როდის დაუბრუნდება ბათუმის "დინამოს" არნო ჩუენსუ?

AutoSharing Option
არნო ჩუენსუ ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა. მართალია, 23 წლის კამერუნელი მარჯვენა მცველი, დიდი ალბათობით, ბათუმის "დინამოს" სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება, მაგრამ ახალი სეზონიდან გუნდის თავკაცებს მისი იმედი აქვთ.

ჩუენსუ ფოთის "კოლხეთისა" და ბოლნისის "სიონის" ყოფილი მცველის, ერიკ რომეო ჩასემის უმცროსი ძმაა. თავიდან მას სწორედ ამ სტატუსით იცნობდნენ, მაგრამ... აღმოჩნდა, რომ ძმაზე არანაკლებ ნიჭიერი მოთამაშე იყო.

ჩუენსუ საქართველოში 2009 წელს, "გაგრის" მოწვევით ჩამოვიდა. მაშინ კამერუნელი 17 წლის გახლდათ. მერე იყო პირველი ლიგის "ნორჩი დინამო" (2011/12) და ლანჩხუთის "გურია" (2011-13). ჩუენსუ ყველაზე კარგად
სწორედ "გურიაში" გამოჩნდა: გასული სეზონი ლანჩხუთელებმა საკმაოდ მაღალ დონეზე რომ ჩაატარეს და ზედა ექვსეულში მოხვდნენ, ამაში აფრიკელმა დიდი წვლილი შეიტანა.

როგორც თავად ჩუენსუ ამბობდა, მას შემდეგ რამდენიმე კლუბი იწვევდა, მათ შორის, თბილისის "დინამოც", მაგრამ შარშან ამ დროს, ბათუმის "დინამოს" შეუთანხმდა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. აჭარული გუნდის ფორმით მან მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. 2014 წლის 9 სექტემბერს, "ვიტ ჯორჯიასთან" მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ კი მკურნალობს.

სხვათა შორის, ჩუენსუმ ქართული უკვე კარგად აითვისა და გულშემატკივრებს "ფეისბუქზე" შარშან გამოქვეყნებული სტატუსითაც დაამახსოვრა თავი: ზამთარში, გურულებს მოსამზადებელი ეტაპის დაწყება რომ დაუგვიანდათ, ჩუენსუმ აღშფოთება ქართული სტატუსით გამოხატა:

"როდის დაიწყება ეს დედააფეთქებული ვარჯიში, დავიღალე სახლში ჯდომით!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული