უმაღლესი ლიგის XXIV ტურის წინ: ­ფავორიტთა კარნახით?

AutoSharing Option
ფოტოზე: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ერთგულ ქომაგებს მადლობას უხდიან
ერთ თვეზე სულ ოდნავ მეტიღა დარჩა სეზონის დასრულებამდე და, ალბათ, ზედმეტია იმაზე მსჯელობა, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება თითოეულ მატჩს. მით უფრო, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ჩემპიონისა თუ უმაღლესი ლიგიდან გასავარდნი გუნდების ვინაობა, სავარაუდოდ, ბოლო ტურამდე არ გაირკვევა.

ისე, მართლაც გადავეჩვიეთ ისეთ სიტუაციას, როცა სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე სამ გუნდს ჰქონოდეს ჩემპიონობის რეალური შანსი; ისევე როგორც მეტად და მეტად დაძაბულ სიტუაციას სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშიც, სადაც, სულ მცირე, ექვსი გუნდიდან ერთს გადათამაშებაში
მოუწევს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, ერთს კი - პირველ ლიგაში დაქვეითება ელოდება.

მოკლედ, დარჩენილი შვიდივე ტური უდიდეს ინტრიგას გვპირდება და გამონაკლისი არც ამ შაბათ-კვირას გასამართი მატჩებია; თანაც, XXIV ტურის რვა მატჩიდან, სულ მცირე, ხუთი ისეთი წყვილია, ფავორიტის "სტატუსს" ვერც ერთს რომ ვერ მიანიჭებ.

თუმცა, დანარჩენი სამი დაპირისპირებაც გარკვეულ ინტერესს იწვევს, ოღონდ, ამ სამ შემთხვევაში სენსაცია-სიურპრიზებს ნაკლებად უნდა ველოდოთ.

18.04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00
სიონი-მერანი
პირველი წრე 0:2
ურთიერთშეხვედრები
9: +4 =1 -4, 9:11
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ლომაშვილი (მერანი)

ეს ორივე გუნდი მეორე წრეში არასტაბილურად ასპარეზობს და აქამდე ჩატარებულ რვა ტურში მოგროვილი მხოლოდ ექვს-ექვსი ქულაც ამას მოწმობს (სხვათა შორის, ამაზე უარესი შედეგი მეორე წრეში "მეტალურგსა" და "ვიტ ჯორჯიას" აქვს).

თანაც, ეს მატჩი თავისუფლად შეიძლება "ექვსქულიან დაპირისპირებად" მივიჩნიოთ, რამეთუ "მერანიც" სახიფათო ზონაში იმყოფება, "სიონი" კი ზედიზედ ორი მარცხის მერე მყარად დამკვიდრდა ბოლოსწინა ადგილზე.

თუმცა, ლადო ბურდულის გუნდის მდგომარეობას კრიტიკულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: კონკურენტებისგან განსხვავებით, "სიონს" ბევრად უფრო "ლმობიერი" კალენდარი აქვს და, რაც მთავარია, ტრავმირებული ფეხბურთელებიც ნელ-ნელა უნდა დაბრუნდნენ.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ ამ ტურის გარდა, კიდევ ორ მომდევნო "საშინაო" მატჩს "სიონი" გორში ჩაატარებს; თუმცა, ქვემოქართლელები ხომ უკვე დიდი ხანია "საშინაო" მატჩებს სხვა ქალაქებში ატარებენ: თბილისში, გორში, რუსთავში...

18.04. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
შუქურა-კოლხეთი
პირველი წრე 2:2
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 7:8

წინა სეზონში ორივე გუნდი პირველ ლიგაში უპირისპირდებოდა ერთმანეთს (შარშან, გაზაფხულზე გვარიანად სკანდალური მატჩიც ჩაატარეს), ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იგივე "კოლხეთს" მეტ-ნაკლებად მშვიდი ფინიში უნდა ჰქონდეს.

არადა, პირველი წრის დასრულების მერე ბევრი ფიქრობდა, რომ "კოლხეთს" სერიოზული ბრძოლა მოუწევდა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. თუმცა, მეორე წრეში ზაზა ინაშვილის გუნდმა სამი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო (პლუს, "ტორპედოსა" და "დინამო თბილისს" აართვა ქულები) და გასავარდნ ზონასაც გვარიანად დაშორდა.

"შუქურა" კი ტურიდან-ტურამდე გვაოცებს და მეორე წრეში მართლაც წარმატებულმა თამაშმა გუნდის მიზნები 180 გრადუსით შეცვალა: ქობულეთელებს რეალური შანსი გაუჩნდათ, სეზონი... მეოთხე ადგილზე რომ დაასრულონ!

აი, რა მოჰყვა კლუბის სწორად წარმართულ სატრანსფერო პოლიტიკას და იმასაც დავძენთ, რომ მეორე წრეში ნაჩვენები შედეგით გელა სანაიას დამოძღვრილი "შუქურა" მხოლოდ და მხოლოდ "კარის მეზობელს", ბათუმის "დინამოს" ჩამორჩება.

18.04. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 16:00
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
პირველი წრე 0:2
ურთიერთშეხვედრები
5: +3 =0 -2, 7:4
დისკვალიფიკაცია: ნიკა დიასამიძე (დინამო ბთ)

ბოლო ორ მატჩში მოპოვებულმა უმნიშვნელოვანესმა ოთხმა ქულამ "ზუგდიდი" მეტ-ნაკლებად უხიფათო ზონამდე აიყვანა, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ბესიკ შეროზიას გაწვრთნილ გუნდს ზედიზედ ორი ურთულესი საშინაო მატჩი ელოდება: ჯერ - ბათუმის "დინამოსთან", მერე კი - "სამტრედიასთან".

საერთოდაც, "ზუგდიდს" არცთუ სახარბიელო კალენდარი აქვს: იმის გარდა, რომ სტუმრად "დინამო თბილისთან" მატჩი ელოდება, ორი დაპირისპირება უშუალო კონკურენტებთანაც უწევს. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, რატომღაც მაინც გვგონია, რომ "ზუგდიდს" ამ სეზონში აღარ დასჭირდება "საფეხბურთო ამნისტია" და სპორტული პრინციპების დაცვით შეძლებს არა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას, არამედ პლეი ოფის მატჩისთვისაც თავის აცილებას.

ერთპიროვნულ ლიდერ ბათუმის "დინამოს" კი ამიერიდან ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასი ექნება და სწორედ ასეთად მიგვაჩნია შაბათის შეხვედრაც, რომელიც თამამად შეიძლება ტურის ცენტრალურ დაპირისპირებადაც მივიჩნიოთ.

19.04. თბილისი. დინამო არენა. 16:00
დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
50: +19 =19 -12, 61:40

არცთუ შორეულ წარსულში, საქართველოს ჩემპიონის ბედი სწორედ "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირებებში ირკვეოდა; თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, ამ ბოლო წლებში "ვეტერინარებს" ბევრად უფრო მოკრძალებული მიზნები ჰქონდათ და ეს ახალგაზრდული გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას თუ ახერხებდა, მიმდინარე სეზონში ეს ძალიან გაუჭირდება.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სწორედ "ვიტ ჯორჯია" იყო "დინამოსათვის" ყველაზე უხერხული მეტოქე და შინ თუ გარეთ, "ვეტერინარებს" არაერთხელ "გაუმწარებიათ" ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჟამად მეტოქეები სხვადასხვა "წონით კატეგორიაში" გამოდიან და სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებითაც, წყვილში ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა ზედიზედ სამი ფრის შედეგად ლიდერობაც დაკარგა და სულაც მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

აქვე, შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის მატჩი ჩისკოს ერთადერთი გოლით "დინამომ" მოიგო და ეს იყო ესპანელი ლეგიონერის ერთ-ერთი უკანასკნელი გოლი საქართველოს ჩემპიონატში.

19.04. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 16:00
ზესტაფონი-დილა
პირველი წრე 2:2
ურთიერთშეხვედრები
21: +13 =1 -7, 38:23

ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი დღესდღეობით, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა! ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დამაიმედებელიც არაფერი ისმის და თუ ასე გაგრძელდა, "ზესტაფონისა" და ბოლო წლების კიდევ ერთი წარმატებულ გუნდ "მეტალურგიდან" ერთ-ერთს პირველ ლიგაში დაქვეითება ან, იდეალურ შემთხვევაში, პლეი ოფში მოხვედრა არ ასცდება.

ისე, არავინ იცის, რამხელა ფასი ექნება მეორე წრეში "ზესტაფონის" მოგებას "მეტალურგთან" (2:0). იმიტომ, რომ, პრობლემებმოძალებულ ამ ორივე გუნდს ერთობ რთული კალენდარი აქვს. თუმცა, სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ 7 ტურია დარჩენილი და კვირის მატჩში "ზესტაფონს" მეტად მოტივირებული მეტოქე ეყოლება: კლუბის ისტორიაში ხომ მეორედ ხდება, როცა გორელთა გუნდს ჩემპიონობის შანსი აქვს!

თანაც, იმ პირველი შემთხვევისგან (2012/13 წლების სეზონი) განსხვავებით (როცა "დილამ" უშუალო კონკურენტ "დინამო თბილისთან" საშინაო მარცხით დაკარგა ოქროს მედლების მოპოვების შანსი), გორელებს ამჯერად ბევრად უფრო ხელსაყრელი კალენდარი აქვთ და სამტრედიაში გასვლას თუ არ ჩავთვლით, გვეეჭვება, სადმე ქულებიც დაკარგონ.

19.04. ივანწმინდა. 16:00
ჩიხურა-ცხინვალი
პირველი წრე 1:2
ურთიერთშეხვედრები
3: +2 =0 -1, 6:5
დისკვალიფიკაცია: გიორგი კაჭკაჭიშვილი (ცხინვალი)

პირველი წრის შემდეგ ეს ორივე გუნდი ჩემპიონატიდანაც ინარჩუნებდა ევროტურნირების საგზურის მოპოვების შანსს და, პარალელურად, თასზე წარმატებულად ასპარეზობის იმედიც ჰქონდა. თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: "ცხინვალი" და "ჩიხურა" ჩემპიონატში V-VI ადგილებს იყოფენ და ამავდროულად, რვა ქულით ჩამორჩებიან მესამე ადგილზე მყოფ "დინამო თბილისს".

თუმცა, არახალი ამბავია, რომ ეს ორივე გუნდი ძირითად აქცენტს თასის გათამაშებაზე აკეთებდა და თავდაპირველად, ყველაფერი "გეგმის" მიხედვითაც მიდიოდა; თუმცა, "ჩიხურამაც" და "ცხინვალმაც" პირველი ნახევარფინალური მატჩები წააგეს და ახლა დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, საპასუხო შეხვედრები თავიანთთვის სასურველი შედეგით რომ დაამთავრონ.

...ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩიც უნდა ვახსენოთ, როცა პირველი ტაიმი "ჩიხურამ" მოიგო გიორგი კორიფაძის გოლით; თუმცა, მატჩის ბოლო ექვს წუთში, მოედანზე რამდენიმე ხნის წინათ შემოსულმა ირაკლი ლექვთაძემ "დუბლი" შეასრულა და იმდროინდელ ცხინვალის "სპარტაკს" 3 ქულა მოუტანა.

19.04. სამტრედია. ე. მანჯგალაძე". 16:00
სამტრედია-მეტალურგი
პირველი წრე 1:1
უთიერთშეხვედრები
9: +0 =2 -7, 3:24
დისკვალიფიკაცია: თორნიკე გორგიაშვილი, თორნიკე კაპანაძე, გიორგი თევზაძე (ყველა - სამტრედია) - გიორგი ნარიმანიძე (მეტალურგი)

იმის მიუხედავად, რომ დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი არ ეყოლებათ (პლუს, ტრავმირებულნიც არ დაგვავიწყდეს), მაინც ძნელი წარმოსადგენია, უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფმა და, ფაქტობრივად, ყველანაირად მოუმზადებელმა "მეტალურგმა" ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწიოს ევროტურნირების საგზურისათვის მებრძოლ "სამტრედიას".

თანაც, ზაზა ზამთარაძეს მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მაინც შეუძლია დისკვალიფიცირებული თუ ტრავმირებული ფეხბურთელების ჩანაცვლება, აი, მისი რუსთაველი კოლეგა ვარლამ კილასონია, თითქოს სხვა პრობლემები არ ეყოფოდაო, ძირითადი შემადგენლობის საკვანძო მოთამაშეს, გიორგი ნარიმანიძესაც მოისაკლისებს.

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "სამტრედიას" ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგია რუსთავის "მეტალურგთან" ("ოლიმპთან") და ძალიან დიდი ალბათობით, ეს წარუმატებელი სერია კვირას უნდა შეწყდეს. თუმცა, რაც მეორე წრე დაიწყო, "მეტალურგთან" მატჩის წინ ყველა გუნდი ხომ სამ ქულას გეგმავს.

19.04. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 16:00
გურია-ტორპედო
პირველი წრე 2:2
ურთიერთშეხვედრები
26: +8 =3 -15, 33:56
დისკვალიფიკაცია: გივი იოსელიანი (ტორპედო)

სატურნირო თვალსაზრისით, ერთი შეხედვით, უინტრიგო მატჩად უნდა შეფასდეს "გურიასა" და "ტორპედოს" დაპირისპირება: ორივე გუნდი ხომ "ნეიტრალურ ზონაში" იმყოფება!

ანუ, ზედა სამეულის გუნდებს ვეღარ დაეწევიან, პირველ ლიგაში დაქვეითებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია; თუმცა, ინტრიგა მაინც ახლავს ამ შეხვედრას: "გურია" ხომ ერთადერთი გუნდია უმაღლეს ლიგაში, საუკუთარ მოედანზე თამაში რომ არ წაუგია!

მოკლედ, მართლაც საინტერესო იქნება, თუ რამდენად შეძლებს გიორგი დარასელიას დამოძღვრილი "ტორპედო" ლანჩხუთელთა ამ წარმატებული სერიის შეწყვეტას; თავის მხრივ, არანაკლებ დამაინტრიგებელია ის ფაქტიც, რომ უკვე თვე-ნახევარია, "ტორპედო" დაუმარცხებლად ასპარეზობს და მართლაც საინტერესო იქნება, თუ როგორ შეძლებს "ფავორიტთა რისხვად" აღიარებული "გურია" ქუთათურთა გუნდის შეჩერებასაც!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დილა ჩემპიონ!
kika
12:38 18-04-2015
0
ბათუმის დინამოს უსამართლოდ დასჯაზეც თქვით რაიმე. ისედაც გუუნდს სტადიონი არა აქვს, ქობულეთში თამაშობს და კიდევ 'ღვაწლმოსილმა' სფფ-მ სამი საშინაო მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება განუსაზღვრა. მსაჯები კიდევ რას აღარ ცდილობენ (გინდ ტორპედოსთან და გინდ სამტრედიასთან მატჩებში კარგად გამოჩნდა)რომ არ მოაგებინონ გუნდს. მაინც გაიმარჯვებს! წინ ბათუმის დინამო!
დათო
13:00 18-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული