ლადო ბურდული: ბოლნისის "სიონმა" რუმინელები განაცვიფრა!..

AutoSharing Option
"სიონმა" თურქული შეკრება მოითავა. ფაქტია - სეზონის განახლების შემდეგ ბოლნისელებს მეტად ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლებათ.

შეკრების შეფასება "სიონის" მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულს ვთხოვეთ.

- როგორ შეაფასებდით თურქულ შეკრებას?
- ვფიქრობ, შეკრება პოზიტიური იყო - იდეალური მინდვრები, კარგი სპარინგ-პარტნიორები... ფეხბურთელების შეთამაშებას დიდი დრო დავუთმეთ. ტექნიკა-ტაქტიკაზეც ბევრი ვივარჯიშეთ, რათა ფეხბურთელებს კიდევ უფრო აემაღლებინათ საფეხბურთო განათლება. კარგი თამაშებიც გვქონდა.

დანარჩენი უკვე 22 თებერვალს და საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო ტურებში გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ ბიჭები მოასწრებენ შეთამაშებას. ამხანაგურ თამაშებს მაინც სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე ოფიციალურს.

ვფიქრობ,
კარგი, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, მებრძოლი გუნდი გვეყოლება და ჩემპიონატში ჩვენს სიტყვას ვიტყვით.

- ახალწვეულების ადაპტირება როგორ მიდის?
- კარგად შეეწყვნენ გუნდს. რამდენიმემ ძირითადშიც დაიმკვიდრა ადგილი. იმედი მაქვს, დანარჩენები, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში, არ შეეგუებიან ამას და ეცდებიან, პირველ თერთმეტეულში მოხვდნენ.

ჩვენთან მაღალი კონკურენციაა. ერთ ადგილზე, მინიმუმ, ორი ფეხბურთელია. ანუ ჩვეულებრივი, ჯანსაღი სიტუაციაა. მეგობრული გუნდი გვყავს. ახლა ერთ დიდ ოჯახად ვყალიბდებით. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე გაგრძელდება.

- მოკლედ გვიამბეთ თითოეულ თამაშზე...
- პირველი ტესტ-მატჩი რუმინეთის "კრაიოვასთან" გავმართეთ. ძალიან კარგი გუნდი იყო, მეხუთე თუ მეექვსე პოზიციაზეა საკუთარ ჩემპიონატში. სწრაფ და ხისტ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენთვის პირველი თამაში იყო და გუნდს არ ეტყობოდა შეთამაშება, მაგრამ კარგი მომენტები აქაც დავინახეთ...

მეორე მატჩი უზბეკეთის "ლოკომოტივთან" გვქონდა, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ეს გუნდი ძალიან სწრაფი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და კარგი ფეხბურთიც ითამაშეს. მინდა ვთქვა, რომ პირველ თამაშთან შედარებით, ჩვენი გუნდი ამ შეხვედრაში უკეთ გამოიყურებოდა. ახალწვეულები - ლუისი, ენდრიუ, ცნობილაძე, საჯაია... კარგად ჩაერთვნენ გუნდში. მათ მალე გაიარეს ადაპტაცია და თანაგუნდელებსაც შეეწყვნენ.

შემდეგი თამაში გვქონდა "ამკართან", სადაც თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რა ფეხბურთს შესთავაზებს "სიონი" გულშემატკივარს. მეტად იქნება ბურთის კონტროლი და ტექნიკური ფეხბურთი. "ამკართან" ბიჭებმა ჩემი დავალებები გაცილებით უკეთ შეასრულეს, ვიდრე წინა ორ თამაშში. გვიჭირდა გოლის გატანა. ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ რეალიზაცია დაბალია. ამაზეც მიდის მუშაობა...

ამის შემდეგ იყო ტოპ-თამაში რუმინეთის ნაკრებთან....

- მოდით, რუმინეთის ნაკრებთან სპარინგზე გამორჩეულად ვთქვათ - ბევრი არ ელოდა "სიონისგან" ასეთ თამაშს...
- ვინც უყურა თამაშს, ყველამ აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში მეტოქე დავჯაბნეთ. ტაქტიკურად, თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბურთის ფლობაშიც ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა. პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რომ არა ერთი-ორი პატარა, უმნიშვნელო შეცდომა, შეიძლება, დადებითად შეფასდეს ეს თამაში.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ რუმინეთს ძირითადი შემადგენლობა ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით სამი-ოთხი ლეგიონერის არყოფნას. დანარჩენი ყველა ის ფეხბურთელი ჰყავდათ, რომელთაც შესარჩევ ციკლში ათამაშებენ და რუმინეთის ნაკრების ძირითადი ბირთვია. ჩვენმა ბიჭებმა მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და, რაც მთავარია, ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთი შესთავაზეს რუმინელებს, რამაც განაცვიფრა კარპატელები.


უშუალოდ მათ მთავარ მწვრთნელთან, ანგელ იორდანესკუსთანაც მქონდა საუბარი. მან აღფრთოვანება გამოთქვა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებით. მოეწონათ რამდენიმე მათგანი...

თამაშს "სტიაუას" სკაუტები ესწრებოდნენ. ერთ-ორ ფეხბურთელზე იკითხეს და, ალბათ, დაგვიკავშირდებიან. ყოველ შემთხვევაში, გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან.

ძალიან კარგია ასეთი თამაშები, მით უმეტეს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს, ახალგაზრდებსაც და გამოცდილებსაც, უფრო აქვთ შანსი, გზა გაეხსნათ და კარგ ევროპულ გუნდებში წავიდნენ...

ბატე-სთან მატჩშიც კარგად გამოიყურებოდა გუნდი. ეს შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელორუსთა დამრიგებელმაც აღნიშნა და გაკვირვებულმა მკითხა - ასეთი გუნდით ასეთ მოკრძალებულ ადგილზე როგორ ხართ საქართველოს ჩემპიონატშიო?! ავუხსენი, რომ ახალი გუნდი გვყავს...

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ რა გეგმები გაქვთ ჩემპიონატის დაწყებამდე?
- ბიჭები ორ დღეს დაისვენებენ და დაგვრჩება ერთკვირიანი ციკლი პირველ მატჩამდე. ჩვეულებრივი ვარჯიშები გვექნება. 22 თებერვლისთვის მაქსიმალურად მზად ვიქნებით. საჩხერის "ჩიხურასთან" ძალიან რთული მატჩი გველის გასვლაზე.

- რა იქნება "სიონის" მიზანი ჩემპიონატში?
- "სიონის" მიზანი იქნება, რომ პირველ რვა გუნდში, უფრო ზედა ექვსეულში იტრიალოს. წელს ეს ალბათ რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროზონაში მოვხვდეთ. ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავალთ მინდორზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარიმებრძოლი გუნდი გახდება სიონი. მიაწექი ლადო
puma
16:08 16-02-2015
0
ევროზონაში თორე თქვენც კრამიტები არ დაამტვრიოთ.
jonia
17:43 16-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული