არადა, პირველი წრის საბოლოო ცხრილს თუ ჩახედავთ, არც "მეტალურგს" და არც "ზესტაფონს" კატასტროფული სატურნირო მდგომარეობა არა აქვთ... თუმცა სწორედ პირველი წრის მერე შეიცვალა ამ ორ გუნდში ბევრი რამ და უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, "მეტალურგმაც" და "ზესტაფონმაც" ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი სრულფასოვნად ვერ გაიარა.
"ზესტაფონის" სადღეისო მდგომარეობას კიდევ არა უშავს: გუნდში უამრავმა პოტენციურმა ახალწვეულმა მოიყარა თავი (მათ შორის, გამოცდილებმაც და პერსპექტიულმა ახალგაზრდებმაც), ფინანსების მხრივაც პრობლემები არ უნდა იყოს და ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე იმერულ კლუბსაც ზემოთ ნახსენები მოკრძალებული მიზნის შესრულება არ უნდა გაუჭირდეს.
აი, "მეტალურგის" მდგომარეობას კი აღარც ვიცით, რა "ეპითეტები" შევუხამოთ და ისღა დაგვრჩენია, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე არაერთგზის ნათქვამი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ეს გუნდი, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა არის მიტოვებული!
სრულფასოვან შეკრებაზე (ადგილზე ვგულისხმობთ, თორემ სხვაგან წასვლის ფუფუნებაზე "მეტალურგში" არც უოცნებიათ) ხომ ზედმეტია ლაპარაკი; უბრალოდ, გასული წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან მოყოლებული, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშობდა და ამხანაგურ მატჩებსაც ატარებდა.
თანაც, პირველ წრესთან შედარებით, გუნდის შემადგენლობა თითქმის 80-90 პროცენტით შეცვლილია და "მეტალურგიდან" სხვადასხვა გუნდში გადასული ფეხბურთელებიც ვერავინ უნდა გაამტყუნოს.
მოკლედ, ძალიან ძნელი სათქმელია, თუ როგორ უნდა შეძლოს ვარლამ კილასონიას გუნდმა მეორე წრეში ქულათა იმ რაოდენობის მოგროვება, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად საკმარისი რომ იქნება.
ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა: ვარჯიში და სპარინგები ვახსენეთ; თუმცა, რომელ სრულფასოვან მომზადებაზეა ლაპარაკი, როცა უმაღლესი ლიგის გუნდს მხოლოდ და მხოლოდ 5 ბურთი (ისიც - სამი წლის წინანდელი) აქვს?
ამ ყველა "სიკეთეს" ისიც დაემატა, რომ "ფოლადის" სტადიონს წყალი არ მიეწოდება და გასახდელებში რა მდგომარეობაცაა, ამაზე, ცოტა არ იყოს, უხერხულიც არის საუბარი...
უამრავი პრობლემის მიუხედავად...
აი, ასეთ პირობებში უნდა დაუხვდეს "მეტალურგი" 2015 წლის პირველ ოფიციალურ მატჩში "ჩიხურას" - ერთ კვირაში ხომ სეზონი თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩებით განახლდება.ანუ "ზესტაფონთან" 11 თებერვალს ჩატარებული სპარინგ-შეხვედრა "მეტალურგისთვის" უკანასკნელი საკონტროლო მატჩი იყო: რუსთაველებმა "ცხინვალთან" 0:4 წააგეს, მერე კი ზედიზედ ოთხჯერ იმარჯვეს - "დილასთან" (2:0), სტუ-სთან (1:0), "მეშახტესთან" (2:1), "ალგეთთან" (3:0).
რაც შეეხება "ზესტაფონს", როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუნდში უამრავი პოტენციური ახალწვეულია და ამათგან ვინ დარჩება იმერულ კლუბში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ისე, "ზესტაფონს", ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავს და როგორც კი ახალწვეულთა შორის შეთამაშების პრობლემა მოგვარდება, ეს გუნდი "საჩუქარი" ნამდვილად არავისთვის იქნება.
"მეტალურგისაგან" განსხვავებით, "ზესტაფონი" თასზე არ მონაწილეობს და სეზონს უფრო გვიან განაახლებს. როგორც კლუბის პრესატაშემ, სერგო ფუტკარაძემ გვითხრა, "ზესტაფონი" კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს - სავარაუდოდ, 14 თებერვალს.
ახლა კი სპარინგ-მატჩის შესახებაც, რომელიც არცთუ სახარბიელო კლიმატურ პირობებში ჩატარდა და ორივე გუნდში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, უინტერესო სანახავი ნამდვილად არ ყოფილა.
რაც მთავარია, ფეხბურთელებს მონდომებას ვერავინ დაუწუნებდა, ერთი-ორი გააზრებული კომბინაციაც ვიხილეთ, ხანდახან ხისტი ორთაბრძოლებიც იყო და მატჩის მიწურულს "ზესტაფონის" პოტენციურმა ახალწვეულმა ალექსანდრე შენგელიამ ტრავმაც კი მიიღო.
მატჩის დასაწყისში მეტოქეებმა თითო-თითო სახიფათო მომენტი "გაცვალეს": მასპინძელთაგან გიორგი კილასონია და გიორგი ჯოხაძე ცდილობდნენ თამაშის გამწვავებას, სტუმართაგან კი - ალექსი ბენაშვილი.
პირველ ტაიმში ერთი გოლი მაინც ვიხილეთ: 38-ე წუთზე ლაშა მჭედლიშვილმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და ივანე ხაბელაშვილმაც ახლო მანძილიდან უპრობლემოდ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მჭედლიშვილიც და ხაბელაშვილიც პირველ წრეში "მეტალურგში" თამაშობდნენ...
მეორე ტაიმიც თანაბარი გამოდგა, თუმცა "ზესტაფონის" ფეხბურთელთა გამოცდილება მაინც თვალშისაცემი იყო - შესვენების შემდეგ მასპინძელთა შემადგენლობაში გამოჩენილ ფეხბურთელთა უმრავლესობა ხომ 17-18 წლის ბიჭები იყვნენ.
მატჩის მეორე და საბოლოო გოლი კი 81-ე წუთზე გავიდა: სტუმრებმა მასპინძელთა იერიში მოიგერიეს, მოედნის ცენტრში მყოფმა ვაჟა ნემსაძემ ზუსტი პასით ბურთი მარჯვენა ფლანგზე გაგზავნა, სადაც დავით მთივლიშვილმა სისწრაფეში დაჯაბნა მეურვე და მეტოქის საჯარიმოში ზუსტი გადაცემის გაკეთებაც არ დააგვიანა, იქ კი ჯონი ჯერემიამ კოხტა თავური დარტყმით "ზესტაფონის" ორბურთიანი უპირატესობა დააფიქსირა.
მეტალურგი: ბედიაშვილი - ზ. გელაშვილი (46. გოცაძე), ნარიმანიძე, მიქაუტაძე (76. გულუა), ლ. ნოზაძე (79. ბერაძე), კ. ხიზანეიშვილი (66. მიქელაძე) - სარიშვილი (79. პაქსაშვილი), გ. კილასონია (73. ადეიშვილი), გუჯაბიძე (46. სტეფნიაშვილი) - ჯოხაძე (76. ლ. მაისურაძე), გაბაშვილი (46. ბ. ოქროპირიძე).
ზესტაფონი: კუპატაძე - ბენაშვილი (46. მთივლიშვილი), რობაქიძე (46. მარაქველიძე, 86. დ. კანდელაკი), ო. ხიზანეიშვილი (55. ქურდაძე), ჩიხრაძე (46. ლომაია), ლ. მჭედლიშვილი (46. რაჟამაშვილი) - ხაბელაშვილი (46. ა. მესხი), გაჩეჩილაძე (46. ვ. ნემსაძე), გაგოშიძე (62. პ. ხორგუაშვილი), გ. სამუშია (46. ა. შენგელია, 87. მოსიძე) - ილურიძე (55. ჯერემია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"