11:45 14-05-2015
დინამო (თბ)-ზუგდიდი 7:0 - შესანიშნავი შვიდეული გამარჯვების დღისთვის [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც "ზუგდიდმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, გუნდმა ყველანაირი მოტივაცია დაკარგა. სხვანაირად ვერ ავხსნით ბესიკ შეროზიას გუნდის უსუსურ, ძალიან სუსტ თამაშს.
მასპინძლებმა ამ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ლაშა თოთაძე და ტრავმირებული ლაშა პარუნაშვილი მოისაკლისეს. სტუმრებს არ ჰყავდათ დისკვალიფიცირებული ლევან წურწუმია. ამას თან დაერთო ისიც, რომ მატჩისწინა მოთელვაზე ტრავმა მიიღო ძირითადმა მეკარე მინდია ბობღიაშვილმა და მის ნაცვლად კარში ვეტერანი მანუჩარ ივარდავა ჩადგა.
თამაში თავიდან ბოლომდე "დინამოსი" იყო. პირველივე წუთზე სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ გიორგი გველესიანის გოლი არ ჩათვალა - იქამდე, მასპინძლებმა თამაშის წესები დაარღვიეს ზუგდიდელთა საჯარიმოში.
მერე ივარდავამ ბავშვური შეცდომა დაუშვა გამოსვლაზე, თუმცა გიორგი პაპუნაშვილმა ახლო მანძილიდან ვერ შეაგდო - მისი დარტყმული მცველმა მოიგერია. ამის შემდეგ კი დაიწყო "დინამოს" გოლების ფოიერვერკი.
მე-15 წუთზე დინამოელთა სწრაფი შეტევა ფლანგური ჩაწოდებით გაგრძელდა. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ბურთს დროულად დაუხვდა და ანგარიში გახსნა.
გავიდა ორი წუთი და ზუგდიდელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა - ხელსაყრელ სიტუაციაში დარჩენილ საბა ლობჟანიძეს ივარდავამ არ გაატანინა, თუმცა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს პაპუნაშვილმა საგოლედ უთავაზა.
მე-20 წუთზე მათე ცინცაძემ დაარტყა ჯარიმა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ივარდავამ აკრობატულ ნახტომში იხსნა თავისიანები.
იქვე "ზუგდიდსაც" შეექმნა მომენტი. ლევან კუტალიამ თბილისელთა ერთ-ერთ უკანახაზელს მოპარა ბურთი და მარჯვენა მახვილი კუთხიდან პირისპირ შეეყარა დინამოელთა კარის დარაჯ ნიკა დაუშვილს. სტუმართა ნახევარმცველმა შორეულ კუთხეში კი დაუმიზნა, მაგრამ უშედეგოდ.
33-ე წუთზე "დინამოს" მესამე ბურთის გატანა მართებდა. გიორგი ჩირგაძე პარტნიორთა მიერ გათამაშებულ მრავალსვლიან შეტევას ვარდნაში აგვირგვინებდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის ავტორი ცარიელი კარის წინ გამჭოლ გადაცემას ვერ შესწვდა.
ტაიმის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე მესამე გოლი მაინც გავიდა - გიორგი ჯანელიძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ ჩირგაძეს ახლო მანძილიდან არ გასჭირვებია ივარდავას კარის აღება.
აქვე, "დინამოს" ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა დაუშავდა. მის ნაცვლად მინდორზე სერბი საყრდენი სტეფან ბუკორაცი შევიდა. "დინამომ" თამაში, ძირითადად, სამი მცველით განაგრძო, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა დაწინაურებული გუნდის შემტევი პოტენციალი.
მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში მინდორზე შედარებითმა სიმშვიდემ დაისადგურა. მე-60 წუთზე თამაშში აქტიურად ჩართულმა ლაშა კუკავამ მძლავრი თავური გაახერხა, მაგრამ ბურთი დინამოელთა კარის ძელს მოხვდა.
მერე ცინცაძემ ვერ გაიტანა. ეს იყო და, ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმოში იუხეშა კუკავას წინააღმდეგ. ბასლეჰლომ 11-მეტრიანი დანიშნა. ბურთთან ექსდინამოელი შოთა ლომია მივიდა და უძლიერესი დარტყმით მხოლოდ დაუშვილის კარის ხარიხა შეაზანზარა.
ამოქმედდა უძველესი საფეხბურთო კანონი და "დინამომ" მეოთხე შეაგდო. ჩირგაძეს ლამაზი გოლი გამოუვიდა - სტუმართა საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობისას კოხტად ჩააბზრიალა ბურთი ივარდავას კარში.
77-ე წუთზე "დინამომ" ისევ გაიტანა. შეცვლაზე შესული ოთარ კიტეიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ჯაბა ჯიღაური კი სიტუაციაში ყველაზე სწრაფად და უკეთ გაერკვა.
თამაშის დასრულებამდე კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა კიდევ ორჯერ იზეიმა გოლი. ჯერ ჭანტურიშვილმა მოატყუა ლამაზად ივარდავა, ბოლოს კი ისევ ჩირგაძემ გაიხარა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
13.05. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ზუგდიდი 7:0
გოლები: 1:0 ჭანტურიშვილი (15), 2:0 პაპუნაშვილი (17), 3:0 ჩირგაძე (40), 4:0 ჩირგაძე (66), 5:0 ჯიღაური (77), 6:0 ჭანტურიშვილი (80), 7:0 ჩირგაძე (90)
დინამო (4-5-1): დაუშვილი - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა (39. ბუკორაცი), შერგელაშვილი - პაპუნაშვილი, ცინცაძე (70. კიტეიშვილი), ჯანელიძე, ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (56. ჯიღაური) - ჩირგაძე.
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ჯაფიაშვილი, ვოლკოვი, ონვუ.
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ზუგდიდი (4-5-1): ივარდავა - მაჩაიძე, აკობია, პაჭკორია, რიგვავა (46. კუკავა) - მეგრელიშვილი, კობერიძე (46. დ. ქირია), კუტალია (73. ეხვაია), გუგუჩია, ენდელაძე - ლომია.
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, ფარჯიკია, ღონღაძე, ც. სამუშია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: კობერიძე (41), ბუკორაცი (48), შერგელაშვილი (65), მეგრელიშვილი (83), ეხვაია (86)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო.
ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 12
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
ბოლო ორი ტური
XXIX ტური
17 მაისი, კვირა
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-ზესტაფონი
გურია-დინამო (თბ)
მერანი-დილა
ტორპედო-შუქურა
ცხინვალი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
ზუგდიდი-სიონი
XXX ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
უმოტივაციო გუნდის დამარცხება არცაა გასაკვირი, სადაც მოსაგები იყო იქ გამოეჩინა დინამოს შვიდეული და ათეული, მაგრამ ქარტული ფეხბურთში რაა გასაკვირი
0
0
არ ვფიქრობ, რომ 7:0-ით მოგება ვაჟკაცების საქმეა. ფეხბურთს აქვს თავის საფეხბურთო ანგარიშები.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული