ცხინვალი-სამტრედია 2:1 - დაიმსახურეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მესამე მოგება ჩემპიონატში და "ცხინვალი" კვლავაც პირველ სამეულს მიუახლოვდა! ვერაფერს ვიტყვით: მართლაც ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნა კახა კაჭარავამ, რომელიც, მწირი რესურსის მიუხედავად, წარმატებულად ასპარეზობს, თანაც - ორივე "ფრონტზე"!

ჰო, ადრეც არაერთხელ დაგვიწერია, რომ "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელს არც პირველ წრეში და არც ახლა იმის ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონია, ძირითად შემადგენლობაში მეტ-ნაკლებად უმტკივნეულო როტაცია რომ მოეხდინა. თუმცა, უამრავი საკადრო პრობლემის მიუხედავად, "ცხინვალმა" მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გუნდს, "სამტრედიას" სრულიად დამსახურებულად მოუგო.

ლევან ჭაფოძე, დავით იმედაშვილი, გიორგი
ივანიშვილი, ნიკა ჯიშკარიანი - მასპინძლებს ძირითადი შემადგენლობის ეს ოთხი ფეხბურთელი აკლდათ, სტუმრებმა კი ტრავმების გამო ორი შემტევი, გიორგი გაბედავა და ილია კერძევაძე მოისაკლისეს.

ისე, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "სამტრედიას" ყველაზე ძალიან წინა ხაზში უჭირს და ამ გუნდის თავკაცი ზაზა ზამთარაძეც იძულებულია, სხვა ამპლუის ფეხბურთელები გაამწესოს თავდასხმაში.

ასე იყო პარასკევის მატჩშიც, გულშემატკივართა დიდი აუდიტორია რომ დაესწრო და მათ შორის გახლდათ საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, თავისთვის მშობლიური "სამტრედიის" არც ერთი საშინაო თუ საგარეო შეხვედრა არ გამოტოვოს.

თუმცა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანი მოთამაშე (სამტრედიიდან თავისი საყვარელი გუნდის საქომაგოდ ჩამოსული უამრავი ქომაგიც) ნამდვილად ვერ დარჩებოდა კმაყოფილი, "სამტრედიის" ასპარეზობიდან გამომდინარე (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში), მაგრამ ყოველივე ეს სულაც არ აკნინებს მასპინძელთა, კიდევ ვიმეორებთ, დამსახურებულ გამარჯვებას.

...პირველი ტაიმი ტემპიანი გამოდგა და სანახაობრივადაც არა უშავდა. თანაც, თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა; პირველი სახიფათო შეტევა ირაკლი ლექვთაძემ წამოიწყო, თუმცა რევაზ თევდორაძემ საიმედოდ ითამაშა. მერე, სტუმართა შორის ყველაზე გამორჩეულმა რევაზ გეწაძემ ასევე ფლანგიდან შეუტია და მასპინძლები ამ ეპიზოდში გადარჩნენ კიდეც.

ამასობაში, "სამტრედია" ნელ-ნელა დაეუფლა უპირატესობას და ერთ-ორ ეპიზოდში უბერებელმა ალექსანდრე იაშვილმაც გვაჩვენა თავისი კლასი; თუმცა, მე-18 წუთი მიმდინარეობდა, მასპინძელთა ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა გიორგი ცერცვაძემ სტუმართა შეტევა რომ "ჩაჭრა" და ბურთი ლაშა შინდაგორიძეს გადასცა.

"ცხინვალის" გარემარბმა კი ამ ეპიზოდში პატარა შედევრი შემოგვთავაზა: მარჯვენა ფლანგზე ეფექტური ფინტებით ჯერ ორ მეურვეს გასცდა, მერე კი, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან "ცაციათი" ისე "მოჭრა" ბურთი შორეულ კუთხეში, ნებისმიერი ოსტატი რომ ხელს მოაწერდა.

გაშვებული გოლის მერე სტუმრები გააქტიურდნენ და "ცხინვალის" მეკარეს, გიორგი ნადირაძესაც რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოუხდა. განსაკუთრებით ის ეპიზოდია აღსანიშნავი, როცა გრიგოლ დოლიძისა და ალექსანდრე იაშვილის კომბინაციას თორნიკე გორგიაშვილი ახლო მანძილიდან "აგვირგვინებდა", მაგრამ ნადირაძემ თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ამას კუთხური მოჰყვა და ამჯერად უკვე დავით კვირკველიას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ "სამტრედიის" კაპიტნის "თავური" მიზანს სულ მცირედით ასცდა.

თუმცა ამ შტურმმა და ზედიზედ მოწოდებულმა რამდენიმე კუთხურმა შედეგი მაინც გამოიღო: გრიგოლ დოლიძემ ბურთი პირდაპირ კარში "ჩააბზრიალა", სადაც ლევან კაკუბავამ, ფაქტობრივად, კარის ხაზიდან თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ამ ეპიზოდს მასპინძელთა ქომაგთა და კლუბის ხელმძღვანელთა ხმამაღალი პროტესტიც მოჰყვა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ კუთხურის დროს სტუმართა ერთ-ერთი ფეხბურთელი გიორგი ნადირაძეს წესების დარღვევით მეურვეობდა. თუმცა ამ სადავო ეპიზოდს "გაგრძელება" აღარ მოჰყოლია, ისე, როგორც - ემოციებს მოედანზეც და ტრიბუნაზეც.

ტაიმის ბოლომდე ისევ მასპინძლებს შეეძლოთ გოლის გატანა: ლაშა შინდაგორიძემ მორიგი ეფექტური რეიდი შემოგვთავაზა და მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემაც გააკეთა, მაგრამ მასპინძელთა ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა ბურთს ვერ მისწვდა.

კაჭარავა-უმცროსი მოვლენების ეპიცენტრში ამ მატჩში ხშირად მოექცა (და არა მხოლოდ ზედმეტად ემოციურობის გამო): მასპინძელთა თავდამსხმელმა მეორე ტაიმში თავისი მანევრებით არაერთი თავსატეხი შეუქმნა სტუმართა მცველებს.

არანაკლებ აქტიურობდნენ "ცხინვალის" ახალგაზრდა "საყრდენები", ბიძინა მახარობლიძე და ბაქარ ქარდავა; მახარობლიძეს გოლის გატანის შანსი ორჯერ მიეცა, ერთხელ ირაკლი ლექვთაძეს შეეძლო თავის გამოჩენა.

მოკლედ, ბევრისთვის მოულოდნელად, მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძლიერი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და რომ არა მცირეოდენი უზუსტობა და რევაზ თევდორაძის რეაქცია, უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ, თუმცა "სამტრედიის" მეკარეს მეორე ტაიმში, გოლის ეპიზოდში, ალბათ, უკეთესადაც შეეძლო ემოქმედა - "ცხინვალის" დებიუტანტმა რატი ცაცკრიალაშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და ყველა რომ მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებას ელოდა, მან უცნაური ტრაექტორიით ბურთი კარში გაგზავნა და შედეგიანადაც!

სტუმართა თავკაცმა ზაზა ზამთარაძემ შეცვლებით სცადა მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლა, მაგრამ "სამტრედიის" ერთფეროვან და ადვილად "წასაკითხ" შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია, მაშინ, როცა მასპინძლები ერთიმეორეზე მწვავე კონტრშეტევებით ზეწოლას ახდენდნენ სტუმართა უკანახაზელებზე.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
13.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 1 500 მაყურებელი
ცხინვალი-სამტრედია 2:1
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (18), 1:1 კაკუბავა (30. დოლიძის პასით), 2:1 ცაცკრიალაშვილი (57)

ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, ვ. კილასონია, ბაჩიაშვილი - ქარდავა, მახარობლიძე - ლექვთაძე (89. მარკოზაშვილი), ცაცკრიალაშვილი (83. მაისაშვილი), შინდაგორიძე - ნ. კაჭარავა (77. თარხნიშვილი).
სათადარიგოები: ბურძენაძე, ქოჩლაძე, ბენდიანიშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
სამტრედია (4-2-3-1): რ. თევდორაძე - თორ. გრიგალაშვილი, ხიზანიშვილი, კაკუბავა, კვირკველია - ბეჭვაია, შარიქაძე (59. ბოლქვაძე) - დოლიძე, ა. იაშვილი (59. კაპანაძე), გეწაძე - გორგიაშვილი (73. რამოსი).
სათადარიგოები: ს. გურული, დათუნაიშვილი, თევზაძე, მუჯრიშვილი
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: კაკუბავა (52), ხიზანიშვილი (90), თარხნიშვილი (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XX) ტური
18 მარტი, ოთხშაბათი
სამტრედია-ზესტაფონი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-მეტალურგი
გურია-დილა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-შუქურა
ტორპედო-ცხინვალი
ზუგდიდი-მერანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
13.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 1 500 მაყურებელი


გია მე 430 კაცი დავთვალე ტრიბუნებზე, შენ რომელი მხრიდან ითვლიდი რომ 1500 დათვალე? :)

სამტრედიას არათუ უჭირს თავდამსხმელები,მათ სტარტეგიაში არა აქვთ თავდამსხმელების ყოფნა გათვალისწნებული და მხოლოდ ნახევარდაცვით ფაფხურობენ.გაბედავამ ბოლოს როდის გაიტანა ბურთი არც ახსოვს.

კლუბი რომელსაც სტრატეგიაში არც ფიზიკური მომზადება აქვს და არც თავდასხმა,არც თამასის სტილი, საცოდავია.
ჩვენ კიდევ ზესტაფონთან თამაში გველოდება სახლში,იქ გამოჩნდება რა ჩიტებიცა ვართ.
შემდეგ კი ქუთაისში იქნება დასამტკციებელი რომ თასის ნახევარფინალში მოხვედრა არ იყო მთლად შემთხვევითი და რომ ფაფხური ჩვენც შეგვიძლია :)
ჯანგო
15:01 17-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული