გურია-ვიტ ჯორჯია 4:1 - წილოსანის სადებიუტო წილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აქამდე "გურიისთვის" ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ "ვიტ ჯორჯია" მიიჩნეოდა, რომელთანაც ათწლეულის წინ საშინაო 1:5-ის სიმწარეც ახსოვს. ამ სეზონში თემურ ლორიას შეგირდები საკუთარ კედლებში ერთხელაც არ დამარცხებულან და რა გასაკვირია, თუ ეს ვერც პრობლემებმოძალებულმა "ვეტერინარებმა" მოახერხეს.

"გურია" კი უმაღლეს ლიგაში მეორედ დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მეორე სეზონია, ყველას აოცებს - სეზონისა თუ მისი განახლების წინ ყველაზე გვიან იკრიბება, მაგრამ მაინც წარმატებით თამაშობს - წლევანდელი შედეგებით ლორიას კრებულს მხოლოდ ოთხი გუნდი უსწრებს.

მატჩი თითქოს სტუმართა უპირატესობით დაიწყო და შეიძლებოდა, თამაშგარეს ზღვარზე მოთამაშე გურულთა
დაცვა ერთხელაც დასჯილიყო, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა და სამ წუთში ორი გოლის გატანით მასპინძლებმა საქმე თამაშის მეხუთედ დროში მოათავეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი გოლი, რომელიც მრავალმხრივ გახლდათ სადებიუტო: მისი ავტორი ვანო წილოსანი პირველად მოხვდა სასტარტოში და მწვრთნელებს ნდობა, თანაგუნდელ კობა შალამბერიძეს კი ჩინებული პასი გაუმართლა - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა შუახაზელმა უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

კლუბში ის ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და შედეგად, მისი გოლი ასევე პირველია, რომელიც წელს "გურიის" ნომინალური თავდამსხმელის ანგარიშზე ჩაიწერა.

აქამდე კი გოლები მხოლოდ შუახაზელებს გაჰქონდათ. მათგან ორჯერ თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა - მისი კინკილა გოლებით "გურიამ" ორი თამაში მოიგო, ამჯერად კი დუბლი შეასრულა: ჯერ ჩინებულად ათამაშებული შოთა გაბრიჩიძის კარგი პასი შეირგო და სტუმართა მეკარეს ერთი-ერთზე შანსი არ დაუტოვა, მეორედ ჯონი შეროზიამ მოსიაშვილის თავური კი გაანეიტრალა, მაგრამ დამატებას ვეღარაფერი მოუხერხა.

მანამდე კი ვიტელებმა ერთი გაიტანეს და მხოლოდ მცირეოდენი ინტრიგა შეიტანეს შეხვედრაში - ვალიკო გახარიას ჩინებული პასი გოლად ვანო კურდღელაშვილმა აქცია. ეს 22-ე წუთზე მოხდა. მერე კი "ცალკარა" წავიდა: ალექსი ბენაშვილის ერთი "გასროლა" ძელს მოხვდა, მეორე - მეკარემ მოიგერია; ალეკო კოშკაძის ჩინებული პასი თანაგუნდელებმა ვერ შეირგეს, თუმცა გურულთა კაპიტნის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა სწორედ მოსიაშვილის მეორე გოლი...

ამ უკანასკნელს მეორე ტაიმში ჰეთ-თრიკის გაფორმებაც შეეძლო, როცა გიგა ჭეიშვილის პასს თავი გაჰკრა და "ვიტ ჯორჯია" გოლს იღბალზე გადაურჩა.

თუმცა სტუმრები დიდი ანგარიშით წაგებას მაინც ვერ ასცდნენ და ამაში წვლილი იმავე ჭეიშვილმა შეიტანა - "გურიის" მცველმა შალამბერიძეს თითქმის ცარიელ კარში გაატანინა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
03.04. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე". 1 500 მაყურებელი
გურია-ვიტ ჯორჯია 4:1
გოლები: 1:0 წილოსანი (15. შალამბერიძის პასით), 2:0 მოსიაშვილი (18. გაბრიჩიძის პასით), 2:1 კურდღელაშვილი (22. გახარიას პასით), 3:1 მოსიაშვილი (40), 4:1 შალამბერიძე (81. ჭეიშვილის პასით)
გურია (4-5-1): იმერლიშვილი - ჭეიშვილი, ბ. ცინცაძე, ე. კილაძე, გ. მჭედლიშვილი (88. ღაღანიძე) - ბენაშვილი, გაბრიჩიძე, მოსიაშვილი (74. ზოზულია), კოშკაძე, შალამბერიძე (88. კონოვალოვი) - წილოსანი.
სათადარიგოები: გოგუაძე, ისიანი, გოგიაშვილი, მათიაშვილი
მწვრთნელი: თემურ ლორია
ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - მაისურაძე, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, თათხაშვილი - დავლაშელიძე (72. კუხალეიშვილი), კურდღელაშვილი (61. ლებანიძე) - გახარია, დანელია (46. ღიბრაძე), საბაძე - ხვისტანი.
სათადარიგოები: ისერგიშვილი, გიორგაძე, დადიანი, მურუსიძე
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
გაფრთხილება: ზოზულია (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 6
კ. შალამბერიძე (გურია) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

7 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩები

XXIII ტური
11 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია
დილა-სიონი
კოლხეთი-ზესტაფონი
ცხინვალი-გურია
მეტალურგი-შუქურა
ტორპედო-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
მერანი-დინამო (თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული