ბათუმის "დინამო": თბილისში მოვიგეთ და ახლა რატომაც არა?!

AutoSharing Option
დღეს, 9 მაისს, ქობულეთის "ჩელე არენაზე" ბათუმისა და თბილისის დინამოელთა შორის გასამართი დაპირისპირება არა მხოლოდ XXVII ტურის, არამედ, ჩემპიონატის ერთ-ერთი საკვანძო შეხვედრაა - გამარჯვებული ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს, მეორე კი ამ შანსს საკმაოდ შეიმცირებს.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები თბილისის "დინამოსთან" მოახლოებულ შეხვედრაზე:

ბექა მახარაძე, ბათუმის "დინამოს" მცველი, გუნდის კაპიტანი:
- თამაშისთვის განსაკუთრებული განწყობით ვემზადებით. ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს და მოგება ჰაერივით გვჭირდება. რეალურად, ამ შეხვედრაში გაირკვევა, ორი "დინამოდან" ჩემპიონობისთვის
ბრძოლას რომელი გააგრძელებს და პირველ-მეორე ადგილის საკითხშიც მეტი სიცხადე იქნება. თუ მოვიგებთ, ოქროს მედლებისთვის ჩვენ და "დილა" ვიბრძოლებთ.

- ამ შეხვედრის მოგება ძალიან რთული იქნება, რადგან თბილისელებისთვის ქულების დაკარგვა კატასტროფას გაუტოლდება...
- მესმის, მაგრამ ქულების დაკარგვის უფლება არც ჩვენ გვაქვს. შეგვიძლია თუ არა მათი დამარცხება, ეს წინა შეხვედრებშიც გამოჩნდა: "დინამოს" ყველა დიდ პატივს ვცემთ, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაა, მაგრამ თბილისში მოვუგეთ, ლიდერი გორის "დილა" კი ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ და ეს მაიმედებს, რომ 9 მაისის თამაშის მოგებასაც შევძლებთ.

- ყველა ფეხბურთელი მწყობრშია?
- სამწუხაროა, რომ "გურიასთან" შეხვედრაში ჩვენმა მეკარე მიშა ალავიძემ ხელი იტკინა და ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში, ალბათ, ვერ დაგვეხმარება. ჯერ ვერც ჩუენსუ და ჩირიკაშვილი თამაშობენ. თუმცა, ყველა დანარჩენი მწყობრშია და იმედია, სასურველ სამ ქულას მოვიპოვებთ.

ეგაა, მაყურებლის არყოფნა ძალიან გვაზარალებს. და არა მხოლოდ ჩვენ, საერთოდ, ამ შეხვედრასაც უარყოფითად დაეტყობა, რადგან ბათუმის "დინამოს" საქართველოში გამორჩეული ქომაგი ჰყავს.

თემურ შონია, ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი:
- თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი გუნდისთვის დიდი სტიმულია. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჯერ არ გარკვეულა, ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი და რეალურად, ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, როგორ განაწილდება საპრიზო ადგილები.

ვპირდები გულშემატკივრებს, რომ ბათუმის "დინამო" მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. მაგრამ დასანანია, რომ ჩვენს ქომაგებს ზეიმი წაართვეს და ცარიელი ტრიბუნების წინ მოგვიწევს თამაში.

გელა გოგიტიძე, ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი:
- ორი "დინამოს" დაპირისპირებას მთელი საქართველო ელოდება. თავისი მნიშვნელობით, ეს არა მარტო ტურის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრაა. ერთი სიტყვით, მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით.

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი თავისით არ მოსულა - თითოეული მატჩისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდით და მინდა დავარწმუნო ჩვენი ერთგული ფანები, რომ არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი.

ძალიან ცუდია, რომ თბილისელებთან დაპირისპირება ჩვენი ერთგული გულშემატკივრების გარეშე გვიწევს. თუ გავიმარჯვეთ, წარმატებას აუცილებლად მათ მივუძღვნით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გოგიჩ რა ჯაგაც იყავი იმ ჯაგა ფეხბურთს ათამაშებ ბიჩებს, როდის უნდა მოიგოოო.
vato
10:44 10-05-2015
0
დინამო თბილისი ზედა ექვსეულში, გოგიჩ ყოჩაგ.
alan
10:41 10-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული