12:28 06-04-2015
ჩიხურა-მერანი 2:0 - კარგი განწყობით სათასო მატჩისთვის [VIDEO]
AutoSharing Option
პირველად ეს მოხდა მე-9 წუთზე, როცა დეკანოიძის ზუსტი პასი კარგად დაამუშავა ამ შეხვედრაში მართლაც ბრწყინვალედ მოთამაშე ივანიშვილმა და მცველების გარემოცვაში მაინც მონახა ღრიჭო კარისაკენ - 1:0.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დეკანოიძე-ივანიშვილის ტანდემი მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა. უზუსტობა რომ არა, მათ გოლების სარეკორდო რაოდენობის გატანა შეეძლოთ.
გატანასთან ახლოს იყვნენ სხვებიც, მათ შორის, არაერთხელ - სტუმრებიც, რომლებიც, როგორც კი მომენტს მოიხელთებდნენ, მწარედ "იკბინებოდნენ". ასე რომ, ხიფათი ხიფათს მოსდევდა ორივე კართან. "მერანი" იძულებული იყო, შორიდან დარტყმებზე აეღო ორიენტაცია, რაც უკვე მე-2 წუთზე მოახერხა წურწუმიამ.
მე-3 წუთზე კაშიას პასი ვერ დაიმორჩილა მუმლაძემ; ერთ წუთში გეგეჭკორმა სცადა გარღვევა; მერე იყო ხსენებული გოლი;
მე-11 წუთზე - ისევ დეკანოიძე-ივანიშვილი, მაგრამ მხოლოდ კუთხური; მე-18 წუთზე მუმლაძემ ააცილა ძალზე ხელსაყრელი მდგომარეობიდან;
26-ე წუთზე ჩიკვაიძე, უბრალოდ, ვალდებული იყო, გაეტანა; 27-ე წუთზე კი ივანიშვილს სულ ოდნავ უმტყუნა სიზუსტემ დეკანოიძის პასის შემდეგ, რაც კვლავ "გაიმეორა" 35-ე წუთზე; მე-40 წუთზე ორჯერ გააფუჭა ანალოგიური მომენტი დეკანოიძემაც.
გულხელდაკრეფილი არც სტუმრები ყოფილან: 37-ე წუთზე ყოფილი ჩიხურელი ლომაშვილის ჯარიმა სანტიმეტრებით გადასცდა ხარიხას, თორემ მეკარე მაქსიმე ქვილითაია ვერაფერს მოახერხებდა, ბურთისთვის თვალის გაყოლების მეტს.
ანგარიშის გაქვითვა "მერანს" ტაიმის უკანასკნელ წუთზეც შეეძლო - როცა "ჩიხურას" დაცვის ბურჯი, ბეჭამოვარდნილი კაშია მიწაზე ტკივილებისგან იკლაკნებოდა, ციცხვაიამ ისარგებლა თავისუფალი სივრცით, ფლანგიდან ჩაწოდებულს მძლავრად დასცხო თავი, მაგრამ ოდნავმა უზუსტობამ გოლის სიხარულის ყიჟინა პირზე შეაყინა მარტვილელებს.
მეორე ტაიმში ტემპს ორივე გუნდმა მოუმატა. სტუმრები ისევ შორეული დარტყმებით (ფონიავა, მელიავა) ცდილობდნენ ფონს გასვლას, მასპინძლები კი კომბინაციურ თამაშს ამჯობინებდნენ. მერამდენედ უნდა ვახსენოთ სიტყვა - "უზუსტობა"! 47-ე წუთზე დეკანოიძის მცდელობას უნდა გამოეღო შედეგი, 55-ე წუთზე კი - ივანიშვილისას. 71-ე წუთზე ჭელიძის შორეულ პასს კარგად შეჰყვა დეკანოიძე და ასევე შორიდან გადაუგდო თავზე წინ გამოსულ მეკარეს - 2:0.
მარცხმა ვერ გატეხა "მერანი". არც მასპინძლები ყოფილან ყრუ დაცვაში და თუ გოლი აღარ გავიდა, ეს მეკარეების დამსახურება იყო.
მატჩის შემდეგ
შალვა ღონღაძე ("მერანის" მწვრთნელი): "ძალიან კარგი თამაში იყო. ბევრი მომენტი გავანიავეთ, დაცვაში კი ბავშვური შეცდომები დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ "ჩიხურას" გარჯას ვაკნინებ. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას".
სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი): "მართალნი არ ვიქნებოდით, რომ აქცენტი სათასო მატჩზე გადაგვეტანა და ეს თამაში "გადაგვეგორებინა". ჩემპიონატსაც პატივისცემა უნდა და მაყურებელსაც. ვიბრძოლეთ და კარგი განწყობა შევიქმენით "სამტრედიასთან" პაექრობის წინ. იმედები გამიმართლა ივანიშვილმა. მან ძალიან აზრიანად ითამაშა, ტექნიკურად ბრწყინვალე ფეხბურთელია და თუ ფიზიკური კონდიციების ამაღლებასაც მოახერხებს, ერთი კარგი ფეხბურთელი შეემატება ჩემპიონატს".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
03.04. ივანწმინდა. 300 მაყურებელი
ჩიხურა-მერანი 2:0
გოლები: 1:0 ივანიშვილი (9. დეკანოიძის პასით), 2:0 დეკანოიძე (71. ჭელიძის პასით)
ჩიხურა: ქვილითაია, ჭელიძე, განუგრავა, მუმლაძე, დეკანოიძე, კორიფაძე, სარდალიშვილი (84. ტრაიანოვსკი), ივანიშვილი (65. მანჯგალაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია (45. ლუბჩაკი).
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჯელიძე, კაკაშვილი, იაკობაშვილი.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მერანი: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, ფონიავა, ჯღამაია (65. კუშნირი), წურწუმია (18. ქიქავა), გეგეჭკორი, ლომია, ციცხვაია (46. ფიფია), კიკნაველიძე.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ქაჯაია, ციცხვაია, გეგია.
მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
გაფრთხილება: ორბელაძე (52)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 6
კ. შალამბერიძე (გურია) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
7 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩები
XXIII ტური
11 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია
დილა-სიონი
კოლხეთი-ზესტაფონი
ცხინვალი-გურია
მეტალურგი-შუქურა
ტორპედო-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
მერანი-დინამო (თბ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შალვა ბატონო, შენ რომ ასეთ კომენტარს აკეთებ თამაშის მერე ბავშური სეცდომებიო. შენ თვითონ თუ გესმის და გაგეგება ფეხბურთი საერთოდ. სად გითამაშია და რა დონეზე? რისთვის იღებთ ხელფასს შენ და ლობასა. ლობასი ალბათ ჩარტყმული იყო და ვერ ხედავდა კარგად.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული