თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო სავარძელში 49 წლის სპეციალისტი უმცროს კოლეგა კახა გოგიჩაიშვილს შეცვლის. მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. გუშინვე "ლელო" გეგუჩაძეს შეეხმიანა:
"ვადასტურებ ინფორმაციას, რომ თბილისის "დინამოს" გავწვრთნი. დანარჩენზე ახლა ვერ ვისაუბრებ. 20 მაისს არის წარდგენა და ყველა კითხვას სწორედ ამ წარდგენის დროს ვუპასუხებ",
ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი "დინამოს" უკვე თავკაცობდა 2004-05 წლებში. სწორედ მას უკავშირდება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მიღწევა - მაშინ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, დინამოელებმა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს.
"დინამოს" გარდა, გეგუჩაძეს გაუწვრთნია "ზესტაფონი" და "ტორპედო", მუშაობდა საფეხბურთო კლუბ "გაგრაში". ბოლოს ის ისევ "ზესტაფონს" მოძღვრავდა, თუმცა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა.
რაც შეეხება "დინამოს" აწ უკვე ყოფილ დამრიგებელ გოგიჩაიშვილს, კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ლანჩხუთის "გურიასთან" კვირას ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ მიიღო.
ამ დროისთვის, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ქვეყნის თასის ფინალში "სამტრედიასთან" ჯახს ელის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"