უმაღლესი ლიგის XXI ტურის წინ: სანაკრებო სტიმული

AutoSharing Option
ეს ტურიც და ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება დაიწყება. მარტის ბოლოს საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრულ ნაკრებებს ხომ ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩები ელოდებათ.

ამ შეხვედრებში კი უმაღლესი ლიგის რამდენიმე ფეხბურთელს (განსაკუთრებით - ახალგაზრდულ ნაკრებში) ვიხილავთ და არც ის არის გამორიცხული, რომ ჩვენი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების თავკაცებმა კახა ცხადაძემ და ალექსანდრე ჩივაძემ თავიანთი გუნდის შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები სწორედ XXI ტურის მერე შეიტანონ.

მოკლედ, ჩვენს ფეხბურთელებს ამ ტურში დამატებითი სტიმულიც ექნებათ, მერე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "დამსახურებულ" ორკვირიან შვებულებასაც მიიღებენ. მანამდე კი ტურის მატჩები
გველოდება: ქვემოქართლური ("მეტალურგი"-"სიონი") და იმერული ("ტორპედო"-"სამტრედია") "დერბებით", ევროტურნირების საგზურებისათვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებითა ("დილა"-"ჩიხურა") და, რაღა თქმა უნდა, ტურის ცენტრალური პაექრობითაც ("ცხინვალი"-"დინამო" ბთ).

იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ წინას მსგავსად, XXI ტურიც შედეგიანი აღმოჩნდება და მერე კი, უკლებლივ ყველანი (ანუ, მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო) საქართველოს ეროვნული ნაკრების საქომაგოდ დავირაზმებით!

22.03. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 15:00
დილა-ჩიხურა
პირველი წრე 1:2
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე (დილა)
ურთიერთშეხვედრები
9: +4 =2 -2, 18:10

წინა ტურში ლანჩხუთში ფრედ დამთავრებული მატჩის მერე "დილა" ერთი საფეხურით დაქვეითდა და ზედა სამეულში ადგილი რომ შეინარჩუნოს, უახლოეს ორ ტურში მაქსიმალური წარმატებისათვის უნდა ითამაშოს.

არადა, ეს ორი მატჩი ყველაფერს თუ არა, ძალიან ბევრ რამეს უნდა ნიშნავდეს მასპინძელთათვის: "დილამ" კვირას "ჩიხურას" უნდა უმასპინძლოს, სანაკრებო პაუზის მერე კი სტუმრად თბილისის "დინამოსთან" ელოდება უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება!

..."დილას" მსგავსად, ამ სეზონში "ჩიხურაც" ევროტურნირების საგზურს უმიზნებს და სოსო ფრუიძის გუნდიც, წესითა და რიგით, მშვენიერ განწყობაზე მყოფი უნდა ესტუმროს გორს: საჩხერელებმა წინა ტურში მეტოქის ("კოლხეთი") კარში 5 გოლი გაიტანეს, რაც "ჩიხურასთვის" სარეკორდო მაჩვენებელია უმაღლეს ლიგაში ბოლო 2 წლის განმავლობაში.

თანაც, ისიც საინტერესოა, როდემდე გასტანს საჩხერელთა წარუმატებელი საგარეო სერიაც: სეზონის დაწყებიდან დღემდე ხომ მხოლოდ ორად-ორი გუნდია დარჩენილი, გასვლითი მატჩი რომ არ მოუგიათ - "ჩიხურა" და "სიონი"...


22.03. ქუთაისი. ცენტრალური. 17:00. LIVE მეორე არხზე
ტორპედო-სამტრედია
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
24: +14 =4 -6, 51:22

ზედიზედ ორი მოგებით "ტორპედომ" დანავსული სერია შეწყვიტა და გიორგი დარასელიას გუნდმაც სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა. ამასთან, ბოლო ტურებში ნათლად ჩანს, რომ ქუთაისელთა გუნდის ახალმა თავკაცმა ძირითადი შემადგენლობის იმ ბირთვს მიაგნო, რომელსაც უნდა დაეყრდნოს.

მოკლედ, ერთობ საინტერესო მატჩის მოლოდინი უნდა გვქონდეს, მით უფრო, რომ "იმერული დერბის" ფაქტორის გარდა, ნურც "სამტრედიის" ამბიციური მიზნები დაგვავიწყდება. ყოველ შემთხვევაში, ვეჭვობთ, რომ ვინმემ ამ წყვილში რომელიმე გუნდი ფავორიტად ან აუტსაიდერად მოიხსენიოს, მით უფრო, თუ გავიხსენებთ სულ ახლახან გამართულ სათასო მეოთხედფინალებს, როცა "სამტრედიამ" ორი მატჩის ჯამში დიდი გაჭირვებით შეძლო ნახევარფინალის საგზურის მოპოვება.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული მატჩი, ბევრისთვის მოულოდნელად, "ტორპედოს" გამარჯვებით დამთავრდა - შეხვედრის მიწურულს, შეცვლაზე შემოსულმა ქუთაისელთა ფორვარდმა ოთარ კვერნაძემ ზუსტი დარტყმით გამოიჩინა თავი. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ 21 სექტემბრის იმ შეხვედრაში "სამტრედიასაც" და "ტორპედოსაც" სხვა მწვრთნელები მოძღვრავდნენ.

22.03. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 15:00
ცხინვალი-დინამო (ბთ)
პირველი წრე 1:0
დისკვალიფიკაცია: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
3: +2 =0 -1, 2:1

ჩემპიონატის დაწყებამდე ვინმე იფიქრებდა, რომ II წრის თითქმის "შუაგულში", ტურის ცენტრალური მატჩი "ცხინვალისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება იქნებოდა? ვეჭვობთ, რომ ასე ყოფილიყო, თუმცა, დღესდღეობით მართლაც ასეთი სიტუაციაა და კვირას, მიხეილ მესხის სათადარიგოთა მოედანზე ერთობ საინტერესო და სატურნირო თვალსაზრისით ასევე ერთობ მნიშვნელოვანი პაექრობა უნდა შედგეს.

ამ შემთხვევაშიც ძნელია რომელიმე გუნდს წინდაწინ უპირატესობა მივანიჭოთ, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ისედაც უამრავი საკადრო პრობლემის მქონე "ცხინვალს" კვირას კიდევ ერთი (თანაც, სერიოზული!) დანაკლისი ექნება: გუნდის ძირითადი ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა დისკვალიცირებულია.

აქედან გამომდინარე, მასპინძელთა თავკაცს კახა კაჭარავას ძირითად შემადგენლობაში გარკვეული კორექტივების შეტანა მოუწევს და არც ის არის გამორიცხული, ზოგიერთ ფეხბურთელს ამპლუაც შეუცვალოს.

აი, ბათუმის "დინამოზე" კი ახალი რა უნდა ვთქვათ: შოთა ჭეიშვილის გუნდი ხომ ერთადერთია, მეორე წრეში ყველა მატჩი რომ მოიგო!

სხვა მატჩები:
22.03. მცხეთა. მცხეთა-პარკი. 15:00
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი
პირველი წრე 3:1
დისკვალიფიკაცია: ბადრი დემეტრაშვილი (ვიტ ჯორჯია)
ურთიერთშეხვედრები
22: +13 =5 -4, 36:16

03. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 15:00
მერანი-გურია
პირველი წრე 0:1
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ქიქავა (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
3: +0 =0 -3, 1:4

22.03. რუსთავი. ფოლადი. 15:00
მეტალურგი-სიონი
პირველი წრე 1:3
დისკვალიფიკაცია: გიორგი მიქაბერიძე (სიონი)
ურთიერთშეხვედრები
26: +13 =6 -7, 35:21

22.03. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 15:00
კოლხეთი-დინამო (თბ)
პირველი წრე 1:2
დისკვალიფიკაცია: ლევან კაკულია (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
52: +5 =10 -37, 33:119

22.03. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
შუქურა-ზესტაფონი
პირველი წრე 1:1
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =1 -0, 1:1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული