შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მე-14 ადგილზე მყოფმა "სიონმა" ზამთრის შესვენებისას 9 ფეხბურთელი შეიმატა - ალექსანდრე გურეშიძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი მიქაბერიძე, დათა სიჭინავა, დავით საჯაია, ცოტნე ქებურია, გიორგი ჭანკოტაძე, ენდრიუ არაუჟუ და სილვა (ბრაზილია) და ლუის ალბერტო ვიეირა მედინა (პორტუგალია).
შეგახსენებთ
ლადო ბურდული: გამორჩეული სპარინგები გვქონდა
"გავიარეთ ნაყოფიერი შეკრება და ჩავატარეთ საკონტროლო თამაშები, - თქვა ლადო ბურდულმა პრესკონფერენციაზე. - მოგეხსენებათ ისიც, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. შემადგენლობა თითქმის მთლიანად გადავახალისეთ - გვყავს 9 ახალწვეული...ძნელია, ბოლომდე შეათამაშო გუნდი, როცა ამდენი ახალი ფეხბურთელი გყავს. ამის მიუხედავად, თურქეთში საამისოდ ყველაფერი გავაკეთეთ. რა და როგორ გამოგვივიდა და მოესწრო თუ არა ბიჭების შეთამაშება ბოლომდე, ამას ჩემპიონატის განახლებისთანავე ვნახავთ...
მინდა, თურქული შეკრების ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადო კონკრეტულად დავით ყენიასა და ფირმა "ენდას". ჩვენ უკვე მესამე წელია, ერთსა და იმავე სასტუმროში ვბინავდებით და არ ვცვლით შეკრების ადგილს.
ჩვენი მიზანი იყო, გვეთამაშა რაც შეიძლება მეტი საკონტროლო შეხვედრა და, თანაც - რაც შეიძლება ძლიერ კლუბებთან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა მეტოქე ჩვენ წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობით თამაშობდა. შეიძლება, შეკრებაზე შეარჩიო ისეთი მეტოქე, რომელსაც გამანადგურებელი ანგარიშით მოუგებ, მაგრამ ეს შენს სისუსტეებს ვერ დაგანახვებს.
ქართული გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპარინგები გვქონდა...
ჩვენი გუნდისათვის რუმინეთის ნაკრებთან გაჯიბრება იყო ისტორიული მატჩი. შეხვედრას ესწრებოდნენ "სტიაუას" სელექციონერები, იყვნენ ავსტრიული კლუბიდანაც. არის კონკრეტული ინტერესიც ჩვენი მოთამაშეების მიმართ და, შესაძლოა, მალევე შედგეს ტრანსფერი.
როცა ახალგაზრდებს კარგ გუნდში მოხვედრის შანსი უჩნდებათ, ჩვენ მათ ხელს არ შევუშლით. ისინი ასე უფრო გამოადგებიან ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ნაკრებს", - განაცხადა ბურდულმა.
ამის შემდეგ "სიონის" ახალწვეულებს ნომრიანი მაისურები გადასცეს. მერე ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ და ბურთიც გააგორეს.
* * *
* * *
"სიონის" ახალწვეული, 23 წლის გიორგი ჭანკოტაძე - რბილი, ტექნიკური სათამაშო მანერის ცენტრალური ნახევარმცველი, აქვს მოხდენილი პასები და გადამწყვეტი გოლების გატანაც სჩვევია. "ლელო" მას ახალ კლუბზე ესაუბრა:- თურქულ შეკრებაზე ძალიან კარგი საკონტროლო თამაშები გვქონდა. რომ იტყვიან, სარკეში ჩავიხედეთ და ნათლად ვნახეთ, რაზე უნდა ვიმუშაოთ მომავალში.
- თქვენ გარდა, გუნდში კიდევ 8 ახალწვეულია. მათზე რას იტყვით?
- ერთი ოჯახივით ვართ უკვე. მინდორზე შეთამაშებას რაც შეეხება, მგონი, საკმარისი რაოდენობით ვითამაშეთ საკონტროლო შეხვედრები.
- რა იქნება გუნდის მიზანი?
- ჩემპიონატის ყველა მატჩში მოსაგებად გავალთ მინდორზე. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ქომაგს კარგ და ხარისხიან ფეხბურთს შევთავაზებთ.
- როგორ ფიქრობთ, როდის უნდა მიაღწიოს "სიონმა" ფორმის პიკს?
- მგონი, ძალიან მალე, ჩვენ ხომ არ გვაქვს დრო. უმოკლეს ხანში უნდა შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ.
ფოტოები "სიონის" "ფეისბუკის" გვერდიდან
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"