"საბურთალო" უმაღლესს განახლებული სტადიონით შეხვდება - ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

AutoSharing Option
19 მაისს, სტადიონ "ბენდელაზე" უნიკალური ფაქტი მოხდა: უმაღლეს ლიგაში გადასულმა "საბურთალომ", პირველი ლიგის ბოლო მატჩი, ფაქტობრივად, ბავშვებით დაასრულა.

სამი ფეხბურთელის - იაშვილის, სოფრომაძისა და ჯიქიას გარდა, "სტუ-ნორჩი დინამოსთან" (2:0 "საბურთალოს" სასარგებლოდ) ყველა დანარჩენმა პირველ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

ახალბედა ფეხბურთელების უმეტესობა ჭაბუკთა და ელიტლიგებიდან (?!) დაიმატეს. მაგალითად, ძირითად შემადგენლობაში 14 წლის ვანო ოქროპირიძემ ითამაშა, მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი კი, რომელიც 15 წლის ახლახან გახდა, შეცვლაზე შევიდა.

საქმე ისაა, რომ ამ შეხვედრაში მასპინძლებს სხვადასხვა მიზეზით ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი აკლდათ. საქართველოს 19-წლამდელთა
ნაკრების შეკრებაზე არიან და ელიტრაუნდისთვის ემზადებიან მეკარეები - ბექა ქურდაძე და ლაზარე კუპატაძე, მცველები - ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ცოტნე ნადარაია, ნახევარმცველები - გიორგი ხარაიშვილი და ლადო მამუჩაშვილი, თავდამსხმელები - გურამ გოშთელიანი და გიორგი ხორხელი.

აღსანიშნავია, რომ მეკარე ოთო გოშაძეც თურქულ "ქასიმფაშაში" "საბურთალომ" გაანათხოვრა, ისევე, როგორც გიორგი თევზაძე - "სამტრედიაში".

"საბურთალო" უმაღლესი ლიგის პირველი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადების გეგმა უკვე შეიმუშავა. ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორიგი ჭიაბრიშვილმა გვითხრა:

- ფეხბურთელებს შვებულებაში გავუშვებთ, მაგრამ გაურკვევლობაში გვაგდებს ის ფაქტი, რომ ჩვენი 21 მოთამაშე ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს. 19-წლამდელები ნაკრებში 3 ივნისამდე იქნებიან, 17-წლამდელებში კი ვასიკო მაისურაძემ 10 მოთამაშე მიიწვია, 14 და 16 ივნისს პოლონეთთან ორ ამხანაგურ მატჩში სათამაშოდ.

ანუ ფეხბურთელები ასაკობრივი ნაკრებებიდან სხვადასხვა დროს დაგვიბრუნდებიან და, შესაბამისად, ჯგუფ-ჯგუფად მოუწევთ დასვენება. მაგრამ 18 ივნისს სამედიცინო შემოწმებას დავიწყებთ და ამის მერე მალე მზადებასაც შევუდგებით.

შეკრებას ჯერ თბილისში დავიწყებთ, 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე კი თურქეთში გავემგზავრებით და ოთხ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. თუმცა, ჯერ ადრეა და მეტოქეები არ გარკვეულა.

არაა გამორიცხული, იქვე მეხუთე სპარინგიც დავგეგმოთ. თუ 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე გავლენ, ცხადია, ამის გამო გეგმების კორექტირება მოგვიწევს. მაგრამ ნეტავ გავიდნენ და ჩვენ რამეს მოვახერხებთ.

- საინტერესოა "საბურთალოს" განათხოვრებული მოთამაშეების ბედი: თურქულ "ქასიმფაშას" მეკარე ოთო გოშაძესა და "სამტრედიაში" იჯარით გადასულ გიორგი თევზაძეს თუ დაიბრუნებთ?
- გოშაძე ძლიერი ლიგის გუნდშია და მშვენიერ გარემოში ვარჯიშობს. რაც მთავარია, თურქებს მოსწონთ და ხელშეკრულება რომ გაეფორმებინათ, ელოდებოდნენ, როდის გახდებოდა 18 წლის. ალბათ, ოთო "ქასიმფაშაში" დარჩება. რაც შეეხება თევზაძეს, დიდი ალბათობით, ის დაგვიბრუნდება. გიორგის ველაპარაკეთ და თავადაც ამის სურვილი გამოთქვა. მან "სამტრედიაში" მშვენიერი გამოცდილება მიიღო და ეს სამომავლოდ ძალიან წაადგება.

- გაძლიერებას თუ აპირებთ?
- ჩვენი კლუბის საკადრო პოლიტიკა ყველამ იცის - ვეყრდნობით საკუთარ აღზრდილებს. მაგრამ რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება, თან ერთი-ორი წლით, მაინც დაგვჭირდება. ლაპარაკია სულ 2-3 გამოცდილი მოთამაშის მოყვანაზე, რომელთაც უმაღლეს ლიგაში უთამაშიათ. არაა გამორიცხული, ლეგიონერებიც ჩამოვიყვანოთ. დარწმუნებული ვარ, მერე ეს საჭირო აღარ იქნება.

- გამოცდილი ზურაბ მენთეშაშვილიც გყავთ. დაიწყო მან ვარჯიში?
- დიახ, ვარჯიშობს, მოსამზადებელ ციკლს ჩვენთან ერთად გაივლის და მჯერა, რომ გაგვაძლიერებს.

- გაძლიერება ახსენეთ, მაგრამ მეორეცაა - "საბურთალოს" ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა და ყველას შეინარჩუნებთ?
- უმაღლეს ლიგაში გადასვლა ჩვენი უპირველესი ამოცანა არ ყოფილა და თუ ვინმეს რეალური წინადადება ექნება, ხელს ნამდვილად არ შევუშლით. ეს ბიჭები ხომ ისევ ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგნენ.

- კიდევ ერთი საკითხი: "საბურთალო" უმაღლესი ლიგის თამაშებს სად ჩაატარებს?
- ისევ "ბენდელას" სტადიონზე, რომელსაც პატარა რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. როდესაც ლიცენზირების კომისიის წევრები გვესტუმრნენ, გვითხრეს, რა ხარვეზებია გამოსასწორებელი.

მთავარია, მოედნის ბორტები სტანდარტებში ჩაჯდეს და ხაზებს შესაბამისი მანძილით დაშორდეს.

"ბენდელაზე" რეკონსტრუქცია მალე დაიწყება. კარის უკან კედლებს მოხსნიან, არსებულ სივრცეს აითვისებენ და ტევადობა 2000-მდე გაიზრდება. ჯერ ამის საჭიროება არ არის, თორემ ტრიბუნების 5 ათასამდე გაზრდის პერსპექტივაც არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სასიხარულოა რომ ამდენი კარგი ახალგაზრდა ჰყავს საბურთალოს მობურთალეებს, რომ ერთი სავარაუდოდ სიცოცხლისუნარიანი ახალი კლუბი იქნება უმაღლეს ლიგაში.
მაგრამ სამწუხაროა რომ ეს კლუბი თბილისიდანაა, რადგან მას მაყურებლის პერსპექტივა არა აქვს, ისევე როგორც ლოკომოტივს,ვიტ ჯორჯიას, ცხინვალს და იგივე დინამოს.
ყველას დედაქალაქში უნდა მაგრამ დედაქალაქში ფეხბურთზე უფრო პონტისათვის დადიან და არა საგულშემატკივროდ. ამიტომაც მაყურებელთა ოდენობა შეზღუდულია მთლიანობაში რამდენიმე ათასით. თბილისის ყველა მატჩებზე ერთად აღებული უფრო ნაკლები დადის ხალხი ვიდრე ლანჩხუთის სტადიონზე.ეს ხომ ფაქტია.
იქნებ ეს გაითვალიწინოს საბურთალოს მენეჯმენტმა ხომ მაყურებელ-გულშემატკივარი მართლა ჰყვდეს ამ კლუბს, რადგან ცოდვა არიან ეს ბავშვები უმაყურებლო სტადიონზე.
jango
09:48 22-05-2015
0
ჯანგო ნუ პროფესორობ დინამოს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს და დიდ სტადიონზე რომ ტარდება თამაშები არ ჩანს ხალხის დიდი რაოდენობა თორემ მარტო ფან კლუბი ყავს დინამოს 400 კაციანი და გასვლაზეც საკმაოდ ბევრი დადის დინამოს ფანები.
nuprofesorob
21:41 22-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული