რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია: რუსთავში საფეხბურთო ცხოვრება არ ჩაკვდება და ქალაქს კვლავაც ეყოლება პროფესიული კლუბი!

ოღონდ რუსთაველ გულშემატკივრებს ამიერიდან პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდის ქომაგობა მოუწევთ, თანაც, ახალი სახელწოდების მქონე გუნდის - 2015/16 წლების სეზონში, საქართველოს ორ ექსჩემპიონთან, "ზესტაფონსა" და "ვიტ ჯორჯიასთან" ერთად, პირველ ლიგაში საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" გამოვა...

ეს ყველაფერი კი ორი დღის წინათ, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რის მიხედვითაც, საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" 100 პროცენტით ქალაქის მერია დააფინანსებს.

მოგეხსენებათ, თუ რა უმძიმესი ფინანსური სიტუაცია იყო წინა სეზონში რუსთავის აწ უკვე ყოფილ კლუბში,
"მეტალურგში" და ბოლოს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: ყველანაირ პირობებს მოკლებულმა გუნდმა მეორე წრეში ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო და უმაღლესი ლიგიდან გავარდა. არადა, ლაპარაკია გუნდზე, თავის არსებობის 9-წლიან ისტორიაში ორჯერ რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი და საერთოდაც, ამ დროის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებულ გუნდად რომ მიიჩნეოდა.

თუმცა, უკვე წინა სეზონის დაწყებამდე იყო ცნობილი, რომ "მეტალურგს" გარკვეული პრობლემები უნდა ჰქონოდა, თუმცა მერე და მერე სიტუაცია კატასტროფული ტემპით უარესდებოდა და საბოლოო შედეგის განჭვრეტაც სიძნელეს არავისთვის წარმოადგენდა. ახლა კი, ყველაფერი ნულიდან იწყება და რახან "მეტალურგის" ხელმძღვანელებს აღარ შეეძლოთ კლუბის შენახვა-პატრონობა, პირველ ლიგაში თავისი ადგილი ახლად დაფუძნებულ "რუსთავს" დაუთმეს.

ახლა ამ ყველაფერს ოფიციალური დასტური სჭირდება: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი სწორედ ის უნდა იყოს, რომ რუსთავის "მეტალურგის" ნაცვლად პირველ ლიგაში საფეხბურთო კლუბმა "რუსთავმა" იასპარეზოს.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით კვლავაც ღიად რჩება სტადიონის საკითხი: "ფოლადი" ხომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ეკუთვნის, ანუ იმ კომპანიას, რომელიც თავის დროზე პატრონობდა კიდევაც "მეტალურგს"; მაგრამ მერე სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ საფეხბურთო კლუბ "მეტალურგს" ყველასათვის ცნობილი ის 8-მილიონიანი დავალიანება სწორედ... რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ჰქონდა!

ჰო, ასეც ხდება ხოლმე: სპონსორი რომ ეგონა ყველას, თურმე, ის დაფინანსება... ვალის სახით ხდებოდა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელმა აღმასკომის სხდომამ თუ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და "რუსთავს" პირველ ლიგაში მონაწილეობის ნება დართეს, ამ ახალი კლუბის ახალი ცხოვრებაც უკვე ხვალიდანვე დაიწყება; ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნები ექნება ახალ გუნდს, ისე, როგორც უცნობია, თუ ვინ იქნება "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი და რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ ამ გუნდში.

Sportall.Geსამაგიეროდ, უკვე ცნობილია "რუსთავის" დირექტორის ვინაობა - ბადრი მაჭავარიანს რუსთავში ყველა იცნობს და აფასებს. ამ ნიჭიერ და უაღრესად ერუდირებულ კაცს რუსთავში სხვადასხვა სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და, რაც მთავარია, უკვე დიდი ხანია, აქტიურად არის ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში: "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" საქართველოს ფილიალის ადმინისტრაციული მენეჯერი გახლავთ და ამავდროულად, მასობრივი ფეხბურთის მწვრთნელთა განათლების C კატეგორიის კურსის ხელმძღვანელია.

წლების წინათ, რუსთავში არსებობდა საფეხბურთო კლუბი "რუსთავი", თუმცა ამ და საერთოდ, ამ ქალაქის გუნდების ისტორიაზე "ლელოს" ხვალინდელ ნომერში ვისაუბრებთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარი უაზრობაა,როცა ფული არაა მაშინ რუსთავი და რუსთაველები წვალობენ,როცა ფულია მაშინ სტადიონი რუსთავს არ ეკუთვნის და...მახსოვს როგორი გუნდი დაგვიშალეს,ბიჭები და პირადად მეც ცივ წყალში ვბანაობდით და მესამეზე გავედით პირველ ლიგაში და გადმოვიყვანეთ გუნდი.მაგრამ ფინანსები არ იყო.ისევ პირველ ლიგაში ვითამაშეთ,გაიყიდა სტადიონი მოვიდა თბილისის თბილისი და ძალიან პრესპექტიული ბიჭები ზედ სეზონის ბოლოს დარჩნენ უგუნდოდ,...უამრავი ახალგაზრდა ჩამოშორდა სამწუხაროთ მაშინ რუსთავის ფეხბურთს,ახლაც ახალგაზრდები იწვალებენ კაი გუნდს დააყენებენ და შემდეგ....არც გირს ამაზე ფიქრი....გადახედეთ 2004-2006 წლის რუსთავის რუსთავს რა ხალხი თამაშობდა,ეხლაც ნებისმიერ გუნდს რომ დაამშვენებდნენ უმაღლეს ლიგაში...
rustavi
20:16 07-07-2015
0
ბადრი იდეალური კანდიდატურაა!!!
zura
13:54 07-07-2015
0

სიახლეები პოპულარული