"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია, რომ გუნდში მისვლის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა:
"როცა დამნიშნეს, 10 ტური იყო გასული და მხოლოდ 4 ქულა გვქონდა, ბოლო ადგილზე ვიყავით. მაშინ მოთამაშეებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ.
მაგრამ პირველი ეტაპის დასრულებამდე მარაგი 8 ქულით შევავსეთ, მეორე წრეში კი 5 მატჩიდან 3 მოვიგეთ და ბოლო ადგილიდან მე-13 პოზიციამდე
მთავარია, ვითარების გაუმჯობესება მოვახერხეთ და იმედია, დარჩენილ შეხვედრებშიც ასევე გავაგრძელებთ. მაგრამ ამის მიუხედავად, სატურნირო მდგომარეობა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
ბრძოლა შემდეგ ტურებშიც უნდა გავაგრძელოთ და ვეცადოთ, სახიფათო ზონას თავი საბოლოოდ დავაღწიოთ".
მომდევნო მატჩს ზუგდიდელები კვირას, 22 მარტს, მცხეთაში, "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ გამართავენ. შეროზიას თქმით, ამ მატჩის შედეგი ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს:
"ცხრილს რომ გადავხედოთ, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შანსი 8 გუნდს მაინც აქვს. ამიტომ, ყველა დანარჩენი თამაში ომი იქნება. თანაც, ჩვენ საკმაოდ მძიმე კალენდარი გვაქვს - ბათუმის "დინამო", "სამტრედია", "ჩიხურა", გასვლაზე "ტორპედო" და ასე შემდეგ.
"ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრა დარჩენილ ტურებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული იქნება. ეს გუნდი ბოლო ადგილზე კია, მაგრამ თითოეული ქულისთვის გამწარებული იბრძვის. ამიტომ, მაქსიმალური მობილიზაცია დაგვჭირდება".
"ზუგდიდის" დამრიგებელი საკადრო პრობლემაზეც გველაპარაკა:
"რუსთავის "მეტალურგთან" ირაკლი ქობალია დაგვიშავდა. ის ჩვენთვის დიდი ძალაა და სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ გვეხმარება. ის მკურნალობს და შესაძლოა, მალე ვარჯიშიც განაახლოს".
შეროზიას ჩემპიონატი მოსწონს:
"ჩვენი პირველობა მაღალი დონით ვერ დაიკვეხნის. მაგრამ ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ინტრიგა, რაც მიმდინარე ჩემპიონატში ნამდვილად გვაქვს. წინასწარ შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია. მეტი გუნდი და მეტი მოთამაშე გამოჩნდა.
მეორე მხრივ, მთავარი ის არაა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება თუ 10-ანი. რამდენი მონაწილეც არის, ყველას უნდა შეუქმნან პირობები, დონემ რომ აიწიოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"