ლეონარდო რამოსი: "სამტრედიაში" სიამოვნებით დავბრუნდი

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინათ, "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ზამთარაძემ თქვა - ცალკეული პოზიციების გაძლიერება გვსურს და ვცდილობთ, მოთამაშეები კიდევ დავიმატოთო.

აგერ, შევიტყვეთ, რომ კლუბმა განაცხადში ლეონარდო რამოსი შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ეს ბრაზილიელი გორის "დილაში" 2013 წლის იანვარში მინსკის "დინამოდან" მიიწვიეს. მერე, როცა გორში ფინანსური პრობლემები შეიქმნა, რამოსმა რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" მიაშურა.

გასული წლის აგვისტოში ბრაზილიელი "სამტრედიაში" ჩაირიცხა და პირველ წრეში გუნდს ეხმარებოდა კიდეც, მაგრამ მისი ტრანსფერი ხაბაროვსკულ კლუბს ეკუთვნოდა და იჯარის ვადის დასრულების შემდეგ
რუსებმა ბრაზილიელის დაბრუნება მოითხოვეს.

თუ რამ განაპირობა საქართველოში მისი მესამედ ჩამოსვლა, ამაზე თავად ფეხბურთელისგან შეიტყობთ.

- რას მივაწეროთ თქვენი მოულოდნელი დაბრუნება?
- "სკა ენერგიასთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ. ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ "სამტრედია" ისევ დაინტერესდა ჩემით და სიამოვნებით დავბრუნდი.

- რუსეთში ხალხი ბევრად დიდი ხელფასების გამო თამაშობს...
- იცით კი, იქ რა პირობები მქონდა?

- ნამდვილად არა...
- საქმეც ისაა, რომ რუსეთში საკონტრაქტო ვალდებულებები არ შეასრულეს, რამდენიმე თვის დავალიანება ჰქონდათ და მის გასტუმრებასაც არ აპირებდნენ. უხელფასოდ კი რუსეთში რა მინდა?!

მეორეცაა - ხაბაროვსკში სულ სხვა მოთამაშეები და მწვრთნელი დამხვდნენ. საქართველოში კი თავს უკეთ ვგრძნობ, რადგან ბიჭებთან ვმეგობრობ. აქ ბევრად თბილი და მეგობრული ხალხია. ამით ბრაზილიელები და ქართველები ერთმანეთს ვგავართ. გათავისუფლების ცნობა უკვე ავიღე და "სამტრედიის" განაცხადშიც შემიყვანეს.

- ზამთრის პერიოდში "სკა ენერგიაში" ემზადებოდით თუ ინდივიდუალურად ვარჯიშობდით?
- "სკა ენერგიასთან" ჩემი ურთიერთობის საკითხი რომ ირკვეოდა, პარალელურად, ჩემი მენეჯერი დავით ქარაული ხაბაროვსკელებთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, მე კი ასე ხომ არ გავჩერდებოდი?! ამიტომ მთელი ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი "სკა ენერგიასთან" ერთად თურქეთში გავატარე. სულ სამი შეკრება გავიარე და თავს კარგად ვგრძნობ.

- ანუ "სიონთან" ხუთშაბათის მატჩში, შესაძლოა, ითამაშოთ?
- ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, ვითამაშებ და გუნდს დავეხმარები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხახახაააააა, ქარაული მენეჯერი :)
ძალიან სირცხვილია, რომ ეგეთ ტიპებთან აბამენ კავშირებს!!!
ნიკო
19:45 05-03-2015
0

სიახლეები პოპულარული