იორდანესკუსთან გამოცდაზე - "სიონს" ულეგიონერო რუმინეთის ნაკრები ეთამაშება

AutoSharing Option
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ბოლნისის "სიონს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ორივე მხარე საბოლოოდ შეთანხმდა იმის თაობაზე, რომ 10 თებერვალს, თურქეთში გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში, ერთმანეთს რუმინეთის ეროვნული ნაკრები და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან.

უკვე გადაწყვეტილია, რომ "სიონი" 1-ელ თებერვალს წავა თურქეთში. 4 თებერვალს ბოლნისელები უზბეკურ "ლოკომოტივს" გაეჯიბრებიან, 8 თებერვალს კი - პერმის "ამკარს". რუმინელებთან დაგეგმილ სპარინგზე კი უკვე მოგახსენეთ.

ამასობაში, რუმინეთის ნაკრების გამოცდილმა დამრიგებელმა ანგელ იორდანესკუმ, ვისაც თავის დროზე საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგაც დაურაზმავს თავისი ქვეყნის ნაკრები, დაასახელა ის შემადგენლობა,
რომელსაც თურქულ შეკრებაზე იახლებს.

რუმინელები 3 თებერვალს მიემგზავრებიან ანტალიაში, იქ 15 თებერვლამდე დარჩებიან და ამ დროის განმავლობაში ჯერ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან (7 თებერვალი), სამი დღის შემდეგ - "სიონს", 14 თებერვალს კი შეკრებას მოლდოვის ნაკრებთან მატჩით დაასრულებენ.

როგორც ადრევე ვივარაუდეთ, რუმინეთის ნაკრები ანტალიურ შეკრებაზე ლეგიონერების გარეშე მიემგზავრება. ამის მიუხედავად, იორდანესკუს სიაში არაერთი ძლიერი ფეხბურთელია. სანამ რუმინელთა შემადგენლობაზე ვიტყოდეთ, შევნიშნოთ, რომ ბოლნისელთა ახალგაზრდა დამრიგებლისთვის, ლადო ბურდულისთვის დიდი სკოლა იქნება 64 წლის იორდანესკუსთან პაექრობა.

ახლა კი იმ ფეხბურთელებზეც ვთქვათ, რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში "სიონის" წინააღმდეგ რომ ითამაშებენ:

მეკარეები: სილვიუ ლუნგი (ასტრა), კრისტიან ბალგრადეანი (უნივერსიტატია), ვალენტინ კოჟოკარუ (სტიაუა);
მცველები: ანდრეი დუმიტრაში (უნივერსიტატია), კრისტიან მანრა (ვიტორული), პოლ პაპი (სტიაუა), სრგიან ლუჩინი (სტიაუა), სირგიუ მუტი (გაზ მეთანი), იონუტ ნედელჩეანუ (დინამო), ფლორინ ბეზანი (ტარგუ მურეში), სტელიანო ფილიპი (დინამო), ბოგდან ვატაჟელუ (უნივერსიტატია);
ნახევარმცველები: ადრიან პოპა (სტიაუა), ვალენტინ ლაზარი (დინამო), ალექსანდრუ ბურჩეანუ (სტიაუა), პაულ ანტონი (პანდური), ანდრეი პრეპელიცა (სტიაუა), ალექსანდრუ კრეტუ (იასი), კონსტანტინ ბურდესკუ (ასტრა), იოან ჰორა (ტარგუ მურეში), ფლორინ ტანასე (ვიტორული), კლაუდიუ ბუმბა (ასტრა)
თავდამსხმელები: კლაუდიუ კესერუ (სტიაუა), რაულ რუსესკუ (სტიაუა), მიჰაი რომანი (პანდურიი).

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ "სიონს" ურთულესი გამოცდა ელის. რუმინეთის ნაკრები მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. თუნდაც, "სტიაუას" ნაღები რად ღირს - გუნდისა, რომლის რეალური ძალა არცთუ დიდი ხნის წინ თბილისში ვნახეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული