ინვესტორი მზადაა, რუსთავის "მეტალურგში" ფული დააბანდოს, მაგრამ...

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში სპონსორი იშვიათობაა. ვინც კლუბებს აფინანსებს, ისიც გარბის და უკან მოხედვა აღარ სურს. ამ დროს, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, თურმე, არის ბიზნესმენი, რომელსაც უმაღლესი ლიგის ყველაზე გაჭირვებული გუნდის, რუსთავის "მეტალურგის" აყვანა და მისი მოღონიერება სურდა და საამისოდ ფულსაც არ ინანებდა.

მაგრამ კლუბში მის მისვლას ყველასთვის ცნობილი პრობლემები აბრკოლებს.

ეს მოულოდნელი განცხადება "ლელოსთან" "მეტალურგის" ამჟამინდელმა მმართველმა, კახა მენთეშაშვილმა გააკეთა და დასძინა, რომ 8-მილიონიანი დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, რუსთავის გუნდი არათუ უმაღლესი ლიგიდან არ გავარდება, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ექნება...

- კლუბი,
რომელიც პირველი წრის აღმოჩენა გახდა, უმაღლესი ლიგიდან გავარდნისა და გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა...

- სამწუხაროდ, ასეა. არადა, არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში საქმიანობს და კლუბში სოლიდური ინვესტიციების დაბანდების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამის შანსი არ ეძლევა. მეც "მეტალურგში" იმიტომაც მივდიოდი, რომ მისგან დაფინანსების გარანტია მქონდა. ამ ადამიანთან დიდი ხნის საქმიანი კავშირები მქონდა.

როცა "მეტალურგი" უპატრონოდ დარჩა და ავიყვანე, რუსთავში ჩამოვიდა. ფეხბურთის მცოდნეც არის და მოყვარულიც და ცნობილ კლუბებთან პარტნიორული კავშირებიც გააჩნია. ნახა რუსთავის სტადიონი, იქვე მდებარე პარკი და ეს ყველაფერი ძალიან მოეწონა.

როცა კლუბის ისტორიას, მიღწევებსა და გაზრდილების გვარებს გადახედა, "მეტალურგით" სერიოზულად დაინტერესდა და მკითხა, თვეში რა თანხა დაგვჭირდებოდა. ვუთხარი, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გუნდს, დაახლოებით, 60 ათასი ლარი ეყოფოდა.

მან რუსული კლუბების ანალოგიური მონაცემები იცის და ეს ციფრი იმდენად სასაცილოდ მოეჩვენა, გაუკვირდა და "მეტალურგის" დაფინანსება უცებ გადაწყვიტა - ამ ფულს რუსული პრემიერლიგის აუტსაიდერებიც კი ყველაზე ცუდ მოთამაშეს ყოველთვიურად უხდიანო და მკითხა - რამდენი გინდათ, "მეტალურგი" რომ აყვავდესო? აქ მილიონ ლარზე კი არ იყო ლაპარაკი...

- ამ დროს იცოდით, გუნდს 8-მილიონიანი ვალი რომ ჰქონდა?
- სამწუხაროდ, არ ვიცოდი. არადა, უკვე გეგმებს ვაწყობდით. კაცმა გუნდისთვის ოთხი წყვილი ფორმის, მთლიანი ეკიპირებისა და ფორმების შეკვეთა გადაწყვიტა და ფორმის დიზაინსაც ვარჩევდით. ცალკე სტადიონის განახლებას აპირებდა. ოთხჯერ მოსკოვიდან საგანგებოდ თამაშზე დასასწრებად ჩამოფრინდა, ფეხბურთელებს სახელებითა და გვარებით იცნობდა და ისიც კი შეისწავლა, ვინ იყო სტაბილური და ვინ - არა.

ეს ამბავი რომ ვუთხარი, ტელეფონით ველაპარაკებოდი. ისე ეწყინა და განიცადა, ორი წუთი ხმა ვერ ამოიღო, მე კი დღემდე შოკში ვარ.

თავიდან მითხრეს, რომ ამ დავალიანების მოგვარება მალე და იოლად შეიძლებოდა, მაგრამ საბოლოოდ, სულ სხვაგვარად აღმოჩნდა. არადა, ახლა ყველა მე მთათხავს, მაშინ, როცა თავს მეც მოტყუებულად ვთვლი.

- თუ დიდი ფულის პატრონია, 8 მილიონის გადახდა მისთვის რა პრობლემა უნდა ყოფილიყო?
- არასასიამოვნოა, როცა ასეთ ამბავს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგებ. მილიარდერიც რომ იყოს, თავს მოტყუებულად იგრძნობს, ეს კი ყველას აფრთხობს. ჯერ ისიც საკითხავია, რეალურად კლუბის ვალი მართლა 8 მილიონია თუ არა. ამას იურისტები არკვევენ.

- ახლა რას აპირებთ?
- წარმოდგენა არ მაქვს. მე გულშემატკივართან და ამ ბიზნესმენთან თავს უხერხულად ვგრძნობ.

- ანუ ეს ვარიანტი გამოირიცხა?
- რომ იცოდეთ, ახლაც მზადაა, "მეტალურგი" დააფინანსოს, თუ 8-მილიონიანი დავალიანება ჩამოგვეწერება, მაგრამ საამისოდ არაფერი კეთდება. მეტიც, ეს კაცი ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც ჩამოვიდა, მაგრამ მასთან შეხვედრაც არ ისურვეს!

- ვინ არ შეხვდა?
- გვარის დასახელება არ მინდა. იურიდიულად კი, ახალი კლუბის ჩამოყალიბება არ შეიძლება, ეს დავალიანება მაინც არ ჩამოგვეწერება. ერთი გამოსავალია - გუნდი მეორე ლიგაში უნდა გავარდეს, მაგრამ "მეტალურგში" ამისთვის მოვდიოდით?

სხვათა შორის, რასაც ახლა ვამბობ, ადრეც მითქვამს, მაგრამ რატომღაც მედიასაშუალებებმა ამოჭრეს და მიზეზს ვერ ვხვდები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
სხვაგვარად არ გამოვა არაფერი. ჭკუას ვერ ვისწავლით და ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ.
ariqa
14:15 15-04-2015
0
სხვაგვარად არ გამოვა არაფერი. ჭკუას ვერ ვისწავლით და ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ.
ariqa
14:15 15-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული