11:55 11-05-2015
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 0:0 - "დილას" საქმე გაკეთდა [VIDEO]
AutoSharing Option
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრე არც ერთ გუნდს არ აძლევდა ხელს. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ორმა "დინამომ" გორის "დილას" საქმე გააკეთა.
ფეხბურთს არ უყვარს სიჩქარე. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ 99 პროცენტით "დილა" საქართველოს ჩემპიონია და ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სწორედ ქობულეთური მატჩის შედეგმა.
ორივე გუნდი წინა პლანზე აყენებდა შედეგს, მაგრამ მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა: თუ ასეთ შეხვედრებში ადგილ-ადგილ მაინც არ გარისკე, ისე სასურველ მიზანს ვერაფრით გამორჩები. აქ კი გუნდებმა მინიმუმამდე დაიყვანეს რისკი და, შესაბამისად, მიიღეს ნულები.
ამ შეხვედრას ბათუმელები მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდნენ. მხრის ტრავმის გამო მინდორზე გასვლა ვერ შეძლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მიხეილ ალავიძემ. აქვე უნდა ითქვას, რომ მის შემცვლელ შოთა მამინაშვილს თავი არ შეურცხვენია.
ყველაზე ამოდ საცქერი მატჩის დასაწყისი იყო. გუნდები აქტიურობდნენ. სტუმარმა მეტოქეზე პირველი მიძალება სამი კუთხურით დააგვირგვინა, მასპინძლები კი ორჯერ დაემუქრნენ ნიკა დაუშვილის კარს.
ჯერ იყო და, დიმიტრი ტატანაშვილმა ითამაშა დასწრებაზე, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა; მერე კი გელა გოგიტიძემ მძლავრი თავურით სცადა თბილისელთა კარის აღება, თუმცა - უშედეგოდ.
მწვავე იყო ოთარ კიტეიშვილის "გასროლაც". სტუმართა ცენტრალურმა ნახევარმცველმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა, თუმცა მამინაშვილმა შეძლო სიტუაციის განმუხტვა. ოთარს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბათუმელთა კიპერმა ამჯერადაც კარგად ითამაშა.
საგოლე მომენტი რასაც ჰქვია, პირველად ის მე-18 წუთზე შეიქმნა. შეტევაში ჩართულმა ვაჟა ტაბატაძემ კარგი პასი გაუკეთა კიტეიშვილს, რომელიც მშვენივრად გაერკვა სიტუაციაში და დაარტყა კიდეც, თუმცა ამ ეპიზოდშიც მამინაშვილი გამოვიდა გამარჯვებული.
მალევე, აქტიურად მოთამაშე ტაბატაძემ ტრავმა მიიღო. კახა გოგიჩაიშვილი იძულებული გახდა, მარჯვენაფლანგელი მცველი შეეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ოთარ კაკაბაძე ჩაერთო.
33-ე წუთზე გოგიტიძემ შორი მანძილიდან მოსინჯა დაუშვილის მზადყოფნა - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა მეკარე "მოსაკითხს" იოლად გაუმკლავდა. შემდეგი მომენტი ისევ ბათუმელებისა იყო. ვალერიან თევდორაძემ ჯარიმიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი ერთ-ერთ მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.
აი, მეორე ტაიმს კი გუნდების აქტივში ვერანაირად ვერ შევიტანთ. საკმარისია, აღინიშნოს, რომ პირველ 20 წუთში არც ერთ კართან არ შექმნილა არათუ საგოლე, არამედ ნახევარმომენტიც კი.
ბათუმის "დინამოს" სერიოზული შანსი მხოლოდ 70-ე წუთზე მიეცა. თბილისელებმა შეტევაში დაკარგეს ბურთი. ბორის მახარაძემ, ვინც მაღალ დონეზე ჩაატარა მატჩი, შესანიშნავი პასით ხელსაყრელ სიტუაციაში გაიყვანა გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც მაღალ სისწრაფეზე წაიღო ბურთი და, თითქოს, პირისპირ უნდა შეჰყროდა დაუშვილს, მაგრამ ლაშა თოთაძე წამოეწია. ეგ იყო, ბერიაშვილმა კარისკენ მაინც დაარტყა, მაგრამ თოთაძის ფეხიდან ბურთი კუთხურზე გადავიდა და სტუმრები გადარჩნენ.
საპასუხო შეტევისას კი ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა თბილისელთა შემტევი საბა ლობჟანიძე, ვინც კარში დარტყმაც მოახერხა, თუმცა მამინაშვილმა ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა.
დარჩენილ წუთებში ვეღარავინ გარისკა. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ქომაგობა კი მხოლოდ ერთხელ "გახალისდა", როცა მინდორზე გადაგდებულმა პეტარდამ ბათუმელთა საჯარიმო კვამლით დაფარა...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
09.05. ქუბულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 0:0
დინამო (ბთ): მამინაშვილი, მგელაძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მახარაძე, შონია, ქავთარაძე, გოგიტიძე (84. ვარშანიძე), თევდორაძე (75. ჭკუასელი), ბერიაშვილი, ტატანაშვილი (89. აბუსელიძე).
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, მაკარიანი, მუჯირი.
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
დინამო (თბ): დაუშვილი, ტაბატაძე (31. კაკაბაძე), თოთაძე, რენე ფერეირა, შერგელაშვილი, ჯიღაური (59. ს. ლობჟანიძე), ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, მანუელი (70. ჩირგაძე), ჭანტურიშვილი.
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ბუკორაცი, ვოლკოვი, ჯანელიძე
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: თოთაძე (62)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
მომდევნო (XXVIII) ტური
13 მაისი, ოთხშაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-ზუგდიდი
კოლხეთი-მერანი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
სამტრედია-დილა
შუქურა-ცხინვალი
ზესტაფონი-ტორპედო 0:3 (ტექ.).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული