დავით ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონზე" შური იძია

AutoSharing Option
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე მკვახე განცხადებებით გამოირჩევა. მისი სამიზნე არა მხოლოდ წინა ხელისუფლება, არამედ ფეხბურთის ფედერაციაცაა, რადგან პარლამენტარი მიიჩნევს, რომ სფფ-ის დღევანდელი თავკაცები სწორედ ქვეყნის ძველი მმართველების ფავორიტები არიან. ამის გამო მან სფფ-ის ხელმძღვანელებს გადადგომა რამდენჯერმე ურჩია.

სტუდია "რეპორტიორში" მან პრესკონფერენცია კვლავ საფეხბურთო თემაზე გამართა და უმაღლესი ლიგიდან "ზესტაფონის" მოკვეთის შესახებ ილაპარაკა...

- უნდა შევეხო ქართულ ფეხბურთში მიმდინარე ძალიან მძიმე და მტკივნეულ თემას, რომელიც უმაღლესი ლიგიდან საინტერესო გუნდის, "ზესტაფონის" მოკვეთით დასრულდა. ეს არის კიდევ ერთი სერიოზული სიგნალი, რომ ქართულ
ფეხბურთში არის მძიმე მდგომარეობა, ფეხბურთის ფედერაცია კი მასში მხოლოდ ნეგატიურ როლს თამაშობს.

"ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიასგან ძალზე საგანგაშო სიგნალები გაისმა ფეხბურთელის მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით, მაგრამ უფრო საგანგაშოა ის, რომ ამის შესახებ მან ინფორმაცია სფფ-ის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს მიაწოდა და მიუხედავად იმისა, რომ არველაძე კოკაიას დაჰპირდა, საქმის კურსში ფედერაციის დე-ფაქტო პრეზიდენტ სიჭინავას ჩააყენებდა, ზომები მაინც არ მიიღეს.

ორშაბათს კი ჩატარდა ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელმაც "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან მოკვეთა.

- აბა, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ დისციპლინარებს?
- ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. სფფ-ს შეეძლო, ასეთი რამ არ დაეშვა და საქმეში პოზიტიურად ჩარეულიყო. ამ ორგანიზაციის წესდებაში არის 50-ე მუხლი, რომელშიც წერია, რომ აღმასკომს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას სპეციალური კომიტეტი, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში ვითარებიდან გამოსავალს იპოვის, მაგრამ "ზესტაფონის" გადასარჩენად არაფერი გაუკეთებიათ.

2014 წლის თებერვალში მთავრობამ ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისია შექმნა, რომლის თავმჯდომარეც პრემიერ-მინისტრია, მისი წევრები კი არიან ფედერაციის პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, სპორტის მინისტრიც და თავად ბატონი ილია კოკაიაც. კომისიის შექმნის განკარგულებაში პირდაპირ წერია, რომ მისი მიზანი ფეხბურთში კერძო ინვესტორების მოზიდვაა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფედერაციას თანხა რომ ერიცხება, მის ერთ-ერთ ამოცანად ეროვნული ჩემპიონატის კარგად ჩატარებაცაა მითითებული. მიმაჩნია, რომ ფედერაციას "ზესტაფონის" გადარჩენის საკითხი ამ კომისიაში და სფფ-ის სპეციალური კომიტეტის წინაშე მაინც უნდა დაეყენებინა, მაგრამ არაფერი გააკეთა, არანაირი მოლაპარაკება არ აწარმოა და, შეიძლება ითქვას, "ზესტაფონზე" შური იძია.

- მარტო ფედერაციაა მომხდარში დამნაშავე, როცა ოთხი თვეა "ზესტაფონის" დაფინანსების გზა ვერ მოიძებნა? ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არ შეეძლო საქართველოს ორგზის ჩემპიონის გადარჩენა?
- ვიზიარებ თქვენს პოზიციას, ადგილობრივ ხელისუფლებას "ზესტაფონის" გადარჩენის საშუალება უნდა გამოეძებნა, რადგან ამის პრეცედენტები არსებობს. მაგრამ ფედერაციაც უნდა იყოს დაინტერესებული ჩემპიონატის დონის გაზრდით.

სხვათა შორის, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე მელაპარაკა და ისიც მზადაა, კლუბის გადასარჩენად ყველაფერი იღონოს.

- ამის შესაძლებლობას ხედავთ?
- ვფიქრობ, ჯერ ყველა შანსი არ არის ამოწურული. იმედია, კლუბის ხელმძღვანელობა სააპელაციო კომიტეტში დასაბუთებულ განაცხადს შეიტანს, კომიტეტი კი საკითხს უფრო გონივრულად მიუდგება და "ზესტაფონს" გათამაშებიდან არ მოხსნის.

მჯერა, მოიძებნება ფინანსური რესურსიც და კლუბი ჩემპიონატში ასპარეზობას გააგრძელებს. საქართველოს "ზესტაფონი" არ უნდა დავუკარგოთ, რადგან იქ ბევრი კარგი მოთამაშე გაზრდილა.

- ითქვა, რომ კოკაიას "ზესტაფონში" აღარ ჰქონდა საფეხბურთო ინტერესები და თბილისში გადმოდის...
- კოკაიას ცხოვრებაში არ შევხვედრივარ და არც ვიცი, რა გეგმები აქვს. შესაძლოა, რაღაც ქვედინებებმა მართლაც გააღიზიანა, მაგრამ მას გაწეული შრომა უნდა დავუფასოთ და საფეხბურთო სანაგვეზე არ უნდა გადავაგდოთ.

აქვე ვიტყვი, რომ კოკაიამ შესაბამის სტრუქტურებს მიმართა და მატჩის წინ მომხდარი კრიმინალური ამბები აუწყა. პროკურატურას მეც მივმართავ, რომ გამოძიება სასწრაფოდ დაიწყოს და მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლოს ეს საქმე. დროა, გამოავლინონ და დასაჯონ საფეხბურთო სამყაროსთან მიტმასნილი "შარლატანები", რომლებიც დაკავებულები არიან ფეხბურთელების მოსყიდვით.

მაგრამ ფედერაციაშიც უნდა მოინდომონ და ჩაწყობილ თამაშებს ებრძოლონ. სახელმწიფო სტრუქტურებზე დამოკიდებულება არაფერს არგებთ. შენ მხოლოდ სახელმწიფო ფულები აიღო და წარმატებებით იკეკლუცო, ასე არ შეიძლება.

- კლუბის დაფინანსების გზა გორსა და სამტრედიაში მოიძებნა, ზესტაფონში კი ეს ვერ მოხერხდა. პარლამენტის სპორტის კომიტეტი თუ აპირებს, რომ შექმნას სპორტის კანონი, რომელიც ყველას თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მიმაჩნია, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს. აქვე გეტყვით, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში პარლამენტის სპორტის კომიტეტში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შევხვდებით და მათ მიერ გაწეულ მუშაობაზე ანგარიშს მოვისმენთ. იქ იქნება მწვავე კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა მივიღოთ.

თავს სირაქლემის პოზაში ვერ ჩავიყენებთ, თითქოს სფფ არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც სახელმწიფო ინტერესები არ ეხება. ფიფა-უეფას წევრობა არ ნიშნავს, რომ ამ ხალხს ანგარიში და პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ.

სხვათა შორის, სპორტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საქმიანობას განვიხილავდით, ვთქვი, რომ ზვიად სიჭინავა სფფ-ის არალეგიტიმური პრეზიდენტია, მაგრამ ლევან ყიფიანმა პასუხი ვერ გაგვცა კითხვაზე - რატომ არის დღემდე ფედერაციაში ეს ხელმძღვანელობა?

საინტერესოა, რომ მინისტრის საქმიანობის განხილვის შემდეგ ის ფედერაციების ხელმძღვანელობას შეხვდა. ერთ-ერთი, ვინც ყიფიანის დარჩენას მხარი დაუჭირა, იყო ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
gaიიგვიზეტ ხალხო დაგუპეს ქარტული პეხბურტი ზეტაპონი სად არის მოასორეტ ეს მაპიოსი პედერაციაა
ledi
15:45 23-04-2015
0
Udzaglo qvekanashi katebs akefebdeno ra unda sijinavas federatsiis prezidentad. Tsadi siji saxlshi.
Gala
18:47 23-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული