ილია კოკაია: დამნაშავეა მთელი საფეხბურთო ოჯახი

AutoSharing Option
21 აპრილს "ზესტაფონის" ხელმძღვანელობამ რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. კლუბის მფლობელის, ილია კოკაიას თქმით, სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ "ზესტაფონი"-"დილას" მატჩის წინ მომხდარი ინციდენტი. ამასობაში კი, ქალაქის საკრებულომ, საგანგებო სხდომაზე, კლუბის დაფინანსება იუარა.

ეს მატჩი რომ შემდგარიყო... ანუ გადავურჩით თუ არა სკანდალს?
იმერული კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ "დილას" წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა "ზესტაფონის" ფეხბურთელებზე ზემოქმედების მცდელობას. როგორც კლუბის მფლობელმა ილია კოკაიამ განაცხადა, ისინი აპირებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობას.

"ახლა კონკრეტულად ვერ დავასახელებ, ვის მიერ მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვაცნობოთ სამართალდამცველებს ამ ფაქტის თაობაზე.

"დილასთან" მატჩამდე მომხდარის შესახებ ვაცნობე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს. ასევე, მე მას ვთხოვე, საქმის კურსში ჩაეყენებინა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა. არველაძემ მითხრა, რომ სიჭინავა იმ მომენტისთვის არ იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა ჩემს თხოვნას აუცილებლად გადასცემდა. გავიდა დრო, მაგრამ ფაქტია, არავინ დამკავშირებია.

აქ არ არის მთავარი ის, ითამაშებს თუ არა "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. გახსოვთ, ალბათ, "ბეშიქთაში" თურქეთის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ის ჩემპიონთა ლიგიდან მოიხსნა. "დილასთან" თამაში რომ გამართულიყო, შეიძლება, ასეთივე საფრთხის წინაშე დამდგარიყო საქართველოს მომავალი პოტენციური ჩემპიონიც...

ჩვენ გავიგეთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელზე იყო ზემოქმედების მცდელობა. ერთ-ერთმა თქვა, ტრავმა მაქვს და ვერ ვითამაშებო. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ერთ ფეხბურთელს შეხვდნენ კიდეც, თუმცა ამ ფეხბურთელმა შეთავაზებაზე უარი თქვა...

ალბათ, კლუბი შეიტანს აპელაციას, ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.

მე მზად ვარ, სიმბოლურ ფასად დავთმო "ზესტაფონი". აქამდე ერთ ლარს ვითხოვდი, ახლა კი 2 ლარს ვითხოვ, ფასი ავწიე (იცინის)...

მინდა მივმართო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას - ნუთუ, უღირთ ის, რაც ხდება დღეს ამ სკამების ფასად? რატომ ეპოტინებიან ამ სკამებს?!"

გორელთა განცხადება
ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა გორის "დილამ". გორული კლუბის წარმომადგენლები ამ ეტაპზე თავს იკავებენ კომენტარებისგან კოკაიას მიერ მოყვანილ, ვითომდა ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით. "დილა" მხოლოდ კლუბის ოფიციალურ, ზოგად განცხადებას სჯერდება:

"უხერხულია გორის "დილას" მისამართით ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება. ჩვენ გვესმის, რომ ეროვნული ჩემპიონატი მთავრდება და დაძაბულობა მატულობს. "დილა" სამართლიანად იმყოფება პირველ ადგილზე. ჩვენ მსგავსი სიბინძურის წინააღმდეგნი ვართ და არც ამ ბინძურ საინფორმაციო ომში ვაპირებთ ჩაბმას. საფეხბურთო კლუბი "დილა" მზად არის, გახსნილად ითანამშრომლოს ყველა დონეზე", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

საკრებულოს მარათონული სხდომა: 13 მომხრე, 17 წინააღმდეგი
21 აპრილს, დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა ზესტაფონის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მხოლოდ ერთი საკითხი უნდა განეხილა - დააფინანსებდა თუ არა სახელმწიფო "ზესტაფონს". სხდომას გულშემატკივართა ნაწილიც ესწრებოდა, ამიტომ არ იყო გასაკვირი, რომ საკრებულოს წევრებს ხმაურიანი დისპუტი გაუმართეს...

13 მომხრე და 17 წინააღმდეგი - ასეთი ვერდიქტი გამოიტანა ზესტაფონის საკრებულომ. ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ "ზესტაფონი" არ დაფინანსდება. ამ დროისთვის, ქალაქი რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე "მარგვეთის" ამარა რჩება. ოღონდ ჯერაც უცნობია, სად ითამაშებს ეს კლუბი, რომელიც აქამდე "ზესტაფონის" კუთვნილ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას იყენებდა.

მოგვიანებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ:

"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს ყველა წევრს. იმათ, ვინც ბოლომდე დაუჭირა მხარი ამ ქალაქში ფეხბურთის გადარჩენას და იმათაც, ვინც ეს დიდი ტვირთი მომხსნა.

მთელი საფეხბურთო ოჯახი დამნაშავე ვართ იმაში, რაც მოხდა. ხელს ვიშვერთ ფეხბურთის ფედერაციისკენ. ვისი არჩეულია ეს ფედერაცია? ერთი წლის წინათ შეიქმნა სამთავრობო კომისია. მე არ ვიცი, საქართველოს მთავრობას აქვს კიდევ თუ არა ასეთი ჩავარდნილი პროექტი.

ეს იყო ძალიან წარმომადგენლობითი კომისია, რომელშიც შევდიოდით სამი ინვესტორი - "დინამოს", "საბურთალოს" და "ზესტაფონის" ხელმძღვანელები, ასევე - მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩვენ სახელმწიფომ მოგვცა შანსი, დავმსხდარიყავით და ერთად გვემსჯელა. ამ დროს კი, ჩემპიონატის ფორმატის თაობაზე დავჭამეთ ერთმანეთი ჩვენ და ფედერაციამ.

როგორც ჩანს, არც სახელმწიფოს მოეწონა ეს 16-გუნდიანი მოდელი. ამის შემდეგ აღარც შემდგარა ამ კომისიის სხდომა.

თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ, სწორადვე წავა ყველაფერი, მაგრამ მიმდინარე პროცესები ართულებს სწორი არჩევანის გაკეთებას.

ჩემზე ამბობენ, ფულის საშოვნელად მოვიდა ქართულ ფეხბურთშიო. მე ვერ შევძელი, ვერ ვათამაშე "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფში. რა მოგებაზეა ლაპარაკი?! ვერ მივაღწიე იმას, რაზეც მქონდა გათვლა. არადა, ბიზნესმენი სწორედ მოგებისთვის მოდის ფეხბურთში.

იმედი მაქვს, ქალაქი არ დარჩება ფეხბურთის გარეშე. არის მესამე ლიგის გუნდი და არის სურვილი, რომ ის წამოსწიონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხოო გაუჭირდებოდა დილას მოგება ისე ტუარ ჩააწყობდა,კოკაია მოღალეტე ხააარ...იქენება იმიტომ განაცხადეს უარი რო მეტი ვეგარ შეძლეს მშივრებმა თამაში,ან იქნებ დალომპარდებული ნივთების პროცენტი უწევდათ და ფეხუბრთზე ვეგარ ფიქრობდნენ,ამაზე გიფიქრიააა?ამას მგონი დეპუტატობა უნდა ხალხოოოოოოოოოოოოო
qartveli
10:31 22-04-2015
0
მოღალატეები არიან გულშემატკივრები. 100 კაცზე მეტი რო ბილეთს არ იყიდის ერთ თამაშზე ის გუნდი უნდა დაიშალოს. ასეთ გულშემატკივარს გუნდი არ ჭირდება და კოკაიას კიდე თუ კარგი საქმის გაკეთება უნდა უამრავი ადამიანია დასახმარებელი და იმათ დაეხმაროს. უპატრონო ბავშვებით არის საქართველოპ სავსე თუნდაც მათ დაეხმაროს. უგულშემატკივრო ფეხბურთი უძირო ორმოა და ვერ გაავსებ ფულით.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული