დინამო (თბ)-ტორპედო 3:2 - დამაინტრიგებელი კლასიკო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეს მატჩი ქართულ "კლასიკოთა" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე ბევრი მაყურებელი არ შეკრებილა, ორივე მხარეს ფანები აქტიურად ამხნევებდნენ გუნდებს და, ამავე დროს, სიმღერებითა თუ ორგანიზებული შეძახილებით ერთმანეთს გინებასაც არ აკლებდნენ - ესეც ტრადიციად იქცა...

სტუმრები "დინამოს" ორი წამყვანი თავდამსხმელის, ნიკა საბანაძისა და ოთარ კვერნაძის გარეშე დაუპირისპირდნენ. პირველის ამბავი ცნობილი იყო, კვერნაძე კი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

ამის მიუხედავად, გიორგი დარასელიამ თავისი გუნდი "დინამოსთან" მატჩისთვის კარგად მოამზადა. ქუთაისელებმა მასპინძელთა პირველი შეტევები მოიგერიეს და მე-10 წუთზე ანგარიშიც გახსნეს: ირაკლი
კლიმიაშვილის
კუთხურის შემდეგ ცენტრალურმა მცველმა გურამ ადამაძემ მეტოქეებს დაასწრო და მეკარისა და მცველის თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, თავურით ბურთი "დინამოს" კარის "ცხრიანში" მოარტყა - 0:1.

თბილისელები კარისკენ მისასვლელ გზებს ეძებდნენ. შეტევებს განსაკუთრებით გიორგი პაპუნაშვილი ამწვავებდა. ის პირველ ტაიმში მეტოქის კარს რამდენჯერმე დაემუქრა, მაგრამ უშედეგოდ.

მე-13 წუთზე "დინამომ" საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ლაშა თოთაძემ შეასრულა და ბურთი "ცოცხალ კედელში" მდგარ კლიმიაშვილს მოხვდა. თბილისელთა აზრით, სტუმართა ნახევარმცველმა ხელით ითამაშა და პენალტის დანიშვნა მოითხოვეს, მაგრამ არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ წესის დარღვევა ვერ შენიშნა.

მე-40 წუთზე თოთაძემ საჯარიმოთი წონასწორობა მაინც აღადგინა: თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა 30 მეტრიდან ძლიერად "დააქუხა" - მეკარე ბექა შეყრილაძე ბურთს თითებით კი შესწვდა, მაგრამ ბადე მაინც შეირხა - 1:1.

ტაიმის მიწურულს "ტორპედოს" დაწინაურების შანსი ისევ მიეცა: კლიმიაშვილის გადაცემის შემდეგ თბილისელთა მცველი ლაშა შერგელაშვილი წაიქცა, ბუდუ ზივზივაძე კი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ნიკა დაუშვილი კარიდან დროულად გამოვიდა და დარტყმა მოიგერია.

მეორე ნახევარში "დინამომ" ტემპს მოუმატა და მალე დაწინაურდა კიდეც - პაპუნაშვილმა მანუელს საჯარიმოს ხაზთან "სამკუთხედი" გაუთამაშა, ესპანელმა კი ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა და "დინამოს" შემტევმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:1.

ამ დროისთვის, თბილისელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. შეტევის გასაძლიერებლად, ქუთაისელთა დამრიგებელმა საყრდენად ლეგიონერი ინალ პუხაევი გამოიყვანა, ზაზა ჭელიძე დაცვაში დახია, ხოლო ცენტრალური ნახევარმცველი კლიმიაშვილი თავდამსხმელ ვახტანგ კვარაცხელიათი შეცვალა.

65-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ (შეტევებში კარგად ერთვებოდა) მარცხენა ფლანგიდან შეუტია, საჯარიმოში ორ დინამოელს გასცდა, მაგრამ ვაჟა ტაბატაძემ ბურთი ხელით შეაჩერა (რაც ვიდეოგამეორებისას აშკარად ჩანს), კვარაცხელიას სასტვენი კი დუმდა.

ქუთაისელებს სხვა პრეტენზიებიც ჰქონდათ: ერთ-ერთ ეპიზოდში არბიტრს თბილისელები უნდა დაეჯარიმებინა, მაგრამ "ტორპედოს" შეტევის განვითარების შანსი მიეცა - ასეთ დროს თამაშის გაგრძელებაა რეკომენდებული. კვარაცხელიამ კი შეტევა შეაჩერა და ჯარიმა დანიშნა, ხოლო უდროო სასტვენით აღშფოთებულ კლიმიაშვილს ყვითელი ბარათი აუფრიალა.

78-ე წუთზე კი თოთაძემ ქუთაისელთა თავდამსხმელი კვარაცხელია უხეშად მოცელა, დაზარალებულის მოგვარე არბიტრმა ჯარიმაც არ დანიშნა და ყვითელი ბარათიც არ ამოიღო. მატჩის ჩანაწერში ესეც მკაფიოდ გამოჩნდა. არადა, ამ მატჩზე ფედერაციამ ხუთი არბიტრი მიავლინა...

ამის მიუხედავად, "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ მსაჯებს მადლობა გადაუხადა, მათზე კომენტარის გაკეთება კი არ ისურვა.

...ქუთაისელებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს: შოთა ბაბუნაშვილმა შეტევა მარცხენა ფლანგზე ქიმაძეს გაუგრძელა და ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, კვარაცხელიამ კი მცველებს დაასწრო და თავურით გაათანაბრა ანგარიში - 2:2.

თბილისელებმა ბოლო ძალებით შეუტიეს და კახა გოგიჩაიშვილს შეცვლაზე შესულმა ჯაბა ჯიღაურმა გაუმართლა. მოედნის ცენტრიდან მათე ცინცაძემ შეტევა მარცხენა ფლანგზე შერგელაშვილს გაუგრძელა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, ჯიღაურმა კი ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში და "დინამოს" გამარჯვება დააფიქსირა - 3:2.

"როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბულად წარიმართა და მაყურებელმა ყველაფერი იხილა - კარგი თამაშიც, გოლებიც, დაძაბულობაც, ბრძოლაც...

ჩვენ გოლები იმიტომ გავუშვით, რომ მოვდუნდით, მაგრამ ბიჭებმა მოინდომეს და მეტოქეს დამსახურებულად ვაჯობეთ", - თქვა "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
02.05. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 3:2
გოლები: 0:1 ადამაძე (10. კლიმიაშვილის პასით), 1:1 თოთაძე (40), 2:1 პაპუნაშვილი (50. მანუელის პასით), 2:2 კვარაცხელია (76. ქიმაძის პასით), 3:2 ჯიღაური (86. შერგელაშვილის პასით)
დინამო (4-2-3-1): დაუშვილი - ტაბატაძე, თოთაძე, ფერეირა, შერგელაშვილი - ცინცაძე, ჭანტურიშვილი - პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (80. ჩირგაძე), ლობჟანიძე (68. ჯიღაური) - მანუელი (75. ბუკორაცი).
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, გველესიანი, პარუნაშვილი, ჯანელიძე
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ტორპედო (4-2-3-1): შეყრილაძე - იოსელიანი, ადამაძე, მირცხულავა (56. პუხაევი), ქიმაძე - ჭელიძე, მამასახლისი - კირკიტაძე, კლიმიაშვილი (61. კვარაცხელია), ტუღუში (72. ბაბუნაშვილი) - ზივზივაძე.
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
სათადარიგოები: შევჩენკო, მახვილაძე, ქებაძე, ადამაშვილი
გაფრთხილება: ტუღუში (13), მანუელი (29), კლიმიაშვილი (56)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 13
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXVII) ტური
8 მაისი, პარასკევი
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-შუქურა

9 მაისი, შაბათი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
გურია-სამტრედია
ტორპედო-სიონი
ცხინვალი-ზესტაფონი
ზუგდიდი-ჩიხურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს შეყრილაძე ხო მეკარეე არაა.. გაათრიეთ კარებიდან :@@ პირველი გოლი საიდან გაუშვაა )) ერთი კაი მეკარე უნდა ტორპედოს და ერთიც კაი შემსრულებელი თადამსხმელი.
0
რა აზრი აქვს კომენტარს რასაც გინდა უშვებთ რასაც არა და არა!!!
გიორგი
14:06 04-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული