გია გურული: ნაუცბათევი და დაუფიქრებელი ნაბიჯებით გუნდის შენება გაუმართლებელია

AutoSharing Option
გია გურული პირველი ლიგის ბინადარ ხობის "კოლხეთს" გაწვრთნის. ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა თავად დაგვიდასტურა.

"კლუბის ხელმძღვანელი ჩემი მეგობარია. მან დახმარება მთხოვა და რატომაც არ დავუდგებოდი გვერდში?

რაც შემიძლია, გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი და ასე აღმოვჩნდი ხობის "კოლხეთში". სეზონის განახლებისთვის ურეკში ვემზადებით", - ამბობს გურული.

ხობელები პირველი ლიგის B ზონაში 24 ქულით მე-6 ადგილზე არიან და ლიდერ თერჯოლის "საპოვნელას" 14 ქულით ჩამორჩებიან. გურული წლევანდელ მიზნებზე გველაპარაკა:

"ახლა უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე ფიქრი არარეალურია. მე-6 ადგილზე ვართ და ლიდერებს საკმაოდ დიდი
სხვაობით ჩამოვრჩებით. ამიტომ მიზანი ისაა, რომ პირველ ლიგაში დარჩენილი მატჩები ღირსეულად ჩავამთავროთ და მომავალი სეზონისთვის საფუძველი ჩავყაროთ.

მერე კი აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა გავაკეთოთ, უახლოეს პერიოდში პირველი ლიგის გუნდებს კონკურენცია რომ გავუწიოთ და უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ".

გურული ამბობს, რომ ხობში ხანგრძლივი გეგმით მუშაობის სურვილი აქვთ:

"ნაუცბათევი და დაუფიქრებელი ნაბიჯებით გუნდის შენება გაუმართლებელია. ბევრჯერ გვინახავს, რომ კლუბს უცებ ფული უჩნდება და ამბიცია ემატება, მერე კი მოთამაშეებით გაძლიერებული უმაღლეს ლიგაში გადადის, მაგრამ...

არც ინფრასტრუქტურა, არც საკლუბო სტრუქტურები და არც გუნდზე მიბმული ბავშვთა ფეხბურთი - შედეგად, გუნდი ისევ დაბალ ლიგაში ბრუნდება.

ასეთ უაზრო საქციელს კლუბის განვითარების გონივრული გეგმების შედგენა აჯობებს. მდგომარეობიდან და ზოგადი სურათიდან გამომდინარე, ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა. ხობში ამის სურვილი არსებობს.

"კოლხეთს" საკმაოდ კარგი ტრადიციები ჰქონდა და ძლიერ ფეხბურთელებსაც ზრდიდა. გამგეობა და საკრებულო დაინტერესებულები არიან, რომ გუნდი გაძლიერდეს და საკუთარი აღზრდილებით გადავიდეს უმაღლეს ლიგაში. ეს კი რამდენიმეწლიან მუშაობას საჭიროებს".

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოსა" და "ლე ავრის" ყოფილი ფორვარდი კარიერის დასრულების შემდეგ სამენეჯერო საქმიანობას ეწეოდა. 2004-05 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალენ ჟირესის ასისტენტი, 2012 წელს კი - ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Xobshi tradicia aris didi fexburtis. Maxsovs qometiani,kacitaze,bakuraze,chimakaze,gvencaze..magari gundi iyo. Saqartvelos chempionebi gaxdnen 1988 wels.
tifozi
21:57 12-02-2015
0
ყველაზე გულიანი და პატიოსანი პროფესიონალი ჩაუდგა ხობელებს სათავეში!
vova
13:04 13-02-2015
0

სიახლეები პოპულარული