხნის წინ იყო. მართალია, კლუბში ჯერაც ბევრი რამეა დასალაგებელი, მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული პირველობას არ გამოაკლდება.

საქმე ასეა: ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბისთვის, ადრე შეგულებულ 300 ათას ლართან ერთად, დამატებით 200 ათასი ლარის მობილიზებაც მოახერხა. ამის შესახებ ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძემ განაცხადა.

"ილია კოკაიას ვესაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კლუბის ქონების ნახევარი გადმოეცემა ქალაქის მუნიციპალიტეტს, რათა იურიდიულად გვქონდეს ზესტაფონის დაფინანსების უფლება. კოკაიას წარმომადგენელი ადვოკატი იყო
ჩამოსული. ვისაუბრეთ ქონების გადანაწილების შესახებ და უკვე მზადდება შესაბამისი დოკუმენტები.

300 ათასი ლარი ადრევე გვქონდა გამოყოფილი ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, დამატებით კიდევ მოვიძიეთ 200 ათასი ლარი.

კოკაიას მხრიდან იყო დაპირება, რომ რამდენსაც გამოჰყოფდა ქალაქის ხელმძღვანელობა, ერთ იმდენს თავად გაიღებდა "ზესტაფონისთვის". მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ მილიონი ლარი უკვე გამონახულია.

ვიმედოვნებ, გუნდი არ დაიშლება და საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრეს ჩაამთავრებს. ამის შემდეგ კი დავსხდებით და კიდევ დავილაპარაკებთ იმის თაობაზე, თუ რას გავაკეთებთ და ამას აუცილებლად გაიგებს გულშემატკივარი. გუნდი არ დაიშლება", - განაცხადა მაღრაძემ.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონს" მე-9 ადგილი უჭირავს. გუნდში მხოლოდ გიორგი ილურიძეა დარჩენილი, რომელიც კლუბს ვერ გამოიცვლის, რადგან მიმდინარე სეზონში, "ზესტაფონის" გარდა, კვიპროსულ "ერმისშიც" ირიცხებოდა.

ცხადია, ჯერჯერობით გუნდი არ ვარჯიშობს. ამ ეტაპზე სეზონის განახლებისთვის ინდივიდუალურად მხოლოდ იმერული კლუბის დუბლშემადგენლობის ის ფეხბურთელები ემზადებიან, რომლებიც სხვა გუნდებში არ გადასულან.

უნდა ვივარაუდოთ, რომ შემადგენლობა, რომელიც ჩემპიონატის მეორე წრეში იასპარეზებს, ახალგაზრდული იქნება.

ამ მომენტისთვის, ისიც უცნობია, თუ ვინ იქნება "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი. აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში პირველად, გუნდის მიზანი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ცუდი სუნი უდის ამ გარიგებას. გუნდს მაინც არაფერი ეშველება, ფულს კი ადგილობრივი ოსტაპ ბენდერები გაინაწილებენ...
ზესტაფონი
12:01 27-01-2015
0
ინტელექტით, ადამიანობით, შეგნებით, ცხოვრების წესით ალეკო კაკაურიძე არის მაგარი კაცი და ვინც არ იცნობთ ნუ ილაპარკებთ მასზე. მე ამ კაცთან ბევრი რამე მაკავშირებს და უფლება მაქვს დავწერო ეს. ზესტაფონში და მტლიანად საქართველოში რომ არის ფეხბურთი, ეს ალეკოს და მისნაირების დამსახურებაცაა. არშეიძლება, ყველაფერზედაიბოღმო.
გიო
11:54 27-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული