დინამო (ბთ)-ვოივოდინა 0:4 - მარცხი სერბებთან

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა ნოვი სადის (სერბეთი) "ვოივოდინასთან" გამართა და 0:4 დამარცხდა.

პირველი საგოლე მომენტი დინამოელებმა შექმნეს, როცა "სტანდარტულის" შემდეგ ბურთი კარიდან სამიოდე მეტრში ეულად დარჩენილმა ბადრი ტეტუნაშვილმა მიზანს ააცილა. მომენტებით ვერც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ამირან მუჯირმა და გიორგი ბერიაშვილმა ისარგებლეს.

მაგრამ ეს იყო ეპიზოდები. მთლიანობაში კი, მატჩი სერბეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსნის უპირატესობით მიმდინარეობდა. მეტოქე უპირატესობას ფლობდა მოძრაობასა და სისწრაფეში, პლუს "სტანდარტულებსაც" სახიფათოდ ასრულებდა.

სერბებმა პირველი გოლი სწორედ კუთხურის გათამაშებით გაიტანეს. მერე ბათუმელებმა უხეში შეცდომა დაუშვეს დაცვაში და
მეორე ბურთიც მიიღეს - ფლანგური გადაცემის შემდეგ სლობოდან ნოვაკოვიჩმა ლამაზად გაიტანა.

ამას გარდა, ორჯერ მოუხდა თამაშში ჩართვა შოთა მამინაშვილს, როცა ნოვისადელთა შორეული დარტყმები მოიგერია.

მეორე ნახევარში სერბების სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანად დაასრულა იმავე ნოვაკოვიჩმა.

მერე ბერიაშვილსაც მიეცა თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი, მაგრამ... მეკარეს ვერ აჯობა. ასევე უშედეგო გამოდგა თემურ შონიას ძლიერი დარტყმა. ბოლოს კი იშვიათი სილამაზის გოლი ილია რადოვიჩმა გაიტანა.

დინამო: მამინაშვილი - ტეტუნაშვილი, მგელაძე (70. ფარტენაძე), მახარაძე, სუხიაშვილი - შონია, ვარშანიძე (46. ტატანაშვილი), მუჯირი (46. თევდორაძე), ქავთარაძე (62. მაკარიანი), ჭკუასელი - ბერიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული