ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარება ყველა გულშემატკივარსა თუ საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელს სტკივა.
რა იმედს უკავშირებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრის პოსტზე საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის დანიშვნას და პირველ რიგში, რომელი პრობლემის მოგვარებას ელიან მისგან?
ამ კითხვით რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელს მივმართეთ...
5 წელიწადში შედეგი იქნება
გურამ რუხაძე, "ვიტ ჯორჯიის" პრეზიდენტი: - ჩემი აზრით, სამუშაო ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს. პირველი - კერძო და სახელმწიფო კლუბები თანაბრად უნდა დაფინანსდნენ. მეორე მიმართულება საკანონმდებლო ინიციატივები, ანუ შეღავათები უნდა იყოს, რაც
- კლუბების დაფინანსება სახელმწიფომ დაუსრულებლად უნდა გააგრძელოს?
- არავითარ შემთხვევაში! ინიექცია თავიდან იქნება საჭირო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგ სახელმწიფოს უფრო ნაკლები თანხის დახარჯვა მოუწევს. იმიტომ, რომ გაზრდილი ბიუჯეტით 3-5 წელიწადში კლუბები მოღონიერდებიან და ევროთასებზე უფრო შორს წავლენ, რაც დამატებითი ინვესტიციის წყარო გახდება.
- რას გულისხმობთ?
- უეფასგან მიღებულ მეტ შემოსავალსა და მისგან გამომდინარე ჯაჭვურ რეაქციას. წარმატებული გუნდი სტადიონზე მაყურებელს დააბრუნებს და ბიზნესისთვის საინტერესო გახდება.
ცხადია, მე ზოგად გზას ვგულისხმობ და საფეხბურთო კლუბის აწყობა ასე მარტივი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელიც არ მეჩვენება. მთავარი კი მაინც სახელმწიფოს ნაბიჯები უნდა იყოს - კლუბების დახმარებისა და საკანონმდებლო ინიციატივების გარეშე ჩვენს ფეხბურთს არაფერი ეშველება.
- რას ფიქრობთ ლექსო თოფურიას იდეაზე, რომ სახელმწიფო კლუბების მართვაზე ტენდერი გამოაცხადონ, რათა გარკვეული იყოს, კლუბებს ამა თუ იმ პიროვნებას რა კრიტერიუმით და რა პროგრამით ანდობენ?
- ეს საკმაოდ საინტერესო და სწორი იდეაა. ახლა კი ლამის არც ერთი კლუბი არავის აინტერესებს. ბიზნესმენს ერთ თეთრადაც რომ დაუთმონ, მაინც უარს იტყვის, რადგან ზედმეტი და გაუგებარი ხარჯია. და თუ იტყვიან, რომ კლუბი ერთი თუ რამდენიმეწლიანი ვადით გადაეცემა კლუბის მართვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც კლუბის ბიუჯეტს უკეთ და აზრიანად განკარგავს, ეს სხვა საქმეა. კერძო ჯგუფები ხომ ყოველთვის იმაზე ფიქრობენ, საქმე მომგებიანად აქციონ. შესაბამის გარემოში, მაქსიმუმ, 5 წელიწადში, მათი გასხვისება სავსებით რეალური იქნება.
რაც ევროპაში მიღებულია...
რევაზ ჩელებაძე, ქობულეთის "შუქურას" დირექტორი:- სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, ლევან ყიფიანი რომ წავიდა, რადგან ჩემთვის ძვირფასი ადამიანის შვილია და თავად ლევანიც ძალიან მიყვარს...
დაძაბული ვიყავი, სანამ სპორტის ახალი მინისტრის კანდიდატს წარადგენდნენ. ხომ შეიძლებოდა, რომ მოსულიყო ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი ნაკლებად უყვარს? ამიტომაც უზომოდ გამიხარდა, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელი რომ დანიშნეს.
ტარიელ ხეჩიკაშვილს ვიცნობ, როგორც გაწონასწორებულ და კარგ პიროვნებას, რომელმაც საფეხბურთო კლუბის მშენებლობა ნულიდან დაიწყო და ეს მასზე ძალიან კარგად მეტყველებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც ქართულ ფეხბურთს წაადგება, რადგან ფეხბურთის "გიჟია".
- მისგან რა პრობლემების მოგვარებას ელოდებით?
- უპირველესად, ჩვენ სახელმწიფოს მხარდაჭერა გვესაჭიროება და მჯერა, ჩვენს სატკივარსა და პრობლემებს მთავრობამდე მიიტანს და მოაგვარებს.
- რომელ პრობლემებს გულისხმობთ?
- მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთავარია, კლუბებს დაფინანსების საკითხი მოუგვარონ. ესაა მთავარი - ფეხბურთს სისტემატური მხარდაჭერა ესაჭიროება და არა - სპონტანური გადაწყვეტილებები. ეს ჩვენს მეზობელ თურქეთში გააკეთეს და კარგად ხედავთ, რა სიმაღლეზეც ავიდნენ.
საბიუჯეტო დახმარება ჩვეულებრივი ამბავია საფრანგეთში, გერმანიასა თუ ბელგიაში და ვერაფრით ამიხსნია, ჩვენთან ეს პრობლემად რატომ ითვლება?
თანხას ჩვენც დავამატებთ
ფრიდონ ინჯია, მარტვილის "მერანის" პრეზიდენტი:- ტარიელი ბიზნესმენი კაცია, დათვლა და შრომის ფასი იცის. იცის ისიც, ფეხბურთში რამხელა სახსრების დაბანდებაა საჭირო.
აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებს, კლუბების მეპატრონეებს დღევანდელი მძიმე ყოფა რომ შეუმსუბუქოს და ამით ფეხბურთის განვითარებას სერიოზული ბიძგი მისცეს.
ყველანი ვთანხმდებით, რომ თითოეული კლუბი, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი იქნება ის თუ კერძო, თანაბარ სასტარტო მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ.
არც ისაა სადავო, რომ ფეხბურთს სახელმწიფოსგან მეტი ყურადღება სჭირდება.
ჩემთვის გაუგებარი იყო, რაში გამოუყვეს ჭადრაკს 38 მილიონი? ამის მესამედი ფეხბურთისთვის, კლუბებისთვის დაერიცხათ, ჩვენც ცალკე კიდევ დავუმატებდით და იმ შედეგს მივიღებდით, რასაც ხალხი წლებია ელოდება...
მოკლედ, ჩემი აზრით, საჭიროა სახელმწიფო დონეზე ხელშეწყობა, პარლამენტთან სერიოზული მუშაობა... მხოლოდ ასე თუ ამოვისუნთქავთ.
ბიზნესი ფეხბურთს თავად ააწყობს
ბესიკ ჩიხრაძე, "გაგრის" პრეზიდენტი: - დიდი ხანია, საფეხბურთო კლუბები კონკრეტულ მოთხოვნებს ვაყენებთ და ისე გულგრილად გვეპყრობა სახელმწიფო, სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი აღარც მაქვს. მაგრამ ტარიელი ისეთი გულიანი და წესიერი ადამიანია, რომ მჯერა, ქართული ფეხბურთის უკეთესობისთვის არაფერს დაიშურებს.
სახელმწიფომ ფეხბურთს ყურადღება უნდა მიაქციოს, თორემ კლუბებს ძალიან გაგვიჭირდა - თუმცა "გაგვიჭირდა" კიდევ ის სიტყვა არ არის. უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა, რაც ბიზნესს ფეხბურთში მოიზიდავს. ტარიელი თავად ბიზნესმენია და იცის, რა გვტკივა და გვაწუხებს. იმედია, მოგვისმენს და ამ სატკივარს საფეხბურთო სამყარომდე მიიტანს.
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: სახელმწიფო კლუბებში მუშაობის ეფექტი ლამის ნულის ტოლია. საერთოდ, სახელმწიფო პროგრამაა საჭირო, ლოკალურ ვითარებაში კი ხელშეწყობა კერძო კლუბებს უფრო სჭირდებათ, ქართული ფეხბურთიდან ყველა ბიზნესმენი რომ არ წავიდეს.
სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებზე 20 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ეს ფული ყველაზე თანაბრად უნდა გაანაწილონ, რომ ფულის მოძიება და მენეჯმენტი ვისწავლოთ. სახელმწიფომ კი უნდა მისცეს ბიზნესს უფლება, რომ მოგების გადასახადის 10 პროცენტი არ გადაიხადოს და ისევ კლუბში ჩადოს. ამ 10 პროცენტის ფეხბურთში დაბანდების უფლებას თუ დაგვრთავენ, თანხებს მერე თავადაც მოვიზიდავთ.
ასე კლუბი ფულის მოძიებას ისწავლის, ფინანსურადაც გაძლიერდება, ახალი მენეჯერები გამოჩნდებიან და ახალი სისტემაც აეწყობა. მთავარია, ბიზნესს ფეხბურთისკენ გზა გაეხსნას და დამიჯერეთ, მერე ის ფეხბურთს თავად ააწყობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"