გორის "დილამ" ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
17 თებერვალს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის "დილამ" ახალწვეულები წარადგინა, რომელსაც პრესის წარმომადგენლები და "დილას" გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

გორის "დილას" ახალწვეულები არიან: ომარ მიგინეიშვილი №12 (მეკარე), ალან ბაგაევი №13 (მცველი), სლავკო მარიჩი №3 (მცველი), გიორგი ხიდეშელი №4 (მცველი), გიგა სამხარაძე №70 (მცველი), ლაშა გვალია №77 (ნახევარმცველი), გიორგი თექთურმანიძე №90 (ნახევარმცველი), მიხაილ გორელიშვილი №9 (ნახევარმცველი), ირაკლი ძარია №88 (ნახევარმცველი).

ღონისძიებაზე გორის "დილას" ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი, ასევე, კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში, სპორტული დირექტორი ვანო ხორგუაშვილი და დირექტორის მოადგილე ალბერტ საყვარელიძე
იმყოფებოდნენ.

ასევე, ესწრებოდნენ კლუბის ახალი სპონსორის, "ლიდერბეთის" წარმომადგენლები. მათ ახალწვეულებს სათამაშო ფორმები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

წარდგენამდე მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. უჩა სოსიაშვილის თქმით, "დილამ" თურქული შეკრება შესანიშნავ პირობებში, ნაყოფიერად გაიარა და მეორე წრეს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

"ლიდერბეთის" წარმომადგენლის, ბაჩო სარალიძის განცხადებით, გორის "დილა" ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს. ამიტომ კომპანია კლუბს ევროტურნირებზე ასპარეზობისთვის დახმარებას გაუწევს.

"ლიდერბეთის" წარმომადგენლებს გორის "დილასთვის" გაწეული დახმარებისთვის მადლობა კლუბის დირექტორმა გიორგი ტუღუშმა გადაუხადა. ტუღუში იმედოვნებს, რომ "დილას" მენეჯმენტსა და უშუალოდ საფეხბურთო გუნდში განხორციელებული ცვლილებები კლუბს დადებითად წაადგება.

პრესკონფერენციის დასასრულს გიორგი ტუღუშმა გორის საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების შეერთების საკითხზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბთან ერთად სპორტულ ასპარეზზე "დილას" სახელით გორის საკალათბურთო გუნდიც გამოვა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, 14:00 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის თასის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში გორის "დილა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი "საზოგადოებრივ მაუწყებელზეა" დაგეგმილი. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება, მას დაეხმარებიან: ფიფია, სპიცინი, ნინუა, კვირიკაშვილი და კიკაჩეიშვილი.

წყარო: fcdila.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი სამი მცველიც დაგემატებინათ,გოლის გატანა აღარაა საჭირო? რა გვჭირს ასეთი მოურჩენელი
ჯიჯი ალფაიძე
10:10 18-02-2015
0
ტუღუში მიკრაფონს რატო ვერ წვდება
aeee
19:13 17-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული