"არც ვიცი, რას მოვაწერე ხელი..." - ალექსანდრე იაშვილმა სამტრედია გააოცა

AutoSharing Option
"სამტრედია"-"სიონის" მატჩის 79-ე წუთზე "ეროსი მანჯგალაძეზე" შეკრებილი გულშემატკივარი გააოცდა, როცა მასპინძელთა რიგებში ლევან შარიქაძის ნაცვლად ალექსანდრე იაშვილი გამოჩნდა.

რევაზ თევდორაძის, ლევან კაკუბავას, გულვერდ თომაშვილის, ზურაბ ხიზანიშვილის, დავით კვირკველიას, დავით ბოლქვაძის, გრიგოლ დოლიძისა
და თორნიკე გორგიაშვილის შემდეგ იაშვილი მიმდინარე სეზონში კლუბში ჩარიცხული მე-9 ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია.

მაგრამ იაშვილის დაბრუნება მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. 1993 წელს, თბილისის "დინამოში" დაწყებული კარიერა მან გერმანიაში გააგრძელა. იყო "ფრაიბურგისა" და "ბოხუმის" კაპიტანი, წლების განმავლობაში - ეროვნული გუნდის
ერთ-ერთი ლიდერი. ბოლოს, იაშვილი თამაშობდა ბაქოს "ინტერში" და 2014 წლის ზაფხულში კარიერაც ამ გუნდში დაასრულა, მაგრამ...

37 წლის თავდამსხმელმა გადაწყვიტა, მეგობრებს დახმარებოდა, "სამტრედიას" ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვა და ტირასპოლის "შერიფთან" სპარინგში ითამაშა კიდეც. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ იაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდებოდა.

- თამაშს აღარ ვაპირებდი, - ამბობს იაშვილი, - არადა, ჩემი მეგობრები - ზაზა ზამთარაძე და დათო მუჯირი მთხოვდნენ, ითამაშეო. სეზონის ბოლომდე დარჩენილი 3 თვე დიდი დრო არ არის. მეორეცაა - ფეხბურთი უზომოდ მომენატრა და ამიტომაც დავთანხმდი.

- როგორც ვიცით, კლუბთან კონტრაქტის პირობებზე არც გილაპარაკიათ...
- სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რას მოვაწერე ხელი. ალბათ, ხვდებით, რომ "სამტრედიაში" ფულისთვის არ მივსულვარ. ასევეა ზურა ხიზანიშვილიც. მიმაჩნია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უცხოეთში ნათამაშები ფეხბურთელების ჩამოსვლა ძალიან კარგი ფაქტია. ეს გამოცდილება და ცოდნა ჩემპიონატსაც წაადგება და ახალგაზრდებსაც.

ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს და ოჯახებს არ ვეკუთვნით, ქვეყნისთვისაც რაღაც უნდა გავაკეთოთ. თუნდაც ხიზანიშვილის ამბავი რად ღირს - ზურა კარიერის დასრულებას აპირებდა, ფეხი სტკივა, მაგრამ წამოვიდა და ფორმის აღდგენას ისეთი ენთუზიაზმით ცდილობს, როგორ შეიძლება, ახალგაზრდებისთვის ეს მაგალითად არ გამოდგეს?

დღეს ხიზანა და მე დავბრუნდით, ხვალ ანალოგიურ გადაწყვეტილებას სხვა მიღებს და იქნებ, სტადიონზე ხალხი ოდნავ მაინც მოვაბრუნოთ. ეს ჩვენი ვალია.

- "სამტრედიაში" იმდენი ვეტერანი დაბრუნდით, ხალხი ხუმრობს - მალე კალაძე, დემეტრაძე და კობიაშვილიც განაახლებენ კარიერასო...
- (იცინის) შარშან ზაფხულში მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მოედანს დავუბრუნდებოდი. მაგრამ ცხოვრებაში რა არ ხდება... ისე, გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი სერიოზული პრობლემა მაბრკოლებდა.

- რა პრობლემა?
- ფეხბურთს თავი ოჯახის გამო დავანებე. გაუთავებელი შეკრებები და ოჯახიდან მოწყვეტა ჩემთვისაც რთული იყო და მათთვისაც. ბოლოს ნებართვა შვილებისგან ავიღე და მითხრეს - სამი თვე თუ ითამაშებ, არა უშავსო.

კიდევ ერთი ფაქტორი იყო - ასაკში შევედი, 7 თვეა, მოედანს არ გავკარებივარ და მაინტერესებდა, თამაშს კიდევ შევძლებდი თუ ვეღარ? მაგრამ სტადიონზე რომ გავედი და ჩემი გვარის გამოცხადებაზე ხალხს ძალიან თბილი რეაქცია ჰქონდა, მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- სამტრედიელ გულშემატკივარზე რას იტყოდით?
- მათი თანადგომა დიდი სტიმული და საოცარი შეგრძნებაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატში 17 წლის შემდეგ დავბრუნდი, ასეთი განცდა წარმოუდგენელი მეგონა.

- დარჩებით "სამტრედიაში" თუ გუნდი ევროსაგზურს მოიპოვებს?
- ჯერ მიზანს მივაღწიოთ და მერე დავფიქრდები. ასაკი თავისას შვება. წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება.

- ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით?
- რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემაა და არაერთი საკითხია გამოსასწორებელი, ახალგაზრდები რომ გაიზარდონ. ყველამ იცის, რამდენ გუნდს არ აქვს ნორმალური სავარჯიშო პირობები. რუსთავის "მეტალურგზე" ვნახე სიუჟეტი და გული მომიკვდა. გუნდის ასე გაწირვა შეიძლება?!

მაგრამ აქ ნიჭიერი ბავშვები მოდიან და თუ მდგომარეობა გამოსწორდება, უკეთესი ჩემპიონატი გვექნება. ფაქტია, ძალიან დაძაბული ჩემპიონატია და ახლა ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექვს გუნდს აქვს. ესეც პოზიტიური ფაქტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
საღოლ იაშკა მაგარი კაცი ხარ, იაშვილი, დემე,ქინქლაძე,ქეცბაია,კალაძე.კობი,ყაველაშვილი,რეხვიაშვილი,არველაძეები,მუჯირი,ცხადაძე,ჯამარაული,ცქიტიშვილი,ხიზანიშვილი,ხიზანეიშვილი----ასეთი შემადგენლობა აღარასდროს გვეყოლება, მაგარი თაობა დავკარგეთ, ისინი ნებისმიერ ნაკრებთან თანაბრად თამაშობდნენ
jariskaci
11:59 07-03-2015
0
მხოლოდ პოზიტივი და აპლოდისნემტები იასკას
ვალერი
12:12 07-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული