დინამო (ბთ) VS გურია - გაგრძელდება საჩემპიონო რბოლა?

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXV ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართება. ბათუმის "დინამო" ქობულეთში ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს. "ჩელე არენაზე" შეხვედრა 16:00 სთ-ზე დაიწყება.

25.04. ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00
დინამო (ბთ)-გურია
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
22: +13 =5 -4, 50-12

სამ შეხვედრაში ერთი მოგება და ორი წაგება - აი, ასეთია ბათუმის "დინამოს" ბოლოდროინდელი "მონაგარი" და ამის გამოც შავიზღვისპირელები ამ ტურს მესამე ადგილზე მყოფნი ხვდებიან.

რა თქმა უნდა, ჯერ დაკარგული არაფერია და შოთა ჭეიშვილის გუნდის "საჩემპიონო რბოლიდან" ჩამოწერაც ნაადრევად გვეჩვენება; მით
უფრო, რომ დარჩენილი მატჩების კალენდარსაც არაფერი დაეწუნება და რაც მთავარია, ერთ-ერთ კონკურენტს ("დინამო თბილისს") უნდა უმასპინძლოს (ოღონდ, უმაყურებლოდ!).

აი, "გურიაში" კი ამ ბოლო დროს "დიდი" ამბები დატრიალდა: ზედიზედ ორი მარცხი არ აპატიეს კლუბის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, თეიმურაზ ლორიას და პოსტი დაატოვებინეს.

არადა, ცოტა არ იყოს, უცნაურადაც მიგვაჩნია ლანჩხუთელთა კლუბის ხელმძღვანელთა ეს გადაწყვეტილება: "გურიას" გავარდნის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, ცხრილში თავისზე ზემოთ მყოფ გუნდებს ვერც ადამიანური რესურსით აღემატება და ვერც ფინანსურით, თანაც, ლანჩხუთელებმა ამ სეზონში "მოასწრეს" და რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზიც შესთავაზეს თავის ქომაგებს.

თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი აზრია და ახლა ისღა დაგვრჩენია, უმაღლეს ლიგაში აქტიურ სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება მივულოცოთ "გურიის" ძველ-ახალ მთავარ მწვრთნელს, გიგლა იმნაძეს!

* * *
შეგახსენებთ, რომ ტურის ექვსი მატჩი გუშინ, 24 აპრილს გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა გორის "დილამ" შინ ქობულეთის "შუქურას" ანგარიშით 5:2 სძლია, ხოლო თბილისის "დინამო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ცხინვალთან" დამარცხდა - 1:4.

7-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დამარცხდა "ტორპედო", რომელსაც ქუთაისში საჩხერის "ჩიხურამ" ანგარიშით 2:1 მოუგო.

უმაღლესი ლიგა. XXV ტური
დილა-შუქურა 5:2
გოლები: 1:0, 4:1 მიხაილ გორელიშვილი (9, 59), 2:0 გიორგი ერისთავი (24), 3:0, 5:2 ირაკლი მოდებაძე (39, 75), 3:1 გიორგი ჩელებაძე (41), 4:2 თორნიკე თუხარელი (61).

ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1
გოლები: 0:1 მათე ცინცაძე (25), 1:1 გიორგი ივანიშვილი (40), 2:1 ნიკა კაჭარავა (60), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (87), 4:1 რატი ცაწკრიალაშვილი (90).

ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (30), 2:0 კახა კახაბრიშვილი (45+2).

კოლხეთი-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 გურამ გურეშიძე (29), 2:0 ომარ გოგონაია (65), 3:0 მერაბ გიგაური (65).

ზუგდიდი-სამტრედია 1:1
გოლი: 0:1 ლევან კაკუბავა (67), 1:1 ლაშა ღონღაძე (78, პენ).

ტორპედო-ჩიხურა 1:2
გოლები: 0:1 დავით ოდიკაძე (52), 1:1 გურამ ადამაძე (67), 1:2 მიხეილ სარდალიშვილი (90+3).

მერანი-ზესტაფონი 3:0
(ტექნიკური წაგება).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული