ფოტოზე: ირაკლი მოდებაძემ დუბლი შეასრულა
ასე ახლოს არასოდეს ყოფილა "დილა" საქართველოს ჩემპიონობასთან და ეს რეალობა "შუქურასთან" მატჩის შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდა. თამაშს დაძაბულს ველოდით, რადგან საამისოდ არაერთი მიზეზი იყო. თუნდაც სატურნირო ცხრილში არსებული დაძაბულობის, ან პირველ წრეში ამ გუნდებს შორის მატჩისას მომხდარი სკანდალის გათვალისწინებით, როცა ქობულეთელებს ტექნიკური მოგება ჩაეთვალათ, რაც მწარედ ახსოვთ გორში, როგორც ფეხბურთელებს, ისე ქომაგებს.
ამასთან, შიდაქართლელებს საჩემპიონო დავა ბათუმის "დინამოსთან" აქვთ და ყველა ელოდა, რომ მეზობელი ზღვისპირელების ხელშესაწყობად "შუქურა" ამ მატჩში მასპინძლებს დიდ ბრძოლას გაუმართავდა... დიდი ბრძოლა არა, მაგრამ "მხიარული" სანახაობა ნამდვილად შედგა.
გუნდებმა გახსნილი თამაში შესთავაზეს ერთმანეთს და მინდორზე საგოლე თუ სახიფათო ეპიზოდების ისეთი ფოიერვერკი გაჩაღდა, მონიშვნას ძლივსღა ვასწრებდით.
შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის საჯარიმო მოედნის მისადგომებთან იქმნებოდა აღსანიშნავი ეპიზოდები, მაგრამ შესვენებამდე "დილას" უპირატესობა იყო აშკარა.
პირველივე წუთებიდან მეტოქის კარზე ჯიქურ მიძალებულმა უჩა სოსიაშვილის ფეხბურთელებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს. მე-9 წუთზე საჯარიმო მოედანში შეჭრილმა მიხაილ გორელიშვილმა მეურვეს აუარა გვერდი და აზამატ ჯიოევს შანსი არ დაუტოვა - 1:0.
გორელიშვილი მარცხნიდან აწუხებდა ქობულეთელებს, გიორგი ერისთავი - საპირისპირო ფლანგიდან, ირაკლი მოდებაძე კი ცენტრიდან უქმნიდა მოწინააღმდეგეს პრობლემებს. გულნაკლული არც ერთი არ დარჩენილა - გორელიშვილმა და მოდებაძემ თავის წილად დუბლები მიითვალეს, ერისთავმა კი ერთ გოლთან ერთად საგოლე პასითაც დაიდო წილი "დილას" გამარჯვებაში.
ისე, პირველივე გოლიდან ცოტა ხანშიც შეეძლო ერისთავს გატანა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა 24-ე წუთზე დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა - 2:0.
მასპინძლები იოლად ახერხებდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მიახლოებას, ზღვისპირელთა დაცვის ხაზის გადალახვაც არ ჩანდა ძნელი საქმე და არაერთხელ სტუმართა გოლკიპერს მოუწია "შუქურას" ხსნა, თუმცა ჯიოევი ხუთი გოლის გაშვებას მაინც ვერ გადაურჩა.
მესამედ - მოწინააღმდეგე მოდებაძემ დაამწუხრა, ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის მებრძოლი "დილას" კაპიტანი გატანილი გოლების რაოდენობის გასაზრდელად მეტად მონდომებული ჩანდა და მისმა სურვილმა შედეგი გამოიღო - 3:0, ოღონდ საყურადღებოა, რომ პირველად დარტყმულზე ჯიოევმა გადაარჩინა თავისი გუნდი, მაგრამ დამატებულზე ვეღარაფერი გააწყო.
სტუმრებმა ორივე გოლი მოწინააღმდეგის მიერ გატანილი გოლიდან თითო წუთის გასვლის შემდეგ შეაგდეს. ასე მოხდა მაშინ, როცა ანგარიში 3:1 გახდა - გორელებს მოდებაძის გოლის გამო სიხარული ჯერ არ განელებოდათ, გიორგი ჩელებაძემ საშუალო დისტანციიდან ომარ მიგინეიშვილს აუღებელი რომ დაურტყა. ამ ეპიზოდის გარდა, ქობულეთელებს შესვენებამდე მეტოქის ნახევარზე ღირებული არაფერი გაუკეთებიათ.
მეორე ტაიმის დასაწყისში გელა სანაიამ თავისი გუნდის ტაქტიკა სამ მცველზე გადაიყვანა და კიდევ უფრო გაიხსნა თამაში, გახშირდა ორმხრივი იერიშები. მატჩის განახლებისთანავე, "შუქურა" ბეწვზე გადაურჩა გოლს. გიორგი თექთურმანიძის მიერ ახლოდან დარტყმული მეკარემ მოიგერია, იქიდან კი ძელს მოხვდა.
55-ე წუთზე ერისთავის ჩამოწოდებულს გორელიშვილმა კარგად დაუხვედრა თავი. მართალია, ჯიოევმა ამჯერადაც მოიგერია, მაგრამ... მაინც მოუხდა ბურთის ბადიდან გამოტანა - 4:1.
ამ გოლსაც ერთ წუთში მოჰყვა პასუხი - თორნიკე თუხარელი ძალზე იოლად გასცდა საჯარიმოში მეურვეებს და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა - 4:2.
ქობულეთელებს ერთხელაც შეეძლოთ გატანა (პაულო ვიქტორი), თუმცა ამ ეპიზოდში გადარჩა და საერთოდაც, თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ.
თავისი გუნდის გამარჯვებაში წვლილი შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კვეკვესკირმაც შეიტანა, რომლის ზუსტად ჩაწოდებული ბურთი მკერდზე მიიღო მოდებაძემ და "შუქურას" მეხუთე გოლი გაუტანა. ირაკლის ცოტა მეტი სიზუსტით რომ გაეგზავნა ბურთი სტუმართა კარისკენ, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე ჰეთ-თრიკსაც შეასრულებდა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
24.04. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-შუქურა 5:2
გოლები: 1:0 გორელიშვილი (9), 2:0 ერისთავი (24. გორელიშვილის პასით), 3:0 მოდებაძე (42), 3:1 ჩელებაძე (43), 4:1 გორელიშვილი (55. ერისთავის პასით), 4:2 თუხარელი (56), 5:2 მოდებაძე (75. კვეკვესკირის პასით)
დილა: მიგინეიშვილი - ხურცილავა, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, მარიჩი (80. ჯაფარიძე) - თექთურმანიძე (52. სეთურიძე), გვალია, ფალავანდიშვილი, გორელიშვილი - ერისთავი (64. კვეკვესკირი), მოდებაძე.
სათადარიგოები: მარიამიძე, კვახაძე, რაზმაძე, ახალკაცი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
შუქურა: ჯიოევი - ტვილდიანი, მალანია (46. როდრიგესი), ხოჭოლავა, ხუჭუა - თუხარელი (82. ანანიძე), მჟავანაძე, ჩელებაძე, პუკანიჩი, ჩაფიძე (76. გერმანოზაშვილი) - პაულო ვიქტორი.
სათადარიგოები: კაკალაძე, მეტრეველი, კომახიძე
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ჩაფიძე (65), როდრიგესი (69), მარიჩი (72), ქარქუზაშვილი (85)
არბიტრი: ჯენერი ხორავა.
ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 12
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
28 აპრილი, სამშაბათი
მომდევნო (XXVI) ტური
1-ლი მაისი, პარასკევი
გურია-ზუგდიდი
შუქურა-მერანი
2 მაისი, შაბათი
სიონი-ცხინვალი
ჩიხურა-დინამო (ბთ)
დინამო (თბ)-ტორპედო
მეტალურგი-დილა
სამტრედია-კოლხეთი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
10:16 27-04-2015
დილა-შუქურა 5:2 - გორელებმა ჩემპიონობა დაინახეს [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თუხარელი იყო საუკეტესო ამ თამაშში ,ყველზე მაგარია
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული