რა ბედი ეწევა მომავალში "ზესტაფონს", რომელ ლიგაში ითამაშებს გუნდი, რა მეთოდებით აპირებს კლუბი ფეხბურთელების დავალიანებების გასტუმრებას?
ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს, რომელმაც არაერთი საინტერესო დეტალი გაგვიმხილა.
- მოგეხსენებათ, ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ გაირკვა, რომ გუნდი ვეღარ გააგრძელებს ასპარეზობას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. რაც
ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, აქცენტი კეთდება ინფრასტრუქტურის, ბაზის, სტადიონისა და ხელოვნურსაფარიანი მოედნის შენარჩუნებაზე. იოლი არ არის, მაგრამ ეს ნებისმიერ ფასად უნდა შევძლოთ.
ჩვენ ხელს არ ვუშლით ზესტაფონში არსებულ ბავშვთა საფეხბურთო ჯგუფებს, გამოიყენონ ჩვენი კლუბის განკარგულებაში არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. ასე მაგალითად, ხელოვნურსაფარიან მოედანს უპრობლემოდ იყენებენ ბავშვები. ამასთან ერთად, ჩვენ შექმნილ ურთულეს სიტუაციაში უპრობლემოდ განვიხილავთ ყველა კომერციულ შეთავაზებას, რომელიც ჩვენს საკლუბო ინფრასტრუქტურას შეეხება.
შექმნილი სიტუაცია გვაიძულებს, ყაირათიანად მოვეპყროთ იმ კაპიტალს, რომელიც კლუბში არის. ასე მაგალითად, ზესტაფონში არსებულ საფეხბურთო კლუბ "მარგვეთს" უნდა, რომ ჩვენს განკარგულებაში მყოფი ხელოვნურსაფარიანი მოედანი აიღოს იჯარით. ჩვენ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ. კლუბში უკვე შემოვიდა წერილი ასეთი სურვილით.
- როგორ შეაფასებდით საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილებას?
- როცა თვითონ ზესტაფონში, ამ გუნდის მშობლიურ ქალაქში, ხელმძღვანელობის მხრიდან არის ასეთი დამოკიდებულება, როცა არ არის გულისტკივილი, მაშინ არაფერი არ უნდა გვიკვირდეს. ჩემი აზრი ასეთია.
- როგორც შევიტყვეთ, უახლოეს მომავალში "ზესტაფონმა" უნდა მიიღოს 180 ათასი ევრო ლვოვის "კარპატისაგან". ვგულისხმობთ "დაუშვილის საქმის" ფინიშს. რა ხდება ამ მხრივ?
- დიახ, "კარპატიმ" ეს თანხა უნდა გადაიხადოს. უკვე აღარ არსებობს ინსტანცია, სადაც "კარპატი" ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მოკლედ, ეს თანხა უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ.
- ამ თანხით კლუბი, ალბათ, ფეხბურთელების დავალიანებას გაისტუმრებს...
- უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასე იქნება. მოგეხსენებათ, რა მასშტაბის ფინანსური პრობლემები იყო "ზესტაფონში".
- რა მდგომარეობაშია ამჟამად კლუბის ბაზა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი?
- ამ დროისთვის, სტადიონს შუქი არ მიეწოდება. ეს პრობლემაა. მიდის მუშაობა სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ბაზაზე, ისე სტადიონზე მუშაობს პერსონალი, უვლის ქალაქის საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, ამ ეტაპზე - მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომელ ლიგაში ითამაშებს "ზესტაფონი" მომავალ სეზონში?
- ჯერ მიმდინარე სეზონი უნდა დასრულდეს. ეს არის კითხვა, რომელსაც მომავალში ვუპასუხებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"