სამტრედია-კოლხეთი 1:1 - "სამტრედია" რბოლას ჩამორჩა

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროთასებზე მოსახვედრად ორ ფრონტზე იბრძვის. ზაზა ზამთარაძის შეგირდებმა შუა კვირაში, თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში, "ჩიხურა" დიდი ანგარიშით დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ, სადაც თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდებიან.

სამტრედიელებს ევროპაში გასვლა ჩემპიონატიდანაც შეუძლიათ, მაგრამ "კოლხეთთან" წაგებული მატჩის შემდეგ საქმე ძალიან გაირთულეს და ახლა, მაქსიმალური ქულების დაგროვების შემთხვევაშიც კი, თითქმის წარმოუდგენელია მათი საპრიზო სამეულში მოხვედრა.

ფოთელებთან უღიმღამოდ ჩატარებული მატჩითა და შედეგით ადგილობრივი გულშემატკივარი უკმაყოფილო დარჩა და საფუძვლიანადაც - მოედანზე, ძირითადად, "კოლხეთი" დომინირებდა და მასპინძელი გუნდის შთაბეჭდილებას ის უფრო ტოვებდა, ვიდრე "სამტრედია".

ზღვისპირელებმა უმაღლეს
ლიგაში დარჩენა წინა ტურში გაინაღდეს და ზამთარაძის გუნდთან მატჩს ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე შეხვდნენ. შესაძლოა, სწორედ ამის გამო იყო, რომ სტუმრებმა მთელი მატჩის განმავლობაში (ბოლო ხუთწუთიან მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით) ლაღი და კომბინაციური თამაში აჩვენეს.

მატჩი "კოლხეთის" უპირატესობით დაიწყო. ფოთელები საყრდენი ნახევარმცველების - ომარ გოგონაიასა და გურამ გურეშიძის შესანიშნავი გარჯის წყალობით მოედნის ცენტრს აკონტროლებდნენ და მეტოქეს ბურთის ფლობაშიც სჯობდნენ. აქტიურები იყვნენ ლევან შენგელია და მერაბ გიგაური. სწორედ ამ დუეტმა შექმნა პირველი საგოლე მომენტი - მარჯვენა ფლანგიდან გიგაურის ჩაწოდების შემდეგ შენგელია ბურთს ერთი შეხებით გზავნიდა კარში, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა.

სამტრედიელებმა მეტოქის კარისკენ პირველად მე-17 წუთზე გაიხედეს, როცა "სტანდარტულიდან" ალექსანდრე იაშვილის ჩაწოდების შემდეგ ილია კერძევაძის სუსტი თავური დარტყმა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილმა მოიგერია.

ამ მცირე გამონათების შემდეგ ინიციატივა კვლავ სტუმართა მხარეს გადავიდა. სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა გიორგი ლემონჯავამ, რომელმაც ცოტა ხანში კიდევ ერთხელ შეაწუხა სამტრედიელები, თუმცა მისი შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია.

მასპინძელთა მორიგ ეპიზოდურ გამონათებას კინაღამ გოლი მოჰყვა - იაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ კერძევაძე ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ მცირედით ააცილა.

სამაგიეროდ, პირველი ტაიმის ბოლოსწინა წუთზე ზუსტად გაისარჯა თედორე გრიგალაშვილი, რომელმაც კუთხურიდან გეწაძის ჩაწოდებულ ბურთს მოხდენილი თავური დარტყმა შეაგება და სამტრედიელები დააწინაურა.

მეორე ნახევარიც სტუმრების უპირატესობით დაიწყო. შენგელიას საჯარიმო დარტყმა მასპინძელთა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. ამჯერად, ფოთელებს ვალში სამტრედიელებიც არ დაურჩნენ - კვირკველიას ფლანგური ჩაწოდებისა და დოლიძის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზზე დაეცა, შემდეგ კი მდგომარეობა მცველებმა განმუხტეს.

ფოთელები არსებულ ვითარებას არ ეგუებოდნენ და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ. კარგად ჩაერთო თამაშში ნიკოლოზ სიჭინავა, რომელმაც რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ ლემონჯავას მიერ ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ერთ-ერთ ეპიზოდში ფოთელები მისი წაქცევისთვის პენალტსაც ითხოვდნენ, თუმცა არბიტრის აზრით, ამ ეპიზოდში ზურაბ ხიზანიშვილის მხრიდან წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მატჩის მიწურულამდე თამაშის სადავეები ხელთ "კოლხეთს" ეპყრო, მაგრამ ბოლო წუთებზე "სამტრედიამ" სტუმართა კართან შტურმი მოაწყო და ფორტუნას ზურგი რომ არ ექცია, გაიმარჯვებდა კიდეც.

გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა შეცვლაზე შესულ თორნიკე კაპანაძეს, მაგრამ "ელვას" თავური დარტყმა სეფიაშვილმა სასწაულებრივად მოიგერია.

ბოლო წუთზე კი იგივე კაპანაძე "მაკრატელათი" ცდილობდა სტუმრების დამწუხრებას, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. ბოლოს მეტოქის კართან ზურგით მდგომი ბოლქვაძე ურტყამდა ძალზე სახიფათოდ და მცველებმა ბურთი კარის ზედ ხაზიდან მოიგერიეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
02.05. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 თედ. გრიგალაშვილი (43. გეწაძის პასით), 1:1 სიჭინავა (70. ლემონჯავას პასით)
სამტრედია (4-4-1-1): თევდორაძე - ბეჭვაია, თედ. გრიგალაშვილი, ხიზანიშვილი, კვირკველია - დოლიძე, გორგიაშვილი, დათუნაიშვილი (80. ბოლქვაძე), გეწაძე - იაშვილი (82. გაბედავა) - ი. კერძევაძე (67. კაპანაძე).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, თევზაძე, გურული
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა - გოგონაია, გურეშიძე - კაკულია (63. სიჭინავა), გიგაური (89. ბარამიძე), შენგელია - ჟიშკარიანი (81. ამბროლაძე).
სათადარიგოები: ძაგანია, ქორჩილავა, კაკულია, ჩადუნელი
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (54), გიგაური (65), თედ. გრიგალაშვილი (90)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 13
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXVII) ტური
8 მაისი, პარასკევი
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-შუქურა

9 მაისი, შაბათი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
გურია-სამტრედია
ტორპედო-სიონი
ცხინვალი-ზესტაფონი
ზუგდიდი-ჩიხურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული