"ზესტაფონი" არსებობის ბოლო საათებს ითვლის...

AutoSharing Option
ფოტოზე: კულუარებში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ილია კოკაია საბოლოოდ წავა "ზესტაფონიდან", კლუბისთვის უკვე მოძებნილია სერიოზული სპონსორი
ნაღდი საგასავით გაიწელა "ზესტაფონის" გაჭირვების ამბავი. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გამუდმებით ისმოდა იმის თაობაზე, რომ თუ ქალაქის მუნიციპალური ორგანოები არ მოახდენდნენ სუბსიდიას, "ზესტაფონი" სათამაშოდ ვერ გავიდოდა.

ბოლოს და ბოლოს, მოსახდენი მოხდა. "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობა ფოთის "კოლხეთთან" საპაექროდ ვერ გაემგზავრა. ამის თაობაზე მარგველთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის
23-ე ტურის შეხვედრები იმართება. ფოთში, ადგილობრივი "კოლხეთის" მეორე გუნდს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რეზერვისტებისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა იმერულ კლუბში შექმნილი მდგომარეობის გამო მატჩი ჩაიშალა.

როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონში", მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან იქნა მიღწეული შეთანხმება გუნდის დაფინანსების პროცესში თანადგომის თაობაზე, თავად ეს პროცესი დღემდე არ დაწყებულა ბიუროკრატიული (თუ კიდევ სხვა მრავალი...) ხასიათის მიზეზთა გამო.

თუკი აქამდე უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბის ხელმძღვანელობა ასე თუ ისე ახერხებდა (მათ შორის, გუნდის ბედით შეწუხებული ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით) ელემენტარული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, დღეს ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა და ფოთელებთან მატჩზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეორე გუნდი, მარტივად რომ ვთქვათ, უფულობის გამო ვერ გაემგზავრა.

ანალოგიური ვითარებაა შექმნილი მარგველთა პირველი გუნდის გარშემო - როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა გუნდი აღარ ვარჯიშობს და ამ ეტაპზე ლანჩხუთში 11 აპრილს ფოთელებთან გასამართავ მატჩზე იმერელთა გამგზავრება აბსოლუტურად წარმოუდგენლად გვესახება.

მოვლენათა ასეთი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში კი, ეროვნული პირველობის გათამაშებიდან ჩვენი გუნდის მოხსნა გარდაუვალი გახლავთ".

მართლაც პარადოქსია, რომ XXI საუკუნის დასაწყისში ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, სუპერთასის ორგზის მფლობელი გუნდი.

საერთოდ, არ გვგონია, მნიშვნელობა ჰქონდეს კლუბის მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებულ ტიტულებს. "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ცხადია, ქართული ფეხბურთის დღევანდელ იმიჯს პირდაპირ ურტყამს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა...

კომენტარისთვის კიდევ ერთხელ შევაწუხეთ "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძე, ვინც დამაიმედებელი ვერაფერი გვითხრა:

"აღარ დაილია ინსტანცია... არ ვიცით, ბოლოს ვინ განიხილავს ჩვენს საკითხს, რუსეთის დუმა თუ უკრაინის რადა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. სერიოზულად კი, "ზესტაფონი" არსებობის ბოლო საათებს ითვლის.

ძალიან დიდი ალბათობით, კლუბი თავს ბანკროტად გამოაცხადებს და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან მოიხსნება.

"ზესტაფონს" ფეხბურთელებისა და პერსონალის ვალი აქვს, ამ ხალხის უკან ოჯახები დგას... ამჟამად გუნდი არ ვარჯიშობს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კლუბი პარალიზებულია. ამჟამინდელი სიტუაციით, ჩვენი გამგზავრება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩზე, რომელიც ლანჩხუთში უნდა ჩავატაროთ ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ, გამორიცხულია.

ერთადერთი გამოსავალი სიტუაციის კარდინალურად შეცვლაა. მეტი გზა აღარ არის - გუნდი მოიხსნება ჩემპიონატიდან", - გვითხრა ფუტკარაძემ.

კულუარებში კი საუბრობენ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ილია კოკაია საბოლოოდ წავა "ზესტაფონიდან", კლუბისთვის უკვე მოძებნილია სერიოზული სპონსორი. ეგაა, ღიად ჯერჯერობით ყველა ერიდება ამაზე საუბარს და იმ პიროვნების დასახელებას. არც ჩვენ გვსურს, ამ ეტაპზე ვარაუდის დონეზე ვწეროთ.

ერთის იმედს კი ვიტოვებთ - პროცესები მხოლოდ ზესტაფონური და ქართული ფეხბურთის ინტერესების შესაბამისად წარიმართება და გასაქანი არ მიეცემა მერკანტილური მიზნებით შენიღბულ პროცესებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ დრო არის პრობლემა და დანარჩენი მოგვარებადია, იქნებ ფედერაციიდან აეღოთ დროებით სესხად დახმარბა
1111
12:43 09-04-2015
0
ან წავიდეს ან დარჩეს ეს კოკაია წაიღო ტვინი რა ულტიმატუმის ენით ლაპაროკობენ თუარგინდათ წადით ვინ გეხვერჭებათ მოვა ვიღაც მიხედავს გუნდს წადი წადი
dato
12:51 09-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული