უმაღლესი ლიგის XXII ტური: თბილისის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
მოლოდინისამებრ ტურის ცენტრალური დაპირისპირება სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა ოთხი გატანილი გოლი და ბევრი სახიფათო მომენტი იხილეს.

ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, სლავკო მარიჩის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში გიორგი გველესიანმა ჩაჭრა. გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელები გააქტიურდნენ და უპირატესობის მოპოვებაც მოახერხეს. მათმა აქტიურობამ შედეგი მალევე გამოიღო, მე-19 წუთზე დინამოელთა კომბინაცია ვახტანგ ჭანტურიშვილმა დააგვირგვინა.

პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ მეორე ნახევარში სრულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მართალია ბათუმელთა მარცხის გამო დედაქალაქელებს ფრეც ჰყოფნიდათ ლიდერობის დასაბრუნებლად, მაგრამ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტთან
ქულების დაკარგვა კახი გოგიჩაიშვილის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, ამიტომაც მისი შეგირდები დიდი მონდომებით ცდილობდნენ დაწინაურებას.

მათ ეს საწადელი 70-ე წუთზე აისრულეს, გიორგი სომხიშვილის შეცდომით ვახტანგ ჭანტურიშვილმა ისარგებლა და ოსტატურად გადაგზავნა ბურთი გორელთა კარში.

თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა, ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ "დინამო" მნიშვნელოვან სამ ქულას ჩაიწერდა აქტივში, მაგრამ 81-ე წუთზე მცველებმა უპატიებელი შეცდომა დაუშვეს და შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ერისთავმა სტატუს-კვო აღადგინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ეცადა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

"დინამო" თბილისი - "დილა" გორი 2-2
გოლი: 11’ გიორგი გველესიანი (ა.გ), 19’, 70’ ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე "დინამო"), 81’ გიორგი ერისთავი ("დილა")
გაფრთხილება: 36’ დავით ხურცილავა, 42’ ირაკლი მოდებაძე (ორივე "დილა"), 42’ რენე ფერეირა, 78’ გიორგი პაპუნაშვილი, 87’ ოთარ კაკაბაძე (სამივე "დინამო").

* * *
ექვსმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა ბათუმის "დინამომ". 22-ე ტურის შეხვედრაში აჭარლებმა ქობულეთში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლეს.

შეხვედრა მეტად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მე-8 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, გამოცდილმა თავდამსხმელმა სუხიაშვილის პასი გამოიყენა და თავური დარტყმით შეარხია კარის ბადე. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა, შეტევების ორგანიზებას ორივე გუნდი ცდილობდა, მაგრამ ხან დაცვა ყოჩაღობდა და ხანაც მეკარე.

მეორე ტაიმი უფრო კარგი საყურებელი გადმოდგა, გუნდები უფრო აქტიურად მოქმედებდნენ. ქუთათურებმა წონასწორობის აღდგენა 67-ე წუთზე შეძლეს, კუთხურის შედეგად გურამ ადამაძემ გაიტანა. როგორც შემდეგ გამოჩნა ეს მომენტი შეხვედრაში გარდამტეხი გამოდგა, რადგანაც სტუმრები სწორედ ამის შემდეგ დაეუფლნენ გარდამტეხ უპირატესობას.

ტორპედოელებმა წინ გასვლა მე-80 წუთზე მოახერხეს, დავით კირკიტაძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და გატანა აღარ გასჭირვებია.

ამ გოლიდან ზუსტად ოთხ წუთში რიონისპირელებმა ფაქტიურად გაინაღდეს მოგება, 84-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი ოთარ კვერნაძემ გაიტანა. ერთადერთ რაც დარჩენილ დროში ბათუმელებმა შეძლეს ანგარიშის შემცირებაა ეს 88-ე წუთზე შორეული დარტყმით თეიმურაზ შონიამ მოახერხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ მარცხით მასპიინძლებმა ლიდერობა დათმეს და მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

"დინამო" ბათუმი - "ტორპედო" ქუთაისი 2-3
გოლი: 8’ დიმიტრი ტატანაშვილი ("დინამო") , 67’ გურამ ადამაძე, 80’ დავით კირკიტაძე, 84’ ოთარ კვერნაძე (სამივე "ტორპედო"), 88’ თეიმურაზ შონია ("დინამო")
გაფრთხილება: 57’ ვაჟა ქორიძე ("დინამო"), 70’ ირაკლი კლიმიაშვილი ("ტორპედო"), 90’ ამირან მუჯირი, 90’ ბორის მახარაძე (ორივე "დინამო")

* * *
მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო "სამტრედიამ", იმერლებმა "შუქურას" უმასპინძლეს და დამაჯერებლად, 4-1, დაამარცხეს მეტოქე.

ანგარიში საწყის წუთებშივე გაიხსნა, მე-4 წუთზე თავი თორნიკე გორგიაშვილმა გამოიჩინა. სწრაფმა გოლმა მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა და პირველი ტაიმიც მათივე გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ქობულეთელებმა იაქტიურეს და 56-ე წუთზე პაულო მარტინსმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა 57-ე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა შეძლო სამტრედიელთა დაწინაურება. ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ ეს "იაშკას" პირველი გოლია.

შეხვედრის დასრულებამდე მასპინძლებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს, 77-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ გაიტანა, 87-ეზე კი, თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა თავი.

"სამტრედია" სამტრედია - "შუქურა" ქობულეთი 4-1
გოლი: 4’ თორნიკე გორგიაშვილი ("სამტრედია"), 56’ პაულო მარტინსი ("შუქურა"), 57’ ალექსანდრე იაშვილი, 77’ გრიგოლ დოლიძე, 87’ თორნიკე კაპანაძე (სამივე "სამტრედია")
გაფრთხილება: 14’ გიორგი თევზაძე ("სამტრედია"), 45’ გიორგი კუხიანიძე ("შუქურა"), 84’ ლევან შარიქაძე ("სამტრედია")


* * *
ორტურიანი წარუმატებლობის შემდეგ "გურიამ" კვლავ იმარჯვა. ამჯერად გურულებმა "ვიტ-ჯორჯიას" უმასპინძლეს და 4-1 დაამარცხეს მეტოქე.

ძირითად შემადგენლობაში დებიუტი შესანიშნავად აღნიშნა ვანო წილოსანმა, ახალგაზრდა ფორვარდმა მე-15 წუთზე "გურია" დააწინაურა. ამ გოლს სამიოდე წუთში თორნიკე მოსიაშვილის გოლიც მოყვა და გურულებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

მიუხედავად დროის მოკლე მოანკვეთში გაშვებული ორი გოლისა, თბილისელებმა მობილიზება შეძლეს და 22-ე წუთზე ბადრი დემეტრაშვილმა სხვაობა შეამცირა.

ტაიმის მიწურულს ლანჩხუთლებმა მაინც მოახერხეს სასურველი უპირატესობის მოპოვება, მე-40 წუთზე დუბლი თორნიკე მოსიაშვილმა გაიფორმა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე დაფიქსირდა, მეოთხედ ვიტელთა კარის აღება კობა შალამბერიძემ მოახერხა.

"გურია" ლანჩხუთი - "ვიტ-ჯორჯია" თბილისი 4-1
გოლი: 15’ ვანო წილოსანი, 18’, 40’ თორნიკე მოსიაშვილი (ორივე "გურია"), 22’ ბადრი დემეტრაშვილი ("ვიტ-ჯორჯია"), 81’ კობა შალამბერიძე ("გურია")
გაფრთხილება: 90’ დიმიტრი ზოზულია ("გურია")


* * *
22-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა გაიმართა ზუგდიდში, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი "ზუგდიდი" და ცხინვალის "ცხინვალი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ნამდვილად დრამატული გამოდგა და გულშემატკივრებმაც კარგი სანახაობა იხილეს.

ანგარიში მე-8 წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა შოთა ლომიამ გახსნა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მეორე ნახევრის საწყის წუთებში კი შოთა ლომიას დუბლის წყალობით ზუგდიდელებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ანგარიშის მიუხედავად ცხინვალელები არ დანებებულან და მათმა მტკიცე ხასიათმა შედეგი გამოიღო, 73-ე და 79-ე წუთებზე ბიძინა მახარობლიძემ დუბლი მიითვალა და წონასწორობაც აღადგინა. ასეთ პატარა დროში უპირატესობის განიავებამ მეგრლები არ დააბნია და 83-ე წუთზე დათა რიგვავას შესანიშნავი გოლის წყალობით მათ მოგებაც მოახერხეს.

"ზუგდიდი" ზუგდიდი - "ცხინვალი" ცხინვალი 3-2
გოლი: 8’ 57’ შოთა ლომია ("ზუგდიდი"), 73’, 79’ ბიძინა მახარობლიძე ("ცხინვალი"), 83’ დათა რიგვავა ("ზუგდიდი")
გაფრთხილება: 45’ რატი ცაწკრიალაშვილი ("ცხინვალი"), 85’ ლევან კუტალია, 90’ ლევან წურწუმია (ორივე "ზუგდიდი")


* * *
წარუმატებელ სვლას განაგრძობს მარტვილის "მერანი", ამჯერად მარტვილელები ივანწმინდას ეწვივნენ და "ჩიხურასთან" 2-0 დათმეს შეხვედრა.

ანგარიში მე-9 წუთზე ალექსანდრე ივანიშვილმა გახსნა. ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ეს მხოლოდ საჩხერლებმა შეძლეს.

70-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საკუთარ გუნდს პრაქტიკულად გაუნაღდა კიდეც გამარჯვება.

"ჩიხურა" საჩხერე - "მერანი" მარტვილი 2-0
გოლი: 9’ ალექსანდრე ივანიშვილი, 70’ ბესიკ დეკანოიძე (ორივე "ჩიხურა")
გაფრთხილება: 53’ ნოდარ კიკნაველიძე ("მერანი").

* * *
მიჯრით წაგებული შეხვედრების შემდეგ "ზესტაფონმა" იმარჯვა. მოგეხსენებათ, რომ იმერულ კლუბში ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა და ამ გუნდის კრიზისი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. რუსთავლეთა მდგომარეობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ეს გუნდი პრაქტიკულად მთელი სეზონია ფინანსების გარეშე ასპარეზობს.

მოკლედ, "დავით აბაშიძეზე" ერთმანეთს ორი ისეთი კლუბი დაუპირისპირდა, რომელთა ამჟამინდელი სიტუაციაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

მარგველებმა თამაშის მოგება ათ წუთიან მონაკვეთში მოახერხეს, 46-ე და 56-ე წუთებზე დუბლი ჯონი ჯერემიამ გაახერხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისე კი აღსანიშნავია, რომ მატჩს მასპინძლები აკონტროლებდნენ და შეხვედრაც მათი სრული უპირატესობით წარიმართა.

"ზესტაფონი" ზესტაფონი - "მეტალურგი" რუსთავი 2-0
გოლი: 46’, 56’ ჯონი ჯერემია (ორივე "ზესტაფონი")

* * *
ვერაფრით ჩადგა ფორმაში ბოლნისის "სიონი". ქართლელებმა ნაყოფიერი შეკრებაც გაიარეს, კარგი შევსებაც მიიღეს, მაგრამ როგორც ჩანს გუნდს მაინც რაღაც აკლია რადგანაც ისინი სეზონის მეორე ნახევარს ძალიან ცუდად ატარებენ და გასავარდნ ზონაშიც იმყოფებიან.

ამჯერად ბოლნისელებმა "კოლხეთს" უმასპინძლეს და 1-2 დათმეს მნიშვნელოვანი შეხვედრა.

ანგარიში 14-ე წუთზე გაიხსნა, გოლი ლევან შენგელიას ანგარიშზეა. ფოთელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ტაიმის ბოლო წუთზე უპირატესობის გაზრდაც მოახერხეს, 45-ე წუთზე თავი ზურაბ თევზაძემ გამოიჩინა. მატჩის საბოლოო ანგარიში 64-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც სიონელმა ლუის ალბერტომ სხვაობის შემცირება მოახერხა.

"სიონი" ბოლნისი - "კოლხეთი" ფოთი 1-2
გოლი: 14’ ლევან შენგელია, 45’ ზურაბ თევზაძე (ორივე "კოლხეთი"), 64’ ლუის ალბერტო ("სიონი")
გაფრთხილება: 36’ ომარ გოგონაია ("კოლხეთი"), 52’, 66’ დაჩი ცნობილაძე ("სიონი"), 62’, 82 გურამ გურეშიძე, 70’ მერაბ გიგაური (ორივე "კოლხეთი"), 72’ გიორგი მიქაბერიძე, 89’ ლუის ალბერტო (ორივე "სიონი")
გაძევება: 66’ დაჩი ცნობილაძე ("სიონი"), 82’ გურამ გურეშიძე ("კოლხეთი").

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული