გიორგი ილურიძე: დამიჯერეთ, "ზესტაფონში" ახლა ფულზე არ ვფიქრობთ

AutoSharing Option
"ზესტაფონის" 23 წლის ფორვარდ გიორგი ილურიძისთვის საჩხერის "ჩიხურასთან" შეხვედრა განსაკუთრებული იყო. მის მიერ სტუმართა კარში გატანილი გოლი უმაღლეს ლიგაში ზესტაფონური გუნდებისთვის მე-1000 გამოდგა.

"არ ვიცოდი, ჩემი გოლი საიუბილეო თუ იყო. სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა ამის თაობაზე და მეც ძალიან გავიხარე. საწყენია, შეხვედრა ფრედ (2:2) რომ დასრულდა. არადა, გამარჯვებას ვიმსახურებდით", - ამბობს ილურიძე.

ვინც ზამთრის პაუზის შემდეგ "ზესტაფონის" პირველ მატჩს ადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ "გურიასთან" შეხვედრის შემდეგ გუნდმა საგრძნობლად მოუმატა. რის ხარჯზე მოხდა ეს ფერისცვალება?

ილურიძეს ამაზე საკუთარი ვერსია აქვს.

"გეტყვით, რაც
მოხდა. თამაშის წინ გიორგი მიქაძემ ისე "დაქოქა" გუნდი, რომ სხვანაირად, უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა. გვითხრა, არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავს, უნდა გავიდეთ მინდორზე, თავი დავდოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთო.

ეს ახალი გუნდის პირველი თამაში იყო ზესტაფონში და გვინდოდა, მაყურებელი გაგვეხარებინა. მართლაც დასაფასებელია, რომ გუნდისთვის ამ რთულ დროს ისინი ჩვენ გვერდით დგანან. მთავარია, ირწმუნო - მერე ყველაფერი იოლია.

როგორც გუნდის კაპიტანი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - ჩვენს გასახდელში დიდებული სიტუაციაა. ვიცით, რომ ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ. მთავარი კი ისაა, რომ გიორგი მიქაძე ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარია.

მოკლედ, "ზესტაფონი" საჩუქარი არავისთვის იქნება. წლეულს ჩვენი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. მომავალ სეზონში კი, იმედია, გუნდი დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს ქართულ საკლუბო ფეხბურთში", - იმედიანადაა ილურიძე.

ფაქტია - სადღეისოდ, სანამ ნიუანსები ბოლომდე მოგვარდება, "ზესტაფონის" ფინანსური მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, იდეალური არ არის.

"მართალია, დღეს ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ დამიჯერეთ, ახლა ფულზე არ ვფიქრობთ. წინ ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვაქვს "დინამოსა" და "სამტრედიასთან". ახლა სწორედ ამ ორ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი", - ამბობს მარგველთა კაპიტანი.

თავისი გაქანებით, 23 წლის გიორგი ილურიძე, ვინძლო, საქართველოს ნაკრებსაც გამოადგეს. ესაა, ბოლო დროს გუნდების ხშირმა ცვლამ მის სათამაშო ფორმაზე ცუდად იმოქმედა. ტრიბუნიდანაც ჩანს და თავს უკეთესობას თავად ფეხბურთელიც ატყობს.

"ჯერ ისე ვერ ვარ, გორის "დილაში" რომ ვიყავი, "ჰაიდუკში" გადასვლამდე, მაგრამ ბევრიც არაფერი მიკლია. ვგრძნობ, ოპტიმალურ სათამაშო კონდიციებს ვუახლოვდები", - ამბობს ილურიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზესტაფონი-ჩიხურა 2:2 - დერბისთვის შესაფერისი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული