ტორპედო-მერანი 1:1 - ეს უკვე მეტისმეტია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12-მატჩიანი მოუგებელი სერია უკვე მეტისმეტია! მძიმე სატურნირო მდგომარეობაში მყოფ "ტორპედოს" "მერანთან" ქულების დაკარგვის უფლება აღარ ჰქონდა.

ქუთაისელთა თავკაცმა გიორგი დარასელიამ ზამთრის შესვენებისას, საქართველოს პირობებზე, საკმაოდ კარგ შემადგენლობას მოუყარა თავი, მაგრამ რიონისპირელებმა წარუმატებელ სერიას ჩემპიონატის განახლების შემდეგაც ვერ დაუსვეს წერტილი.

ტორპედოელები "მერანთან" შეხვედრაშიც ბევრს ეცადნენ, მაქსიმალურად დაიხარჯნენ, მაგრამ ნანატრ გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწიეს. მარტო მონდომებით გუნდი ფონს ვერ გადის, სხვა მხრივ კი, "ტორპედო" კვლავაც შეუთამაშებელი და დაულაგებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანაც, ქუთათურები არც ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან, რაც მატჩის ბოლო წუთებზეც გამოჩნდა,
როცა შეტევებისთვის ძალები აღარ ჰყოფნიდათ...

დარასელიამ შეტევაზე გააკეთა აქცენტი და მარტვილელთა წინააღმდეგ გუნდი სამი ფორვარდით (კვარაცხელია-კვერნაძე-საბანაძე) ათამაშა. ცუდი ამინდისა და სველი მოედნის მიუხედავად, გუნდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. "ტორპედო" ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ "მერანი" საკმაოდ სწრაფად გადადიოდა კონტრშეტევებზე და დაცვაში არცთუ ისე დამაჯერებლად მოთამაშე მასპინძლებს პრობლემებს უქმნიდა.

პირველი რეალური საგოლე მომენტი ტორპედოელებმა შექმნეს - თენგიზ ჩიკვილაძემ მარჯვენა ფლანგზე ცრუ მოძრაობით აკაკი შულაია ჩამოიცილა და მეკარის ბაქანთან გახსნილ ოთარ კვერნაძეს თავზე დაასვა ბურთი, მაგრამ ქუთაისელთა ბომბარდირის დარტყმას სტუმართა გამოცდილი მეკარე ზურაბ მამალაძე გადაეღობა.

შემდეგ შორიდან ძალზე სახიფათოდ "დააქუხა" ზაზა ჭელიძემ, თუმცა მამალაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია.

მცირეოდენი უპირატესობის შემდეგ ქუთაისელებმა შეცდომებს უხშირეს, ფეხბურთელები უწყინარ სიტუაციაში კარგავდნენ ბურთს და სტუმრებს მწვავე შეტევების საშუალებას აძლევდნენ.

ერთ-ორ ეპიზოდში "ტორპედო" კი გადარჩა, მაგრამ მარტვილელებმა მასპინძელთა დაბნეულობით მაინც ისარგებლეს - საბა ლომია ქუთაისელ მცველებს იოლად გაუსწორდა, ერთი მოძრაობით სამი უკანახაზელი ჩამოიცილა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

შემდეგი 10 წუთის განმავლობაში "ტორპედოს" თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა და სტუმრებს მეტი ფხა რომ გამოეჩინათ, ანგარიშსაც გაზრდიდნენ. ძალზე სახიფათოდ ურტყამდნენ ვაჟა ქიქავა და აკაკი წყაროზია, თუმცა ორივე შემთხვევაში ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს.

ტაიმის ბოლო წამებზე მასპინძლებიც გააქტიურდნენ და კვარაცხელია-კირკიტაძე-საბანაძის ლამაზი სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ უკანასკნელმა მასპინძლებისთვის მეტად საჭირო და დროული გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი ტორპედოელთა შეტევებით განახლდა. ქუთათურები ბურთს აკონტროლებდნენ და სახიფათოდაც უტევდნენ. გოლთან ახლოს იყო კვერნაძე, რომელიც მცველებს გაექცა და ახლოდან კარშიც დაარტყა, მაგრამ მამალაძე კვლავ საიმედოდ გაისარჯა და "მერანი" გოლისგან იხსნა. სტუმართა კარის დარაჯმა მალე საბანაძის სახიფათო დარტყმაც მოიგერია.

სტუმრები უფრო იშვიათად გადადიოდნენ კონტრშეტევებზე, თუმცა "ტორპედოს" დასჯა მაინც შეეძლოთ - ეგ იყო ოღონდ, ლევან გეგეჭკორს საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდა.

მარტვილელთა ამ გამონათების შემდეგ ისევ ქუთაისელთა ჯერი დადგა. კირკიტაძის ფლანგურ ჩაწოდებას კვერნაძემ თავური დარტყმა მიაყოლა, მაგრამ "მერანი" ისევ მამალაძემ იხსნა.

ცოტა ხანში ადამაძეს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას გადასცდა. ტორპედოელები ამის შემდეგაც ცდილობდნენ გოლის გატანასა და ნანატრი გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ამისთვის არც ძალა ჰყოფნიდათ და არც ოსტატობა.

ეგ კი არა, ბოლო წუთზე კიკნაველიძის ფლანგური ჩაწოდებისა და ციცხვაიას თავურის შემდეგ ტორპედოელები ისეთ გოლს გადაურჩნენ, ფრის გამო გული არც უნდა დასწყდეთ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
05.03. ქუთაისი. "ცენტრალური". 800 მაყურებელი
ტორპედო-მერანი 1:1
გოლები: 0:1 ლომია (32), 1:1 საბანაძე (45. კირკიტაძის პასით)
ტორპედო (4-3-3): შეყრილაძე - ადამაძე, მირცხულავა (90. ზივზივაძე), ჩიკვილაძე (46. ბაბუნაშვილი), ქიმაძე - კირკიტაძე, ზ. ჭელიძე, კლიმიაშვილი - კვარაცხელია, კვერნაძე (72. ნ. კვასხვაძე), საბანაძე.
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, მახვილაძე, გოგიჩაიშვილი, ქებაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მერანი (4-5-1): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, ციცხვაია - შულაია (46. კიკნაველიძე), წყაროზია (74. ფიფია), ქიქავა, ჯღამაია, გეგეჭკორი - ლომია (62. ციცხვაია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, კუშნირი, წურწუმია, პეტავა
მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
გაფრთხილება: ლომაშვილი (24), კვარაცხელია (27), საბანაძე (36), ჯღამაია (50), წყაროზია (67)
არბიტრი: ჯ. ხორავა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

6 მარტი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

მომდევნო (XIX) ტური
13 მარტი, პარასკევი
ცხინვალი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-სიონი

14 მარტი, შაბათი
მეტალურგი-ჩიხურა
შუქურა-დინამო (თბ)
კოლხეთი-გურია
დილა-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
torpedo daraselia gaagde droze. marto chackobil tamasebs igebs is vitom mcvrtneli.
zaza
11:02 06-03-2015
0
ზაზა შენ საიდან იცის ძუკუს ეგ ვაჟკაცობები. მეგონა ბევრმა არ იცოდა. მაგან რომ თამაში მოიგოს მსაჯს ტონანახევარი ფული უნდა ქონდეს აღებული.
კლიმენტი
13:21 06-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული