ტორპედო-სამტრედია 3:1 - ღირსეული რევანში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საგაზაფხულო ეტაპზე "ტორპედო" და "სამტრედია" მესამედ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. თასის მეოთხედფინალში, ორი მატჩის ჯამში, სამტრედიელებმა იმარჯვეს (2:1, 0:0), თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგი დარასელიას გუნდი ამ შეხვედრებში მეტოქეს თუ არ სჯობდა, არც არაფერში ჩამოუვარდებოდა.

ახლა კი ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩის მომგებ ქუთათურებს "სამტრედიასთან" რევანშის საშუალება ეძლეოდათ. ბუნებრივია, თავიანთი გეგმები ჰქონდათ სამტრედიელებსაც. ასე რომ, იმერული დერბი მორიგ დაძაბულ და საინტერესო ბრძოლას გვპირდებოდა...

საწყისმა წუთებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. პირველად კარში სამტრედიელებმა დაარტყეს - რევაზ გეწაძემ საჯარიმოს ხაზიდან "დააქუხა", მაგრამ ბექა შეყრილაძემ
ბურთი მუშტებით მოიგერია.

ცოტა ხანში სამტრედიელებმა იძულებითი ცვლილება განახორციელეს - დავით კვირკველიამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი თევზაძე შევიდა.

ტაიმის შუაწელში ბექა ტუღუშმა და ალექსანდრე გურულმა უზუსტო დარტყმები "გაცვალეს". ქუთაისელთაგან ყველაზე მეტად მარჯვენაფლანგელი დავით კირკიტაძე აქტიურობდა. ტაიმის მიწურულს, სწორედ მისი შესანიშნავი თამაშისა და ზუსტი გადაცემის შემდეგ ოთარ კვერნაძემ ქუთაისელები ახლო მანძილიდან დააწინაურა.

სხვათა შორის, დარასელიამ, "ცხინვალთან" მოგებული თამაშის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ნიკა საბანაძის ნაცვლად ცენტრფორვარდად კვერნაძე დააყენა, რომელმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა.

მეორე ნახევარი გაცილებით დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. სამტრედიელებმა აქტიურად განაახლეს თამაში, თუმცა ისინი მეტოქის საჯარიმოში ვერ ახერხებდნენ შეღწევას და შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას.

გიგა ბეჭვაიასა და გეწაძის "ნასროლი" ბურთები ხარიხას გადასცდა, თუმცა სამტრედიელთა გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია - გეწაძის ფლანგური გარღვევისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქიმაძემ თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ასე აღდგა წონასწორობა.

სამტრედიელთა სიხარულმა მხოლოდ ორ წუთს გასტანა - ქუთაისელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ირაკლი კლიმიაშვილმა დაახლოებით 27-30 მეტრიდან დიდებულად შეასრულა მახვილი კუთხით დანიშნული საჯარიმო და "ტორპედო" მეორედაც დაწინაურდა.

ბუნებრივია, სამტრედიელებმა მთელი აქცენტი შეტევაზე გადაიტანეს, რამაც ზურგის მოშიშვლება გამოიწვია, ქუთათურებს კი მწვავე კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მიეცათ.

სტუმრებს განსაკუთრებით ბექა ტუღუშმა გაუშრო სისხლი - ჯერ მისი შორეული დარტყმა გადასცდა ხარიხას, ხოლო შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასული ვახტანგ კვარაცხელიასგან კარგი გადაცემა მიიღო და უძლიერესი დარტყმით ძელისგან ასხლეტილი ბურთი რევაზ თევდორაძის კარის ბადეში გაახვია.

ზაზა ზამთარაძის შეგირდები დანებებას არ აპირებდნენ. თორნიკე კაპანაძემ ქუთაისელთა კარის ძელი შეაზანზარა. გამოვარდილ ბურთზე ალექსანდრე იაშვილი ამატებდა, მაგრამ წინ ბაქარ მირცხულავა გადაეღობა და გუნდი გოლისგან იხსნა.

საბოლოოდ, დარასელიას გუნდმა დამსახურებული რევანში აიღო და ზედიზედ სამი მოგებით სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

"სამტრედიას" კი ასეთი თამაშით დასახული მიზნების მიღწევა გაუჭირდება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
22.03. ქუთაისი. ცენტრალური. 1 500 მაყურებელი
ტორპედო-სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 კვერნაძე (40. კირკიტაძის პასით), 1:1 ქიმაძე (56-საკ. კარში), 2:1 კლიმიაშვილი (58), 3:1 ტუღუში (75. კვარაცხელიას გადაცემით)

ტორპედო (4-2-3-1): შეყრილაძე - იოსელიანი, ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე - ჭელიძე, მამასახლისი - კირკიტაძე (73. ბაბუნაშვილი), კლიმიაშვილი (78. გოგუაძე), ტუღუში - კვერნაძე (63. კვარაცხელია).
სათადარიგოები: შევჩენკო, მახვილაძე, ქებაძე, ჩიკვილაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
სამტრედია (4-1-4-1): თევდორაძე - ბეჭვაია, ხიზანიშვილი, კაკუბავა, კვირკველია (12. თევზაძე) - დათუნაიშვილი - დოლიძე, გორგიაშვილი (79. კერძევაძე), გურული (71. გურული), გეწაძე - კაპანაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, ბოლქვაძე, რამოსი
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (23), ბეჭვაია (25), ქიმაძე (36), კლიმიაშვილი (63)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო (XXII) ტური
3 აპრილი, პარასკევი
გურია-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-ცხინვალი
სამტრედია-შუქურა
ზესტაფონი-მეტალურგი
ჩიხურა-მერანი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-ტორპედო
დინამო (თბ)-დილა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 8
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯანგოს ტრენერობა ნდომებია ))))) ან გუნდში ანალიტიკოსის ადგილი არარის? )))
Giorgi
23 მარტი 2015 21:45
0
ჯანგო არ გინდა სხვა სტატიებზე წერო კომენტარები რა გადაეკიდე ამ სამტრედიას დაიშლება არა კვახი ცოტა რეალური რამემაინც დაწერე
დიტო
23 მარტი 2015 15:39
0
ტროლინგი არ მჩვევია ,მაგრამ უკვე ზედმეტად მომაწვა და ამიტომაც თავს უფლებას მივსცემ დავაკოპირო ის რაც წინა სტატიის კომნეტარად დავდევი.


ტორპედოს ვულოცავ დამსახურებულ მოგებას!

რასაც ვამბობდი ზუსტად ყველაფერი ისე მოხდა.
სამტრედიამ ვერ გაიარა ტორპედოს ზღვარი,ლაკმუსმა უჩვენა ამ კლუბის( ჩემი ქალაქის კლუბის)უმწეობა და სრული უსისტემობა.

1) სამტრედიას არა აქვს სათამაშო გეგმა არცერთ კლუბთან,შესაბამისად ქუთაისთან მას ვერასოდეს ექნება ასეთ ფორმატში
2) სამტრედიას არა აქვს საერთოდ შემტევი ხაზი, ვიღაცეები კი ჰყავს ფორვარდებად გაფორმებული, მაგრამ მათ საერთო არაფერი აქვთ ფორვარდებთან, ისინი მხოლოდ შეთხვევით გამსროლები არიან.
3)სამწვრთნელო შტაბს არც გეგმა და არც უნარი აქვს ეს ფეხბურთელები ერთმანეთში ააწყოს ერთ ცოცხალ ორგანიზმად,მათ ჰგონიათ რომ სახელები ყველაფერს თვითონ მოიფიქრებენ.
4) ამ კლუბს მუდამ უჭირს დაცვაში მიუხედავად იმისა რომ არასოდეს თამაშობს აგრესიულ შემტევ ფეხბურთს.
5) შუახაზი ცვალებადია და ის სულ იტანჯება იმის გამო რომ დაცვაც უვარგისია და შეტევაც არ არსებობს.

ჯამში პერსპექტივა ასეთია(გარდაუვალად) რომ სამტრედია ვერ გასცდება ჩიხურას ნახევარფინალში და შესაბამისად ის თასზე გასვლით ვერ გავა ევროპალიგაზე.
დღეს არსებული ფორმატით უკევ გამოიკვეთა ზედა სამეული.
ევროპალიგას აცილებული სამტრედია დაიშლება სეზინის ბოლოს,ნახევარ კლუსბ გაუშვებენ ასაკისა და სხვა მიზეზთა გამო, კლუბი გადაფორმატდება და ახალი სეზონისათვის ის იქნება ახალი მწვრთნელის მეთაურობით ერთი საშუალოზე უკეთესი მებრძოლი კლუბი ხმაურიანი სახელების გარეშე და ასე მიაღწევს პორგრეს, ანუ ის წავა ბათუმის გზით თუკი ფინანსირება იქნება.
თუ არადა 2016-17 წლების სეზონი ისევ დაიწყება პირველი ლიგიდან.

ეს არაა სასოწარკვეთილებაში გადავარდნილი ადამიანის ნააზრევი,ეს პრაგმატული ხედვაა და თუკი რაიმეს შეცვლა ვინმეს უნდა,ეს უნდა მოხდეს დღეს.
ცოდვაა ეს ფეხბურთელები ამ მწვრთნელთა შტაბთან და ცოდვაა ეს მწვრთნელები ამ ფეხბურთლებთან, მათ სჭირთ მენტალური შეუთავსებლობა.
ესაა სულ!
ჯანგო
23 მარტი 2015 14:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული