ბესიკ შეროზია: ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის ხარისხს ვერც ამჯერად დავუწუნებ

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" თურქულ შეკრებაზე მესამე ტესტ-მატჩი აზერბაიჯანის პირველი ლიგის მეოთხეადგილოსან "ყარადაგ ლოკბატანთან" გამართა.

ქართული კლუბის ვებგვერდის ცნობით, ბესიკ შეროზიას გაწვრთნილებმა პირველ ტაიმშივე არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და ბურთსაც დიდი უპირატესობით აკონტროლებდნენ. მათ სოლიდური ანგარიშით დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ... მაინც დამარცხდნენ - 0:2.

ზუგდიდელთა პრესსამსახურის მტკიცებით, მეტოქე საკმაოდ უხეშობდა, რის გამოც ვაკო ტყემალაძესა და ირაკლი ქობალიას სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, ხოლო შოთა ლომია სულაც შესაცვლელი გახდა.

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია (ეხვაია), წურწუმია, გუგუჩია, ლომია (კობერიძე), ქობალია.

"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი იმედგაცრუებული
იყო:

"საწყენია, თამაში შენი კარნახით რომ მიდის და მაინც აგებ. ბავშვური შეცდომების შედეგად დავისაჯეთ. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, ჩემი ბიჭების გარჯითა და თამაშით უკმაყოფილო არ ვარ.

ზედმეტად თამამი ვიქნები და ვიტყვი, რომ შედეგის მიუხედავად, ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის ხარისხს ვერც ამჯერად დავუწუნებ. ჩვენი მიზანია, წარმატებას ეროვნულ ჩემპიონატში მივაღწიოთ და მჯერა, ამას შევძლებთ კიდეც".

"ლელო" ზუგდიდელთა ახალწვეულს, მეკარე მინდია ბობღიაშვილს დაელაპარაკა:

"ყველამ იცის, რომ "ზუგდიდი" და ფინანსური პრობლემები ლამის სინონიმებად იყო ქცეული. ახლა ვითარება შეცვლილია, რადგან კლუბს მილიონი ლარი გამოუყვეს და თურქეთში მშვენიერ პირობებში ვემზადებით.

მთელი გუნდი ზუგდიდის მერს ემადლიერება, ამ კაცმა პრობლემები მოაგვარა და ყველამ ამოისუნთქა.

ვიცი, რომ მალე სტადიონის მშენებლობაც დაიწყება, კარგი ბიუჯეტითა და ინფრასტრუქტურით კი გუნდი წელში გამართული იქნება.

რაც შეეხება წლევანდელ მიზნებს: ახლა ბოლო ადგილზე ვართ და ჩვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ამიტომ ყველა თამაშზე საბრძოლველად უნდა გავიდეთ.

ახალი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ შეკრებაზე შევთამაშდებით და არა მგონია, ჩვენთან ვინმემ იოლი 3 ქულა დაგეგმოს. ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან და ამ გუნდს ბოლო ადგილი ნამდვილად არ ეკადრება.

რა თქმა უნდა, მწვრთნელის ფაქტორსაც ვითვალისწინებ: ბესიკ შეროზია კარგი პიროვნებაც არის და, ამავე დროს, ძალიან მომთხოვნიც. მას გუნდის მომზადებაც შეუძლია და ბიჭების ფსიქოლოგიურად "დაქოქვაც". ეს კი ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი საკითხია.

რასაც ვუყურებ, ვფიქრობ, კარგი გუნდი გვეყოლება და სეზონს ღირსეულად დავასრულებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Bobgi შე ყველაზე მაგარო
giorgi
19:39 10-02-2015
0
ki mara ra ikneba ertxel cudad itamashet da moiget,es imis dadasturebaa rom azerbaijanis pirveli ligis gundebsac ro ver ugebt,ra dgeshia kartuli fexburti,antaliashi ki ara mtvareze ro caikvanot es gundi meti araferi ician da ra knan
goga
21:59 10-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული