ტორპედო-ფახთაქორი 0:1 - გიორგი დარასელიას კახა მახარაძემ აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთში მესამე ტესტ-მატჩი გამართა. ქართული გუნდის მეტოქე უზბეკეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, ტაშკენტის "ფახთაქორი" იყო. მატჩი უზბეკურმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

ეს გუნდი სისტემატურად თამაშობს აზიის ჩემპიონთა ლიგაში და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს. ამას გარდა, იქ ტორპედოელ ირაკლი კლიმიაშვილსაც უთამაშია, კაპიტნად კი 27 წლის კახა მახარაძე ჰყავს. წარსულში ბათუმისა და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელის, მალხაზ მახარაძის ვაჟი ამჟამად "ფახთაქორის" ერთადერთი ლეგიონერია.

პირველ ტაიმში გიორგი დარასელიას გუნდმა მეტოქეს ასე თუ ისე წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ თამაშის ამ ნაწილში მომენტები თითქმის არ
შექმნილა. უზბეკურ გუნდში მახარაძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მისით იწყებოდა და ვითარდებოდა "ფახთაქორის" შეტევები...

მეორე ტაიმში ტაშკენტელები ქუთაისელებზე სწრაფად ათამაშდნენ და ანგარიშიც გახსნეს: "ტორპედოს" მცველმა საკუთარ საჯარიმოში წესი დაარღვია და მახარაძემ უნაკლოდ შეასრულა პენალტი.

ამის შემდეგ უზბეკებს რამდენჯერმე შეეძლოთ სხვაობის გაზრდა. ერთ ეპიზოდში ფლანგური გარღვევის დაგვირგვინებას მახარაძე ცდილობდა, მაგრამ მისი თავური მიზანს მცირე მანძილით ასცდა, მორიგი მწვავე შეტევისას კი "ტორპედო" ძელმა იხსნა.

ქუთაისელებმა აქტიურად მხოლოდ მატჩის ბოლოს შეუტიეს და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ბუდუ ზივზივაძემ, ნიკა საბანაძემ, ზაზა ჭელიძემ და ბექა ტუღუშმა შანსებით ვერ ისარგებლეს. პლუს ამას, არბიტრმა საბანაძეს გოლი არ ჩაუთვალა.

საერთოდ, "ფახთაქორის" დონის მეტოქეებთან ჩვენი ფეხბურთელებისა და, ზოგადად, გუნდების ნაკლოვანებები ნათლად ჩანს - მოთამაშეები ბურთს ძნელად ელევიან, მაღალ ტემპში თამაში და სწრაფი შეტევების წამოწყებაც ძალიან უჭირთ. ამ კუთხით დარასელიასაც ბევრი სამუშაო აქვს.

ტორპედო: შეყრილაძე, ბანძელაძე, ჭელიძე, ადამაძე, ჩიკვილაძე, გოგიჩაიშვილი (46. ტუღუში), ვ. კილასონია (65. მირცხულავა), კირკიტაძე (76. კვასხვაძე), საბანაძე, კლიმიაშვილი, ვ. კვარაცხელია (60. ზივზივაძე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული