სიონი-დინამო (თბ) 2:1 - ჩხუბი ტრიბუნებზე... ეს ფეხბურთს არ უხდება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი ბრძოლა იყო 1-ელ მარტს "მიხეილ მესხზე", სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" ბოლნისის "სიონთან" დამარცხდა და ლიდერობა გორის "დილას" დაუთმო. 90 წუთის განმავლობაში თავი არც ერთ გუნდს არ დაუზოგავს. ფეხბურთელებმა გამარჯვებული მშვიდობიანად, ვაჟკაცურ ბრძოლაში გამოავლინეს. აი, მატჩის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს კი ვერაფრით მივესალმებით...

მატჩის დასრულება იყო და, სტადიონის მთავარ შესასვლელთან "დინამოსა" და "სიონის" ფანები წაეკიდნენ ერთმანეთს. საჭირო გახდა საქმეში პოლიციის ჩარევა.

მოშუღარნი ბოლოს კი დაშოშმინდნენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ასეთი ამბები არ უხდება ფეხბურთს...

საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე
ტიტულოვან გუნდს, თქმა რად უნდა, ნებისმიერ მეტოქესთან მოგება მოეთხოვება, თუმცა კვირას "დინამო" მართლაც უმძიმეს სიტუაციაში იყო. თავად განსაჯეთ, კახა გოგიჩაიშვილს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 4 ფეხბურთელი აკლდა - ლაშა თოთაძემ და ოთარ კაკაბაძემ შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს, გიორგი პაპუნაშვილი და საბა ლობჟანიძე კი დაშავებულები არიან.

"სიონს" კი ქებათა ქება! ლადო ბურდულის გუნდმა 90 წუთის განმავლობაში ძაფზე აცმულივით, სასწაული ორგანიზებით ითამაშა და ეს 3 ქულა დაიმსახურა, თუმცა ისიცაა, რომ "დინამო" მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეზე უკეთ და მეტად აკონტროლებდა ბურთს. ვინძლო, ეს ბურდულის წინასამატჩო ჩანაფიქრიც ყოფილიყო...

თამაში ბოლნისელებმა უფრო მწვავედ დაიწყეს. უკვე მე-7 წუთზე დათა სიჭინავას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ზემოდან გადასცდა დინამოელთა კარს. იქვე, ჯაბა უგულავას პასის შემდეგ, სიჭინავამ ვერ დაიმორჩილა ბურთი, თორემ დინამოელთა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკას კართან ხიფათი გარდაუვალი ჩანდა.

ეს იყო და, უპირატესობამ გოგიჩაიშვილის გუნდისკენ გადაინაცვლა. ლაშა შერგელაშვილის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე მირზა მერლანმა მოიხელთა.

მერე ორჯერ მანუელს გაუცუდდა მომენტი, რასაც დინამოელთა გოლიც მოჰყვა.

გოლი ისეთი იყო, ბარე ორ ჩემპიონატს და მატჩს რომ დაამშვენებდა - მერლანმა ბურთი ამოიტანა, მოედნის ცენტრს ოდნავ გადაცილებულმა მათე ცინცაძემ კი დიდებულად, წამებში დაამუშავა ის და იუველირის სიზუსტით გაგზავნა ბოლნისელთა კარში. მანუელმა მერლანს ორიენტაციაში ხელი შეუშალა და ანგარიშიც გაიხსნა.

ამის შემდეგ გუნდებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ სიჭინავას დარტყმული მოიგერია ჰრდლიჩკამ, ლუის ალბერტოს დამატებულზე კი თამაშგარე დაფიქსირდა; მერე კი ვახტანგ ჭანტურიშვილს არ გაატანინა ბოლნისელთა კარის დარაჯმა.

ანგარიში პირველი ნახევრის დამატებულ წუთზე გათანაბრდა. ლუის ალბერტომ კარგად ისარგებლა რენე ფერეირას შეცდომით და - 1:1.

შავკანიანი პორტუგალიელი ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული ქართულ გარემოსა და ჩვენს სათამაშო სტილთან, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, გვარიანი ფორვარდი კი მოჩანს - მებრძოლი, პლასტიკური, მეტოქის კარზე დაგეშილი და ტექნიკური...

მეორე ტაიმი "სიონის" გოლით დაიწყო. სიჭინავამ კარგად შეასრულა საჯარიმო, შეტევაში ჩართულმა დაჩი ცნობილაძემ კი წამით დაასწრო მეკარეს და, როგორც ბოლოს გაირკვა, "სიონისთვის" უმნიშვნელოვანესი, 3 ქულის მომტანი ბურთი შეაგდო.

ამის შემდეგ "დინამომ" სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა დაინადავლა. ჯაბა ჯიღაურმა ერთ მომენტში პასი დააგვიანა, თორემ გოლი გარდაუვალი ჩანდა. მერე კი შეცვლაზე შესულმა ოთარ კიტეიშვილმა მშვენივრად უპასა კიდევ ერთ სამარქაფოს, გიორგი ჩირგაძეს, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ მანუელს კუთხის "ჩაკეტვა" დააგვიანდა.

გოგა კიკაჩეიშვილის სასტვენი და ბოლნისელთა ზეიმი ერთი იყო. ბოლოს ვთქვათ, რომ "სიონის" დამრიგებელი ლადო ბურდული ოდინდელი დინამოელია და ეს ფაქტორიც გახლდათ ამ მატჩის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
01.03. თბილისი. "მიხეილ მესხი". 1 000 მაყურებელი.
სიონი-დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 ცინცაძე (35), 1:1 ლუის ალბერტო (45), 2:1 ცნობილაძე (50)
სიონი (4-4-1-1): მერლანი - ფოფხაძე, გურეშიძე, ცნობილაძე, საჯაია - გაფრინდაშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (68. გოგობერიშვილი), უგულავა (72. ლობჟანიძე) - სიჭინავა (62. ქებურია) - ლუის ალბერტო.
სათადარიგოები: ბათიაშვილი, სვანიძე, არაუჟო და სილვა, ჭიკაიძე
მწვრთნელი: ლადო ბურდული
დინამო (4-4-1-1): ჰრდლიჩკა - ტაბატაძე, ჭანტურია, რენე ფერეირა, შერგელაშვილი - ჯიღაური (63. ჩირგაძე), ცინცაძე, ბუკორაცი (56. კიტეიშვილი), ჭანტურიშვილი - პარუნაშვილი (79. ჯანელიძე) - მანუელი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ჯაფიაშვილი, გველესიანი, მიქელთაძე
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გაფრთხილება: ფოფხაძე (28), ცნობილაძე (56), გურეშიძე (69), რენე ფერეირა (74)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 6
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.

მომდევნო მატჩები. XVIII ტური
5 მარტი, ხუთშაბათი
გურია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ზესტაფონი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-შუქურა
სამტრედია-სიონი
ტორპედო-მერანი

6 მარტი, პარასკევი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგით გეყოთ რა დინამოს ოთხი კაცი აკლდაო რო გაიზახით და იმიტომ ცააგოო, ნუ გავიწყდებათ რომ დინამოა და არ უნდა აგებდეს აუტსაიდერთან თან თბილისში. სამწვრტნელო შტაბი არის უსუსტესი.
zura
14:39 02-03-2015
0
ამ ბურდულმა დინამო სადაც ნახა იქვე შეუსრულა:)))))) გადაიყვანონ ეგ კაცი მანდ და დინამოც დაისვენებს და მისი გულშემატკივარიც.
ეკა
19:28 02-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული