დაჩი ცნობილაძე: გოლი "დინამოს" კარში? ყველა მოძრაობა დაგეგმილი იყო

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" 21 წლის მცველი დაჩი ცნობილაძე ვერაფრით დაივიწყებს თბილისის "დინამოსთან" გამართულ შეხვედრას, რომელშიც მან მოხდენილი თავურით აიღო ლიბორ ჰრდლიჩკას კარი.


ცნობილაძეს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ახალგაზრდულის გარდა. ის გამორჩეულია იმითაც, რომ ბევრს კითხულობს, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და მხოლოდ ფეხბურთის კარგად თამაშით არ შემოიფარგლება.

ცნობილაძემ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ძლევაში...

- პირველ რიგში, "დინამოსთან" გატანილი გოლი გაიხსენეთ...
- მერწმუნეთ, ყველა მოძრაობა დაგეგმილი, წინასწარ დამუშავებული იყო.
მადლობა ჩემს პარტნიორებს - დღეს გოლების უმრავლესობა კოლექტიური თამაშის შედეგად გადის, მით უმეტეს, ჩემი გოლი იყო სწორი გუნდური მოქმედების ნიმუში.

- გოლი ორიგინალურად აღნიშნეთ. შურდულის სროლის იმიტაცია მართლაც უცნაური იყო...
- ამის უკან განსაკუთრებული არაფერი იმალება. უბრალოდ, ახალი გუნდია ჩემთვის "სიონი" და მინდოდა, გარკვეული სიახლე შემეტანა ჩემს საფეხბურთო ყოველდღიურობაში და გუნდშიც, რა თქმა უნდა...

- შეიძლება ითქვას, რომ "სიონში" ადაპტაციის პროცესი დაასრულეთ?
- კი, ახლა უკვე ნამდვილად შემიძლია ამის თქმა. ბევრი საკონტროლო მატჩი გვქონდა ძლიერ მეტოქეებთან. ეროვნულ ჩემპიონატშიც მოვასწარით ორი შეხვედრის ჩატარება. თანაც, "სიონში" არიან ისეთი ფეხბურთელები, ვისთანაც ადრე რუსთავის "მეტალურგში" მითამაშია - ბათიაშვილი, მიქაბერიძე, ინწკირველი...

- რა არის მიმდინარე სეზონში "სიონის" მიზანი?
- ჩვენ, ხელმძღვანელობას და ქომაგებს, ყველას ძალიან გვინდა, რომ ევროტურნირებზე ვითამაშოთ, მაგრამ ასე კონკრეტულადაც არ დგას ამოცანა. "სიონი" ყველა თამაშზე მოსაგებად გადის. რა გამოვა ამისგან, ფინიშზე გამოჩნდება.

- თურქულ შეკრებაზე "სიონმა" რუმინეთის ნაკრებთან ისპარინგა და მაშინ თქვენი გვარი "სტიაუას" სელექციონერმა ჩაინიშნა...
- კი, მეც ვიცი ეს ამბავი. დიდი პატივია ასეთი ტრადიციული და სოლიდური კლუბის ინტერესი. იმის მერე რა და როგორ არის, არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ფაქტი სასიამოვნოა.

- როგორც ვიცით, ფეხბურთის თამაშთან ერთად სწავლასაც ახერხებთ...
- იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ. "მეტალურგშიც" მეხმარებოდნენ, "სიონშიც" ხელს მიწყობენ სწავლაში და ამისთვის მინდა, ორივე გუნდს მადლობა გადავუხადო. ფეხბურთელის ცხოვრების სტილი მაინც სხვაა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვსწავლობ, მაგრამ თავს არ ვზოგავ...

- ვიცით, რომ ბევრს კითხულობთ. საყვარელი ავტორიც გეყოლებათ...
- ულაპარაკოდ შოთა რუსთაველი, ნაწარმოები კი - "ვეფხისტყაოსანი". საერთოდ, ანდაზების და აფორიზმების დიდი მოყვარული ვარ. ცხოვრებისეულ სიტუაციებში ძალიან მეხმარება.

- ოცნების გუნდი თუ გყავთ?
- ბავშვობაში "მანჩესტერის" ფანი ვიყავი. ჩემი აზრით, ახლა აღარ ვარ იმ ასაკში, რომელიმე გუნდის ფანი ვიყო. ისე, ალბათ, ყველა ფეხბურთელი ოცნებობს "რეალში" თამაშზე. არც მე ვარ გამონაკლისი.

- გითამაშიათ საყრდენ ნახევარმცველად, ბოლო დროს კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე უფრო ხშირად გხედავთ. თქვენი ამპლუის ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?
- თავის დროზე ძალიან მომწონდა რიო ფერდინანდის თამაში. მეტიც - მის ყველა მოძრაობას ვიმახსოვრებდი. დღეს ყველაზე ძლიერ ცენტრალურ მცველად ვენსან კომპანი მიმაჩნია.

- ბევრი ნიჭი გაფლანგულა საქართველოში. შეგვიძლია, თქვენს შემთხვევაში მშვიდად ვიყოთ?..
- ჩემი აზრით, აქ არის ორი მომენტი. კი, შესაძლოა, იყოს თავში ავარდნის ამბავი, მაგრამ მაინც უფრო ისაა, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს არცთუ ხშირად ეძლეოდათ თავის გამოჩენის შანსი და ასე ვკარგავდით ნიჭს. ჩემი აზრით, ამ კუთხით ვითარება უკეთესობისკენ იცვლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი ბიჭია !!! ეროვნულში სასწრაფოდ !!
dinamo777
01:47 05-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული