დინამო (ბთ)-გურია 2:1 - ალავიძეა თუ სპაიდერმენი? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სადისციპლინო კომიტეტის მიერ დასჯილი ბათუმის "დინამო" შეხვედრას ამჯერადაც უმაყურებლოდ ატარებდა. ამის გამო მასპინძელთა ფანები მატჩს თვალს სტადიონის შესასვლელი კარიდან ადევნებდნენ. ლანჩხუთის "გურია" კი მოედანზე მისმა ყოფილმა მეკარემ და დამრიგებელმა გიგლა იმნაძემ გაიყვანა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს სერიოზული წინააღმდეგობაც გაუწია.

სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. მათ რიგებში განსაკუთრებით კობა შალამბერიძე გამოირჩეოდა, რომელიც ბათუმელებმა ვერა და ვერ გააჩერეს. ის ლამის "გურიის" ყველა მწვავე შეტევის წამომწყები გახლდათ. გამოცდილი შემტევი პირველად "დინამოს" კარს მე-4 წუთზე დაემუქრა, როცა საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ საიმედოდ ითამაშა
მეკარე მიხეილ ალავიძემ, რომელმაც მთელი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

უპირატესობას მაინც ბათუმელები დაეუფლნენ და პირველივე მწვავე შეტევა გოლით დაასრულეს: მე-15 წუთზე ლანჩხუთელებმა მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი დაკარგეს, მწვავე კონტრშეტევა გიორგი ქავთარაძემ საჯარიმოში გიორგი ბერიაშვილს გაუგრძელა და ბათუმელთა ფორვარდმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა - 1:0.

36-ე წუთზე ბათუმელებმა "გურიის" კარი მეორედაც აიღეს - გადაცემა ვალერი თევდორაძემ ჩაჭრა და ბერიაშვილი მოძებნა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა და დუბლი შეასრულა - 2:0.

მასპინძლებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს, რითიც სტუმრებმა ისარგებლეს და შეუტიეს: ტაიმის მიწურულს შეტევებში მცველი გიგა ჭეიშვილი ჩაერთო, მაგრამ კართან ახლოს უმეთვალყურეოდ დარჩენილმა შალამბერიძემ მისი გადაცემით ვერ ისარგებლა.

მასპინძლებზე ერთ-ერთი ლიდერის, ქავთარაძის ტრავმამ აშკარად იმოქმედა. მას მცველი ისე ეუხეშა, შესაცვლელი გახდა...

მეორე ტაიმში "გურია" ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და ბათუმელები საკუთარ საჯარიმოში ჩაკეტა. სტუმართა შორის გამოირჩეოდნენ თორნიკე მოსიაშვილი, ლექსო ბენაშვილი და ისევ და ისევ შალამბერიძე.

პირველი სახიფათო შეტევა მოსიაშვილმა წამოიწყო და დაგვირგვინებას ძლიერი დარტყმით ცდილობდა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა. 53-ე წუთზე კი შალამბერიძემ ალეკო კოშკაძეს "სამკუთხედი" გაუთამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ალავიძემ ბათუმელები საოცარი რეაქციით აშკარა გოლისგან იხსნა.

მალე კუთხურიდან შალამბერიძის ჩაწოდებულ ბურთს თავი ჯემალ გოგიაშვილმა დაახვედრა და ბათუმელთა კარიც აიღო, მაგრამ... არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

61-ე წუთზე უკვე ვანო წილოსანმა შეუტია, რომელმაც ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარისკენ ეფექტურ ვარდნაში გააგზავნა - ალავიძეც ამ ეპიზოდში გაუვალი იყო. ამას მოჰყვა კუთხური, როცა ბურთი კარში თავით ისევ წილოსანმა დაარტყა, მაგრამ ამჯერად მცველმა იყოჩაღა.

გურულთა შეტევების შესაჩერებლად, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა შოთა ჭეიშვილმა თავდამსხმელ ტატო აბუსელიძის ნაცვლად მოედანზე ნახევარმცველი გელა გოგიტიძე შეუშვა.

გურულები მაინც არ ჩერდებოდნენ და ანგარიშის შემცირების შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ. ბენაშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ალავიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, მალე კი ვილი ისიანის თავური დარტყმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

62-ე წუთზე ჭეიშვილი-შალამბერიძის შეტევა ბენაშვილს გოლად უნდა ექცია, მაგრამ ხუთიოდე მეტრიდან მისი თავური ალავიძემ ისეთ საოცარ ნახტომში მოიგერია, ლანჩხუთელთა კაპიტანმა კოშკაძემ მეტოქეს პატივისცემის ნიშნად თავზე ხელი გადაუსვა! საქართველოს ჩემპიონატში მეკარის ასეთი საოცარი თამაში ძნელი გასახსენებელია. საერთოდაც, ალავიძე მშვენიერ სეზონს ატარებს.
იხილეთ ვიდეო
მიხეილ ალავიძის სუპერსეივები "გურიასთან" მატჩში
Sportall.Ge

გურულთა მცდელობამ შედეგი მაინც გამოიღო: 78-ე წუთზე შალამბერიძემ ჯარიმა მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა. მოსიაშვილს ალავიძემ კი აუღო, მაგრამ დამატებაზე გოგიაშვილმა ივარგა და ამჯერად მსაჯმა ცენტრისკენ ხელი გაიშვირა - 2:1.

ამ ეპიზოდში ალავიძე დაშავდა და მხარი ასტკივდა, მაგრამ მოედანი მაინც არ დატოვა. ბათუმელებმა ხეირიანი შეტევა მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს: სახიფათო გამოდგა გელა გოგიტიძის დარტყმა, ნიკა დიასამიძის გადაცემის შემდეგ კი ბექა ვარშანიძემ "გურიის" კარის მესამედ აღების 100-პროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა.

საბოლოოდ, ბათუმელებმა მძიმე გამარჯვება მოიპოვეს, მეორე ადგილზე დაწინაურდნენ და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
25.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-გურია 2:1
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (15. ქავთარაძის პასით), 2:0 ბერიაშვილი (36), 2:1 გოგიაშვილი (81. მოსიაშვილის პასით)
დინამო (ბთ) (4-4-2): ალავიძე - ტეტუნაშვილი, მგელაძე, ბ. მახარაძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე (46. ვარშანიძე), შონია, თევდორაძე, დიასამიძე (90. მაკარიანი) - ბერიაშვილი, აბუსელიძე (62. გოგიტიძე).
სათადარიგოები: მამინაშვილი, გოგიტიძე, ტატანაშვილი, ქორიძე, მუჯირი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გურია (4-2-3-1): გოგუაძე - გ. მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, კილაძე, გოგიაშვილი - ზოზულია, მოსიაშვილი (86. ინგოროყვა) - ბენაშვილი, კოშკაძე (89. მათიაშვილი), შალამბერიძე - წილოსანი (46. ისიანი).
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
სათადარიგოები: იმერლიშვილი, კონოვალოვი, შეველი, ღაღანიძე
გაფრთხილება: კილაძე (29), შონია (43), ჭეიშვილი (59), თევდორაძე (60), ვარშანიძე (90)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 12
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 7
შენიშვნა: ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
28 აპრილი, სამშაბათი

მომდევნო (XXVI) ტური
1-ლი მაისი, პარასკევი
გურია-ზუგდიდი
შუქურა-მერანი
2 მაისი, შაბათი
სიონი-ცხინვალი
ჩიხურა-დინამო (ბთ)
დინამო (თბ)-ტორპედო
მეტალურგი-დილა
სამტრედია-კოლხეთი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული